"ჩემი შვილი უზომოდ ემოციურია და განსაკუთრებით ეშინია, როცა სისხლის ანალიზს უღებენ. ერთხელ კლინიკაში მოვხვდით და 20 წუთის განმავლობაში ტიროდა შიშისგან, როცა სისხლის უღებდნენ. საბოლოოდ დაბმულს აუღეს სისხლის საერთო...ანალიზის პასუხი რომ ვნახე, ის ღამე არ მძინებია და გამოვიტირე ჩემი შვილი... ზუსტად 2 კვირის თავზე კი ბავშვის ანალიზი სრულიად ნორმაში აღმოჩნდა... შეიძლება, რომ ემოციურ სტრესს გამოეწვია მაჩვენებლების შეცვლა?" - ეს შეტყობინება საიტზე ერთ-ერტმა მშობელმა მოგვწერა. დავინტერესდით ამ საკითხით და ზუსტი განმარტებისთვის სპეციალისტს მივმართეთ.
ხშირად, როდესაც ბავშვს სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა, ექიმთან ვიზიტი, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება სჭირდება, პროცესი განსაკუთრებით რთულია. ბევრი ბავშვი ტირის, განიცდის და შესაბამისი პროცედურის ჩატარება არ სურს. ამიტომ, მართლაც საინტერესოა, ახდენს თუ არა ლაბორატორიული ანალიზების შედეგზე გავლენას ბავშვის ნერვიულობა, ტირილი, ნემსის შიში, სტრესი და აქვს თუ არა საერთოდ ასეთ დროს პროცედურის ჩატარებას აზრი. თემაზე Mshoblebi.ge-ს ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე ესაუბრება:
- ნებისმიერ პატარას ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც, შესაძლოა, რუტინული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება დასჭირდეს, რაც ამა თუ იმ ტიპის პროცედურის განხორციელებას მოითხოვს. ეს გარდაუვალი პროცესი გახლავთ, რომლისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მშობელი და, რა თქმა უნდა, ბავშვიც მზად უნდა იყოს. ჩვილის ან პატარა ბავშვის კაპილარული სისხლის აღებისას სტრესმა, ტირილმა და ნერვიულობამ შესაძლოა, ტესტის შედეგებზე გავლენა მოახდინოს და თრომბოციტების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაზარდოს. თრომბოციტი გახლავთ სისხლის უჯრედი, რომელიც შედედების პროცესში მონაწილეობს. შესაძლოა თრომბოციტოზი გამოვლინდეს, რომლის მიზეზიც ტირილით გამოწვეული პერიფერიული სპაზმი, ანალიზის აღების დროს კაპილარული სისხლის ნაკადის თითიდან გამოსვლის სირთულე, ასევე თითზე ზეწოლა და მისი ხანგრძლივი მასაჟის მდგომარეობა იყოს. საგანგაშო არ არის, რადგან იმავე პაციენტში ვენური სისხლის აღებისას იგივე მაჩვენებელი სრულიად ნორმალურია, შესაბამისად, ვენური სისხლის აღება შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში უფრო ინფორმატიული იყოს.
- რადგან ანალიზის შედეგის მცირედით შეცვლის მიზეზი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა, გამოწვეული იყოს არა რაიმე კონკრეტული დაავადებით, არამედ მისი მიზეზი პროცედურისას დაფიქსირებული მოვლენები: ტირილი, აგზნება, წინააღმდეგობის გაწევა, სისხლის აღების პროცესში ბავშვის პროტესტის გამო პროცედურის სირთულე, პერიფერიული სპაზმი გახდეს - აღნიშნულის შესახებ შესაძლოა, ლაბორანტმა ექიმმა მკურნალ ექიმს შედეგების შესაძლო შეცვლის მიზეზების შესახებ შეატყობინოს, რომელიც, რეალურად, ხანმოკლე, ერთჯერადი და არასაგანგაშო გახლავთ.
- თუ საუბარია კლინიკური დიაგნოსტიკის პროცესში ლაბორატორიაში კვლევის ჩატარებისას გამოხატულ ბავშვის უარყოფით რეაქციაზე, ეს გადამოწმებას არ მოითხოვს, ანალიზის ჩატარების განმეორებით გადაწყვეტილებას იღებს ექიმი და დამოკიდებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მშობელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებლად გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რადგან არასაჭირო ლაბორატორიული კვლევები ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად აუარესებს.
- ქრონიკული სტრესი, ანუ დროში გახანგრძლივებული აღელვების მდგომარეობა იწვევს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, მომატებულია ფსიქო-ემოციური დაძაბულობის ნიშნები: ჭირვეულობა, აგრესიულობა, დეპრესიულობა, ძილის პრობლემები - დაძინების და ჩაძინების სიძნელე, მოუსვენარი ძილი, ძილში წამოყვირებები, ღამის კოშმარები; ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი; სომატური ჩივილები - მუცლის, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება და სხვა; ასევე სკოლაში აკადემიური მოსწრების გაუარესება, უგუნებობა, ინერტულობა. მსგავს შემთხვევაში, სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, ბავშვისთვის სათანადო დახმარების გაწევის სქემა და ლაბორატორიული კვლევების აღების საჭიროება გადაწყდება.
- აუცილებელია ბავშვი ვიზიტის შესახებ წინასწარ იყოს ინფორმირებული. გაუჟღერეთ ყველაფერი, მაგალითად: "ჩვენ მივდივართ შენს საყვარელ ექიმთან, რომელიც დაგეხმარება, რომ უკეთ გახდე." ძალიან ბევრი ესაუბრეთ, რომ პროცედურა არ არის მტკივნეული. საუბარია იმ ასაკის ბავშვზე, რომელსაც ჩვენი გაგება შეუძლია. რაც შეეხება ჩვილებს, რომლებთანაც არა იმდენად პროცედურის, არამედ უცხო ადამიანის შიშია წამყვანი, აქ შედეგი ექიმზე და თავად პროცესზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხდება მათი შეხვედრა. ექიმისა და ბავშვის პირველი შეხვედრა თანდათანობით, შეგუებით, მშვიდი ტონით უნდა მოხდეს, ვიყენებთ სათამაშოებს, წიგნებსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობას. თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვის დამშვიდებას მაინც ვერ ვახერხებთ, მწვავე კრიტიკული მდგომარეობის დროს, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაგრძელდეს. ბავშვები, ძირითადად, სწორი მიდგომით მალევე მშვიდდებიან. ხოლო, თუ რეაქცია ისტერიულია და კოლაფსამდე, სუნთქვის შეკავების ეპიზოდამდე და სხვა ძალიან მწვავე რეაქციამდე მიდის, პროცედურა დროში უნდა გადავადდეს და ბავშვის დამშვიდების შემდეგ განმეორდეს.
- შიში ფიზიოლოგიური ემოციაა. ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამის ეშინიათ. მათ შორის, ექიმის შიშიც მძაფრია, რადგან ეს მათი აღქმით, მტკივნეულ პროცედურასთანაა დაკავშირებული. საუბარია სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებზე. მოზარდებში კი მთავარი შიში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება, რასაც ექიმთან ვიზიტამდე, თუ ვიზიტის დროს განიცდიან.
რადგან ბავშვი თამაშით სწავლობს და ვითარდება, სასურველია, მის საგანმანათლებლო პროგრამაში "ექიმობანას" თამაშიც იყოს ჩართული, რომელიც ექიმის როლს დადებითად წარმოაჩენს. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ექიმთან ვიზიტის აუცილებლობის და მისი საჭიროების შესახებ ბავშვის წინასწარი ინფორმირებაა. მოზარდებში კი მშობელს ასევე სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ვგულისხმობ იმას, რომ მშობელი უნდა შეეცადოს, როდესაც ბავშვი ავადაა, ზედმეტი ემოცია არ გამოხატოს, რადგან ჩვენი გულწრფელი ემოციით შესაძლოა, ბავშვი დავსტრესოთ.
- ხშირი ტირილის, გაღიზიანების მიღმა შესაძლოა, სხვადასხვა ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიური დარღვევა იმალებოდეს. პირველ ეტაპზე, ექიმ-ნევროლოგის კონსულტაციაა საჭირო, რომ ქცევითი თუ განვითარების სხვა დარღვევები გამოირიცხოს. შემდგომ კი, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთოს.