ანჯელინა ჯოლიმ WSJ-სთვის მიცემულ ახალ ინტერვიუში ბრედ პიტთან განქორწინების შედეგებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, მისი ცხოვრება ამის შემდეგ ძალიან შეიცვალა.
"განქორწინების შემდეგ რაც მოხდა არის ის, რომ თავისუფლად ცხოვრებისა და მოგზაურობის შესაძლებლობა დავკარგე." - ამბობს ანჯელინა ჯოლი. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას კამბოჯაში გადასვლა და იქ ცხოვრება სურდა, თუმცა ეს პროცესი შენელდა.
ანჯელინა აღნიშნავს იმასაც, რომ ჰოლივუდი არ მოსწონს და მას "ჯანსაღ" ადგილად ვერ აღიქვამს. ჯოლი ამბობს, რომ ჰოლივუდის გვერდი გაიზარდა და მას მნიშვნელოვან, ან შთამბეჭდავ ადგილად არ თვლის.
ანჯელინა ჯოლი აღნიშნავს იმასაც, რომ პროფესიას თავიდან რომ ირჩევდეს, მსახიობის კარიერას აღარ აირჩევდა. მსახიობი ინტერვიუში ამბობს, რომ არ მოსწონს, მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანი რომაა და ყველას ყურადღება რომ მისკენაა მიმართული.
"როდესაც პირველად ამ სფეროში მოვხვდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცნობილი გავხდებოდი და ამდენი რამის გაზიარება მომიწევდა." - ამბობს ჯოლი.
აღსანიშნავია, რომ იგი მსახიობ ჯონ ვოიტისა და მარშელინ ბერტრანის ოჯახში დაიბადა.
ჯოლი ამბობს, რომ ახლა მას "სოციალური ცხოვრება" თითქმის არ აქვს. ცოტა მეგობარი ჰყავს და შვილებთან განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს. გარდა იმისა, რომ ახლობელ ადამიანებზე ზრუნავს, ჩართულია საქველმოქმედო საქმეებში, ლტოლვილებს ეხმარება და ურთიერთობა აქვს იმ ადამიანებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ:
"ადამიანები, რომლებიც სირთულეებსა და გაჭირვებას შეხვდნენ, ბევრად უფრო პატიოსნები და კომუნიკაბელურები არიან და მათთან თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. იცით, რატომ მიყვარს გადარჩენილ ადამიანებთან დროის გატარება? მათ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ნახეს და ადამიანობის ძალა შერჩათ."
ანჯელინა ჯოლი ამბობს, რომ ახლა ნიუ-იორკში მაღაზიის გახსნაზე მუშაობს და აპირებს, რამდენიმე ლტოლვილი დაასაქმოს.
ჯოლი აღნიშნავს, რომ ბრედ პიტთან განქორწინების 7-წლიანი პროცესი მტკივნეული და დამაზიანებელი აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 5 ფილმში ითამაშა და ამბობს, რომ "ყველაფრისაგან განკურნება და გათავისუფლება" სჭირდება. ანჯელინა სამსახიობო კარიერაზე უარის თქმაზეც ფიქრობს, თუმცა მუშაობას მაინც გააგრძელებს.