ამ ამბავმა თავის დროზე მთელი ამერიკა აალაპარაკა. 2009 წლის 15 ოქტომბერს, რიჩარდ ჰინმა, რომელიც არშემდგარი მსახიობი იყო და ოჯახის შექმნის შემდეგ ხან სახალისო ვიდეოებს იღებდა და ხან გამომგონებლობდა, საჰაერო ბურთი შექმნა. გადაწყვიტა, ეს ბურთი გამოეცადა და თან, ვიდეოზე გადაეღო ყველაფერი.
როცა ჰელიუმით გავსებულ ბურთს ასაფრენად ამზადებდა, მის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე და ორი ვაჟი, მესამე კი, 6 წლის ფალკონი, არსად ჩანდა. როგორც ვიდეოზე ჩანს, ბურთი იმაზე ადრე აფრინდ, ვიდრე ამას რიჩარდი ელოდა და ოჯახის უფროსმა გინებაც კი დაიწყო და საყვედურები, თუ რატომ არ დაამაგრეს კარგად თოკებით... ამის მერე კი ვითარება სრულიად იცვლება, როცა ერთ-ერთი ბიჭუნა მოულოდნელად ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ დაინახა, უმცროსი, ფალკონი როგორ შეძვრა ბურთში... ამ აღიარებას მოჰყვა პანიკა, მშობლებმა მაშინვე დარეკეს 911-ზე და აფრენილი ბურთის მოსახელთებლად დაწყებულ ოპერაციაში ქალაქ ფორტ-კოლინზის მთელი სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარება ჩაერთო. დიდი სისწრაფით მფრინავ ბურთს უკან მიჰყვებოდნენ მანქანებით, კამერებით, ეს ყველაფერი ტელევიზიით გადაიცემოდა და მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს სამაშველო ოპერაციას. პარალელურად სპეციალისტები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რამდენად გაუძლებდა საჰაერო ბურთი 6 წლის ბავშვის სიმძიმეს, ან რამდენად გაჩერდებოდა ბავშვი მფრინავ ობიექტში ამდენ ხანს...
საბოლოოდ, დაახლოებით საათ-ნახევრისა და 100 კილომეტრის გავლის შემდეგ, ბურთმა ნელ-ნელა ჰელიუმისგან დაცლა და ჩაფუშვა დაიწყო და უდაბურ ადგილას დაეშვა. მაშველებს კი, რომლებიც ადგილზე გაჩნდნენ მაშინვე, ბურთი ცარიელი დახვდათ. სანამ მაშველები და პოლიციელები არკვევდნენ, ბავშვი ფრენის დროს ხომ არ ჩამოვარდა ბურთიდან, მოულოდნელად ის სახლში აღმოაჩინეს - საწყობში დიდ ყუთში დამალული...
ამბის ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. მას მერე, რაც ყველამ ამოისუნთქა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, ახალი სკანდალი აგორდა - ჰინების ოჯახი შოუს დადგმაში და თაღლითობაში დაადანაშაულეს. ეჭვობდნენ, რომ არშემდგარმა მსახიობებმა (ცოლ-ქმარმა ჰინებმა), რომლებიც გიჟდებოდნენ შოუებზე, ეს შოუც თავად დაგეგმეს და მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრეს.
ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა სულ ცოტა ხანში ოჯახის სტუმრობამ "სიენენ"-ზე, სადაც ფალკონმა შეკითხვაზე, თუ რატომ დაიმალა ამდენი ხნით, მოულოდნელად უპასუხა, რომ მშობლებმა დაავალეს, ასე მოქცეულიყო.
სულ მალე საქმე აღიძრა და სასამართლო პროცესებიც გაიმართა. რიჩარდ ჰინი დამნაშავედ ცნეს და 90 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს, იაპონელ მაიუმი ჰინს - 20 დღით პატიმრობა. ასევე ოჯახს 36 ათასი დოლარი დააკისრეს ჯარიმის სახით და საჯარო, ოფიციალური ბოდიშის მოხდა ყველა იმ უწყებისთვის, ვინც ჩართული იყო ბავშვის ძებნა-გადარჩენის პროცესში. ასევე აუკრძალეს ნებისმიერი მოგების მიღება სიცრუის მეშვეობით, შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში.
სასამართლო პროცესზე რიჩარდის ცოლმა ისიც აღიარა, რომ ორი კვირა გეგმავდნენ ამ "გათამაშებას", ბავშვებსაც დაავალეს, ეცრუათ, რათა ოჯახის მიმართ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ და ეს მომავალში გამოეყენებინათ.