58 წლის ინგლისელმა ქალმა, კიმ ჩოუნმა, ბავშვობის საშინელი დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მით უფრო, რომ გოგონას პედოფილი მამა - ფრენსის ბომონტი, ცნობილი მიკრობიოლოგი და მასწავლებელი იყო. მას დიდ პატივს სცემდნენ, საზოგადოებაშიც დაწინაურებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა საკუთარ შვილს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. იმის ნაცვლად, რომ ბავშვისთვის მხარი დაეჭირა, საჩუქრები ეჩუქებინა და ბედნიერი ბავშვობა მოეწყო, გოგონას აუპატიურებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
ახლა კიმ ჩოუნი ბედნიერი ცოლი, დედა და ბებიაა. სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა და საკუთარი თავი სხვების დახმარებას მიუძღვნა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ტრავმული მოგონებები არ შორდება.
კიმის მშობლები 1960 წელს დაქორწინდნენ და გოგონამ ცხოვრების პირველი წლები ნიგერიაში გაატარა. წყვილი 1968 წელს დაშორდა - კიმის დედამ ოთხი შვილი წაიყვანა და მათთან ერთად ინგლისში დაბრუნდა. გოგონა 11 წლის იყო, როდესაც მამამ დედამისისგან წამოუყვანა და აფრიკაში წაიყვანა. თავდაპირველად, თქვა, რომ ბავშვს იქ მხოლოდ არდადეგების პერიოდში დატოვებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი წლების განმავლობაში იქ გაეჩერებინა...
ფრენსის ბომონტი, ასევე ცნობილი, როგორც ბერნარდი, წარმატებულ კოლეგებთან და თანამშრომლებთან საკუთარ მიდრეკილებებს ოსტატურად მალავდა და კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.
ოჯახში კი არანორმალურად იქცეოდა. მეცნიერი საკუთარ შვილს აიძულებდა, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიეღო, ჩაეცვა, როგორც ზრდასრულ ქალს და შემდეგ მასზე სექსუალურად ძალადობდა.
"მამაჩემი მაიძულებდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამეცვა. საშინელი რიტუალები ჰქონდა. მთვრალი ჩემზე ძალადობდა და ამავდროულად, პინკ ფლოიდის ჩანაწერს უსმენდა უსასრულოდ. მე კი ვდგებოდი, ფორმას ვიცვამდი და სკოლაში მივდიოდი. ის საწოლში იწვა და ეძინა. მემუქრებოდა, თუ ვინმესთან რამეს ვიტყოდი, მჟავას შემასხამდა და მომკლავდა." - იხსენებს ქალი.
კიმი 15 წლის ასაკში დაორსულდა - მიუხედავად იმისა, რომ მამა აიძულებდა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები გამოეყენებინა. აფრიკაში მაშინ აბორტის გაკეთება აკრძალული იყო. ამიტომ, როგორც ქალი ამბობს, აბორტი მამამ გაუკეთა...
"პირველი აბორტი მამაჩემმა თავად გამიკეთა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისევ დავორსულდი, მან გადაწყვიტა, რომ ბავშვი დაეტოვებინა და ბედნიერი ოჯახის იმიტაცია შეექმნა. მორიგი აბორტის გაკეთება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ არც შვილის გაჩენა მინდოდა, ამიტომ ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ პროცედურა ჩაეტარებინა." - იხსენებს ქალი.
მოგვიანებით მამამ გოგონას უფლება მისცა, რომ ინგლისში დაბრუნებულიყო, თავად კი ბრუნეიში მიკრობიოლოგის თანამდებობა მიიღო. კიმმა იფიქრა, რომ ეს კოშმარი დასრულდა, თუმცა მამაკაცი იმდენად იყო შეპყრობილი, საკუთარი საქმიანობა მიატოვა, თავადაც ინგლისში ჩავიდა და საკუთარი მაღაზია გახსნა.
როდესაც კიმი 21 წლის გახდა, ის მომავალ მეუღლეს, ჯონათანს შეხვდა. ამ შეხვედრამ ქალი ძალადობისა და ტანჯვისაგან საბოლოოდ გაათავისუფლა.
წყვილი 1991 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ. ქალს ახლა შვილიშვილიც ჰყავს. კიმმა მსოფლიოს საკუთარი ისტორიის შესახებ მხოლოდ 2015 წელს უამბო. ქმარმა დაარწმუნა, რომ სასამართლოსათვის უნდა მიემართა. მაშინ მამამისი 82 წლის იყო. კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კიმის თქმით, ამ ამბის საჯაროდ გამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დაეხმაროს. ახლა ის ინგლისში ცხოვრობს, აქვს საკუთარი ბიზნესი და ბედნიერია.