მცირეწლოვან შვილებთან გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათთან დაახლოებასა და დამეგობრებაში გეხმარებათ. თუმცა ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ შვილებთან გატარებული დროის ხარისხის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანგრძლივობა. თანამედროვე ადამიანების გადატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე შეიძლება ყოველდღიურად ბავშვებთან დიდი დროის გატარება ვერ მოახერხოთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ. მთავარია, დღეში თუნდაც 1 საათი დრო ნაყოფიერად გაატაროთ. ჩვენ კი გირჩევთ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებსა და უფროსებს განსაკუთრებით აახლოებს.
ხელსაქმე ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმეში უფროსებთან ერთად არიან ჩართული. ხელსაქმე მეტად მრავალფეროვან საქმიანობას მოიცავს, ეს შეიძლება იყოს ფერადი ფურცლებით მარტივი ფიგურების გაკეთება ან შედარებით რთული - ძაფებით თოჯინების ქსოვა და მძივებით სხვადასხვა აქსესუარის გაკეთება. ხელსაქმე ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, ბავშვი მუდმივად რაღაც ახალს აკეთებს, გამოწვევებს უმკლავდება და აანალიზებს, რომ შედეგის მისაღებად შრომაც აუცილებელია, მას უვითარდება მოტორიკა და მოთმინება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვი ყველაზე მეტს თამაშის დროს სწავლობს. ამ დროს ვითარდება, ახალ უნარებს იძენს, ერთობა. თამაშში გატარებული დრო კი ბავშვებსა და უფროსებს ძალიან აახლოებს, რადგან ამ დროს პატარები დიდებსაც თავის თანასწორებად და მეგობრებად აღიქვამენ. მათ მიმართ უყალიბდებათ ნდობა, რაც გულწრფელი ურთიერთობის საწინდარია.
აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ თამაშებიც. ძალიან კარგია ე.წ. როლური თამაშები და სამაგიდო თამაშები. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ „თოვლის გუნდას“ სამაგიდო თამაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა გონების გასავარჯიშებლად. მასში მთელ ოჯახს შეუძლია ჩართვა, რადგან თამაში 2-6 მონაწილეზეა გათვლილი. თოვლის გუნდა რომ არ დადნეს, მოთამაშეებმა მას თოვლის გუნდები უნდა მიუტანონ. ვინც ყველაზე სწრაფად მიუტანს, გამარჯვებულიც ის არის. ეს კონკრეტული თამაში ბავშვებისთვის თავად პერსონაჟის გამოც ძალიან საყვარელია. ვის არ ენდომება ყველასთვის საყვარელი გუნდას გადარჩენა? უფროსებს კი ბავშვობის მოგონებებს უღვიძებს. ითამაშეთ და გაერთეთ გუნდასთან ერთად. ეს პროცესი მართლაც უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს შეგიქმნით.
ბავშვები სამზარეულოში მუშაობის პროცესში ჩართეთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს სერიოზული საქმე. დაავალეთ მას მწვანილი დაჭრას ან მარცვლეული გარეცხოს. მიეცით პატარა თასი და ფქვილი და თავად მოზილოს ცომი. თითოეული ასეთი აქტივობა ბავშვებს ძალიან ახალისებს, ამავდროულად, სასარგებლო საქმის კეთებასაც აჩვევს. ეს კი მათთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. ბავშვები სამზარეულოში უფროსებთან ფუსფუსით გუნდურ მუშაობასაც სწავლობენ.
წინასწარ შეადგინეთ მენიუ ბავშვთან ერთად, წადით პროდუქტების საყიდლად და შემდეგ კი ერთად გააკეთეთ კერძი.
კითხვა ბავშვს პატარაობიდანვე უნდა შეაყვაროთ. ყოველდღიურად გამოყავით კონკრეტული დრო, „კითხვის საათი“, რომელსაც კითხვას დაუთმობთ. თავდაპირველად, თქვენ წაუკითხეთ წიგნები, ვიდრე თავად ისწავლიან კითხვას. შემდეგ ერთად იმსჯელეთ წაკითხულზე, დაახასიათეთ გმირები, მოიფიქრეთ ამბების სხვაგვარი გაგრძელება. ეს ყოველდღიური პროცესი მათ კარგ მკითხველებად ჩამოაყალიბებს.
R