ახალი წელი გვიახლოვდება და ბევრი ადამიანი სადღესასწაულო სუფრის გასაწყობად ემზადება და სხვადასხვა პროდუქტის მომარაგებას აპირებს. გაძვირებული ფასები, ბუნებრივია, ამ პროცესზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები შემცირდა.
ამის მიუხედავად, ადამიანები სიძვირესა და ხარჯების დაზოგვაზე ჩივიან და აღნიშნავენ, რომ შეძენა მაინც დიდი ტვირთია.
Mshoblebi.ge-ს გვერდზე დავსვით შეკითხვა და ადამიანებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ, რამდენად სწვდებიან სადღესასწაულო ხარჯებს, რაზე აპირებენ ეკონომიის გაკეთებას და რას ფიქრობენ ფასებთან დაკავშირებით.
- არაფერსაც არ ვამზადებ. საჭმელი, როგორც ყოველდღიური, ერთ დღეს მივახარჯავ და მერე მთელი თვე უფულოდ ვრჩები... ახალი წელი იმისია, ვისაც "მოჰყვება ხელს"... თუმცა, მაგათთვის სულ ახალი წელია, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს...
- გასაოცარია, ღმერთმა ყველას მისცეს, სულ წუწუნებენ და ბაზარში ვერ გაივლი - სულ გადაჭედილია ხალხით ბოლო დღეებში.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი, პესიმისტები შორს ჩემგან. არ მჩვევია წუწუნი და შესაბამისად, ვერ ვიტან თავზე რომ დამტირიან. შობა არის მთავარი და არა ახალი წელი. ჩვენთან უკუღმა ხდება ყველაფერი, როგორც ყოველთვის. არც არაფრის მომზადებას ვაპირებ, დავიღალე - სუფრა გაშალე-აალაგე… შემოვიფარგლები მხოლოდ ტკბილით, ნერვი აღარ მაქვს მზადების.
- ჩემი ნება რომ იყოს, ახალ წელს მხოლოდ გოზინაყითა და წითელი ღვინით შევხდებოდი. ვფიქრობ, რაც ქართველებმა ვიცით სუფრების შლა, ზედმეტია.
- ახალი წელი მარხვაა, ვმარხულობთ.
- არაფერს არ ვაკეთებ ახალ წელს - როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე, ისე ვხვდები, უკვე 7 წელია. გავაცნობიერე, რომ ტყუილად ზედმეტი ხარჯი და ოფლის ღვრაა. ახალ წელს უფრო ბავშვებისთვის ვემზადებოდი და როცა ჩემმა უფროსებმა პატარას უთხრეს, თოვლის ბაბუა არ არსებობსო, აღარც საჩუქრებს არ ვყიდულობ. რა ვიცი, ბევრს უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ 5 თვის მარაგი ერთი დღისთვის რატომ უნდა დავხარჯო.
- მაღაზიაში რომ შევდივარ, ისეთი განცდა მემართება, თითქოს, რამე უბედურება ხდება და მე არ ვიცი. ხალხი გამწარებული იმარაგებს ყველაფერს. ეზიდებიან და ეზიდებიან... რა გაჭირვება, რა უფულობა. ლამისაა მთელი პროდუქტი გაიტანონ.
- აბა, გაძვირებული ცხოვრება დამანახეთ, ასი ათასი მანქანა 3-ლარიან ბენზინს ასხამს ყოველ დღე და ქალაქში კოლაფსს ქმნის, ბაზრობებზე ნემსის ყუნწი ვერ ჩავარდება... შევეშვათ წუწუნს, ნამდვილად განცხრომაში ვართ, ბოლო დონის გვაქვს ერთმანეთის ჯინაზე ყველაფერი! "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!”
- ბანკის ვალებს დაიდებს ხალხი, არ იდარდოთ. მაგიდაზე არ მექნება ინდაურის ხორცი, არც შემწვარი გოჭუნია, ზურგზე რომ აქვს ბორცვი. მე შევხვდები მომავალ წელს მურაბით და ჩაით. იმიტომ რომ მარხვებია. ვერ გაიგეთ წაით...
- ჯერ ხარჯე მთელი თვის ბიუჯეტი, მერე კეთებით მოიკალი თავი და მერე "ჭამე, ფუჭდებას" ძახილით... გოზინაყი და მისი ჯანი.
- რა ვიცი, გაძვირებული ცხოვრება არ ეტყობა ბაზრობებს,მოლებს, ჰიპერმარკეტებს. რას ყიდულობს ეს ხალხი ამდენს მიკვირს.
- არ ეტყობათ უფულობა იმიტომ, რომ ემიგრაციაში წასული ხალხი აფინანსებს თავის ოჯახებს. უკანასკნელ კაპიკს არ იტოვებენ, რომ ოჯახები გაახარონ. მაგრამ, ვისაც არ ყავს ემიგრაციაში ვინმე, მათი ყოფა იკითხეთ.
- ამ გაძვირებული ცხოვრების ფონზე, მთლად გახელდა ეს ხალხი. ტევა არაა მაღაზიებში და თუ ფასდაკლებებია, მტრისას, მოკლავენ, ერთმანეთს თავზე ახტებიან.
- ყველა მაღაზიასა და სუპერმარკეტში კილომეტრიანი რიგებია და რა ვიცი, ვის უჭირს.
- მივუსხდებით ცარიელ სუფრას და ეგ იქნება.
- მთელი რიგი პროდუქტები გაიაფდა ბოლო თვეებში, მაგალითად, ზეთის ფასი განახევრდა
- მე ტკბილეული მაქვს ხოლმე, ხილი, ნამცხვარი, გოზინაყი, შამპანური. მარტო ვართ მე და ჩემი ქმარი ბავშვთან ერთად და არც ქეიფების და სუფრების მოყვარულია, ამიტომ არც გვეხარჯება ბევრი. სადილს ისედაც ვაკეთებ და ასედაც და ახალ წელს 1-2 თავ საახალწლო სადილს ვაკეთებ, არაფერს განსაკუთრებულს. გოჭს და ინდაურს ნამდვილად არ ვყიდულობ და ნაირ-ნაირებს არ ვამზადებ. გადასაყრელი რომ უხდებათ მერე, მე მაპატიეთ, ნამეტანი მუცლის მონობა მგონია. მთავარია განწყობა!
- საშინელი ფასებია. ეკონომიით ყიდულობს ხალხი ყველაფერს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის კატეგორიაზე, ხილსა და ყურძენზე, ასევე, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, თევზეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე მცირედით შემცირდა.
ხოლო, ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მცირედით გაიზარდა ყავის, ჩაის, კაკაოს, რძის, ყველისა და კვერცხის, მინერალური და წყაროს წყლის, ნატურალური წვენების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების კატეგორიაში. სამსახურის ცნობით, ფასები დაახლოებით, 0,5-0,6%-თაა გაზრდილი.