ორთოპედი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა იწვევს ყველაზე ხშირად ხერხემლის დეფორმაციებს და რა უნდა გააკეთოს მშობელმა საპროფილაქტიკოდ, რომ ბავშვი სამომავლოდ სხვადასხვა გართულებისაგან დაიცვას:
- ხერხემლის დეფორმაციებიდან ყველაზე ხშირია: სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი, რომლებიც ბავშვთა ასაკიდან იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანია, დაავადება ადრეულ ასაკში აღმოვაჩინოთ. რაც უფრო ადრეულ ასაკში აღმოვაჩენთ, მისი მკურნალობა ნაკლები ჯდება და გართულებებიც უფრო ნაკლებია.
ყველაზე მთავარი ნიშანი, რომლის დროსაც მშობელი უნდა მიხვდეს, რომ პრობლემაა, ვიზუალური ცვლილებაა: როდესაც მშობელს ხერხემლის ფორმა არ მოსწონს, მხრების ასიმეტრია, თავის არასწორი დგომა, მენჯის, კუნთების ასიმეტრიაა გამოხატული, აუცილებლად, პირველ რიგში, ორთოპედს უნდა მიმართოს.
გარდა ამისა, როცა ბავშვი სკოლაში შედის, ძალიან კარგი იქნება, თუკი 6-7 წლის ასაკში პროფილაქტიკის მიზნით, ორთოპედთან მივიყვანოთ. თუ დაინერგება ის ჩვევა, რომ წინასასკოლო პერიოდში ბავშვი ორთოპედიულად გაისინჯოს, იდეალურია.
პრობლემა უფრო ხშირად გოგონებშია გამოხატული. სტატისტიკურად, ხერხემლის პათოლოგიების, სქოლიოზის კუთხით, 10 გოგონაზე 1 ბიჭი მოდის. არსებობს პერიოდი, როცა შეიძლება, პრობლემა გართულდეს: 8-დან 10 წლამდე, გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 წელი, ბიჭებში წვერ-ულვაშის წამოსვლიდან 2 წელი. ეს პერიოდი ყველაზე საყურადღებოა, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს. მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ პროფილაქტიკურად 6-7 წლის ასაკში შევამოწმოთ.
ფეხბურთი, სპორტული ტრავმა საქართველოში ძალიანაა გავრცელებული. ბავშვებში სწორი დატვირთვა უნდა განისაზღვროს. ძალიან ხშირია, როცა მაღალი, შეუსაბამო დატვირთვაა. ასეთი შემთხვევები ძალიან მომრავლდა. ყველას უნდა სპორტული აქტივობა, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სწორად განვსაზღვროთ და გავითვალისწინოთ, როგორ შეუძლია ბავშვს, დაიტვირთოს. შემთხვევები განსაკუთრებით 10-დან 16 წლამდე ასაკის პაციენტებში გაიზარდა. სპორტული აქტივობები ძალიან კარგია, მაგრამ სწორად უნდა განისაზღვროს. სპეციფიკურ ასაკს ვეხებით, რომელიც ყურადღებით დასაგეგმია. ამიტომაა, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 6-7 წლის ასაკში კვლევა ჩატარდეს, რომ მშობელმა იცოდეს, რა სპორტული კუთხით უნდა დატვირთოს ბავშვი.