მეცხრე წელია საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლე სიკეთისთვის“, მისი დამფუძნებელი სოფო მეიშვილის, მისი მეგობრების და გუნდის წყალობით, არაერთი ოჯახი, თუ ცალკეული ადამიანი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს, იქნება ეს საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ა. შ. ხოლო სოფო მეილიშვილი წინასაახალწლოდ ახორციელებს პროექტს „წერილები თოვლის ბაბუს“. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან შემოსული წერილი, „ფეისბუქზე“ ჯგუფში „სიცოცხლე სიკეთისთვის“ თავსდება. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეარჩიოს რომელიმე ნაწერის ავტორი და საახალწლო სურვილი აუსრულოს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვებისა და მოზარდების სურვილები განსხვავებულია და ამავდროულად, მათ ერთი საერთოც აქვთ - საკვები და ტკბილეული. შემდეგ სურვილებში დასახელებულია ტანსაცმელი და სათამაშო. იქნებ, ეს მძიმე რეალობა წერილების ავტორებს ერთი დღით მაინც გავულამაზოთ...
სოფო მეიშვილი:
- 2023 წლისთვის 30 ოჯახი მოვამარაგეთ სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტებით. წელს რამდენიმე კომპანიაც გამოგვეხმაურა და თუ ამ საქმეში მონაწილეობას ისინიც მიიღებენ, მეტი ოჯახის გახარებას შევძლებთ. სამწუხაროდ, თოვლის ბაბუას კვლავ ბევრი სთხოვს საკვებს და ეს რეალობა არ იცვლება. ასევე სადღესასწაულოდ ვახარებთ გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლის ხანდაზმულებს. ამჯერად იქ 33 ადამიანია. მათი სურვილებია ხოლმე: ტკბილეული, კოსმეტიკა, ხილი, თბილი ჩუსტი და ა.შ.
9 წელია ამ პროექტს ვაკეთებ. ამდენი წლის მანძილზე, იშვიათად მახსენდება უცრემლოდ წაკითხული წერილი, მაგრამ ისეთი მძიმე არა, როგორც რამდენიმე დღის წინ მივიღე. ბავშვები წერენ, რომ შიმშილით მუცელი სტკივათ, დედა მათ მშივრებს აძინებთ, რადგან პურის ფული არ აქვს. ცხარე ცრემლით ვიტირე. ბავშვებს მინიმუმ 1 თვის საკმარისი პროდუქტი გავუგზავნე, მაგრამ მათ სხვა სახის დახმარებაც სჭირდებათ. ამ სამ დედმამიშვილს შორის, ერთ-ერთი ბავშვი თოვლის ბაბუს სთხოვს ტომოგრაფიის გადაღებას. კრუნჩხვები აქვს და დასადგენია ეპილეფსია აქვს თუ არა. ტომოგრაფიის ერთი ნაწილი ფინანსდება, თუმცა მეორე დასაფარია და დედას ამის საშუალება არ აქვს. ამავდროულად, ბავშვების დედას ორივე მენჯის პროთეზი სჭირდება, ძლივს დადის და საშუალება არ აქვს ოპერაცია გაიკეთოს.
თამუნა ახობაძე და მისი მცირეწლოვანი შვილები სამტრედიაში, ა. წერეთლის ქუჩაზე, პატარა ბინაში ცხოვრობენ. გთხოვთ, შემომიერთდით ამ ოჯახს ჯადოსნური ახალი წელი მოვუწყოთ. და იქნებ, მანამდეც შევძლოთ მინიმალური საკვები მივაწოდოთ და ბავშვები დავაპუროთ.
დანიშნულებაში მიუთითეთ: სამტრედია.
GE07BG0000000982021700
მიმღები: სიცოცხლე სიკეთისთვის
ჯგუფში გაწევრიანების მსურველებისთვის: „სიცოცხლე სიკეთისთვის“