"იწერებიან, - ჩემს დედამთილს ჰგავხარ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვიო... ზოგიერთი ჩემს ცხოვრებასაც კი შეეხო..." - თეკო ჩუბინიძე - მშობლები

"იწერებიან, - ჩემს დედამთილს ჰგავხარ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვიო... ზოგიერთი ჩემს ცხოვრებასაც კი შეეხო..." - თეკო ჩუბინიძე

2023-12-18 23:30:08+04:00

"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული. შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, საშიში... გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმებს აყენებს, სამუდამოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს"... - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ თეკო ჩუბინიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მეტ-ნაკლებად მაინტერესებს. წლების წინ, ასტროლოგთანაც ვიყავი, მაგრამ ამ სფეროში ზედაპირული ცოდნა უფრო მაქვს, ღრმად ჩახედული არ ვარ.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მის მზერას ხალხი თვალს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობს".

- (იცინის) ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ.

- თავად თუ აცნობიერებთ, გრძნობთ?

- მე ვერ ვგრძნობ.

- "ის ბოლომდე არავის ენდობა, საკუთარი თავის გარდა".

- ასეა, ადამიანმა ჩემი ნდობა უნდა მოიპოვოს. ნდობის ფაქტორი ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. ადამიანი პირველივე ნახვისას, სხვაზე ჭორაობას რომ იწყებს, ის ჩემთვის სანდო არ არის.

- "მას აქვს უნარი, პუბლიკა შოკში ჩააგდოს".

- ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ სხვებისგან მსმენია, - ქარიზმა, სცენური მიმზიდველობა გაქვს, რომელიც ადამიანებს აღაფრთოვანებსო.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რას იტყვის ხალხი?

- ადრე ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა, ბევრი რამ არ გამიკეთებია ამის გამო, ახლა კი ეს მეორეხარისხოვანია. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე, ბევრი რამ გადავაფასე, ბევრ რამეზე აზრი შემეცვალა. წლების წინ, ბევრ რამეში ვიზღუდებოდი, ჩემი შემოქმედებითი პოტენციალიც კი შეზღუდული მქონდა.

- თამამ როლებზე, შემოთავაზებებზე უარი გითქვამთ?

- მითქვამს, თან არაერთხელ. დღეს ამ გონებით, ალბათ, სხვაგვარად მოვიქცეოდი.

- თეკო, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" თქვენი პერსონაჟი, მარი ბევრ შეცდომას უშვებს. თავად როგორ აფასებთ მის ქცევებს?

- ამ პერსონაჟს თავიდანვე ეტყობოდა, როგორიც იქნებოდა. კიდევ უარესიც თუ არ გააკეთა, მკადრებელი ნამდვილად არის. შეიძლება რაღაცას მიხვდეს, შეიძლება კისერიც მოიტეხოს ან დარჩეს ასეთად. მარისნაირები ხომ ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. შეიძლება ამ ქალში რაღაც გარდატეხაც მოხდეს.

- თქვენს შემთხვევაშიც ხომ არ ხდება მაყურებლის მხრიდან პერსონაჟთან გაიგივება? მარის ქცევების გამო, ხომ არ გსაყვედურობენ?

- მარტივად რომ ვთქვა, მსაყვედურობენ და უხეშად რომ ვთქვა, - მწყევლიან, ბოლო სერიებში - განსაკუთრებით. ახლობლებმა სქრინები ჩამიგდეს, ქალები საკუთარ დედამთილებთან როგორ მაიგივებენ. დავფიქრდი, რამდენად მტკივნეული ცხოვრება აქვთ გავლილი. იწერებიან, - ჩემს დედამთილს ჰგავხარ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვიო. ამ ფაქტს, როგორც მსახიობი, თუ შევხედავ, არ უნდა გავბრაზდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შევძელი და მაყურებელში ემოცია გამოვიწიე. აი, როგორც უბრალოდ ადამიანმა რომ შევხედო, რთულია. უცნობი პიროვნების ასე დაუნდობლად ლანძღვა როგორ შეიძლება?! ზოგიერთი ჩემს ცხოვრებასაც კი შეეხო. ამან დამაფიქრა.

- რეალურ ცხოვრებაში, მართლაც სადედამთილო ხართ. ამ ამპლუაში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამაზე კი არ მიფიქრია... მეგობრული დედამთილი ვიქნები, ასე მგონია. რა დროს დგება ადამიანებს შორის სწორი კომუნიკაცია? როდესაც მიმღებლები არიან, როდესაც გიყვარს შენი შვილი და მის არჩევანს პატივს სცემ. რატომ ან რა უფლებით შეიძლება ვიყო გაბრაზებული?

- რა დროს შეიძლება ჩაერიოთ შვილის ცხოვრებაში?

- როდესაც ეგოისტი ხარ. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც: როდესაც მას რაღაც ცუდი ელის და თავად ვერ ხვდება. სხვა შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ შვილები ჩვენი საკუთრებები კი არა, დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. აზრს თუ გვკითხავენ, უნდა დაველაპარაკოთ. არასოდეს თქვა არასოდესო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავინ იცის, ვინ რას მოიმოქმედებს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს. მომავალში რა მოხდება, ეგეც არავინ იცის. მივცეთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც არჩევანის საშუალება. ვენდოთ, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ მათ არჩევანს! იხილეთ სრულად

მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს... ჩემი შვილი რეჟისურაში მუშაობს - ეკრანზე დაბრუნება წლების შემდეგ: როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?

ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ... ბოლომდე ვიხარჯები და მათი მხრიდანაც მაქსიმალურს ვითხოვ - ზვიად დოლიძე საქმესა და პირადზე