ნევროლოგი, თსსუ პროფესორი ნათია ოკუჯავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევამ და რა როლი აქვს ამ პროცესში ხვრინვას, ძილის აპნოეს:
- სულ უფრო მეტი მტკიცებულება ქვეყნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ძილის დარღვევა, თუ ამას ქრონიკული ხასიათი აქვს, ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ზრდის რისკებს არა მარტო ნევროლოგიური, მენტალური თვალსაზრისით, არამედ სომატური, ფიზიკური თვალსაზრისითაც. უფრო ზუსტად, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ინსულტის რისკებს. ხვრინვა არა მარტო ზრდასრულების, არამედ ბავშვების პრობლემაცაა და შესაძლოა, ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. სხვათა შორის, ჩვენს დიაგნოსტიკურ რეკომენდაციებში წერია, რომ თუ ბავშვი გაუგებარი მიზეზით აგზნებულია, ჭირვეულობს, კოგნიტური პრობლემები აქვს, მის ძილს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დავაკვირდეთ, ხომ არ ხვრინავს. ეს ერთ-ერთი ის საწყისი წერტილია, საიდანაც ბავშვის ძილის კვლევასა და ყურადღების მიქცევას ვიწყებთ. ხვრინვა, ძილის აპნოე, მაინც ზრდასრულთა დარღვევაა, რომელიც უმეტესად, შუახნის და უფრო მაღალ ასაკში ვლინდება. ძალიან ხშირია იმ მამაკაცებში, რომლებსაც დაბალი კისერი, ზედმეტი წონა აქვთ. მაგრამ, პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ხშირად, ბავშვების მსგავსად, ძილის აპნოე ისე შეპარვით მიდის, მამაკაცებთან შედარებით, განსხვავებული კლინიკით ვლინდება, შეიძლება, ყურადღების მიღმაც კი დარჩეს. დრომ მოიტანა, რომ ძილის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ხელოვნური განათების, ელექტრონული მოწყობილობების, მუშაობის რეჟიმის ცვლილების, სახლიდან მუშაობის წილის გაზრდამ სადღეღამისო ციკლის არევის რისკი გაზარდა. ადამიანმა შეიძლება, იფიქროს, რომ გაერთობა, იფხიზლებს, როცა თავად უნდა და შემდეგ დაიძინებს იმდენს, რამდენიც სურს იმიტომ, რომ დილით ადრე ასადგომი არაა, ამით არაფერი დაუშავდება. ეს ასე არ არის. ჩვენ ყველას ჩვენი ბიოლოგიური საათი გვაქვს. მთელი ორგანიზმი ამ საათზეა აწყობილი და ეს საათი, დაახლოებით, სადღეღამისო, 24-საათიან რიტმს ემთხვევა. თუ ხელოვნური აცდენა მოხდა, მაშინ უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.