თქვენს შვილს ბევრი სათამაშო აქვს? რბილები, მანათობლები, მუსიკალურები, ასაწყობები... თქვენს შვილს ბევრი სათამაშო აქვს? რბილები, მანათობლები, მუსიკალურები, ასაწყობები... დარწმუნებული ხართ, რომ ყველა მათგანი სჭირდება? ოჯახის წევრები ყიდულობენ და ყიდულობენ სათამაშოებს, შემდეგ კი ახლობლებთან ჩივიან, ბავშვი სათამაშოებით ვერ ერთობაო ან ამტვრევსო. ფსიქოლოგები ბავშვის ზედმეტი სათამაშოებით გადატვირთვას არ გირჩევენ.
ბევრი სათამაშო ბევრს ბავშვის განებივრება ჰგონია. ზოგი ფიქრობს, რომ ბევრი და რეალისტური სათამაშოებით ბავშვის ფანტაზია ითრგუნება.
"რაღა საჭიროა სათამაშოზე ოცნება, რატომ უნდა ცდილობდეს კარგად მოიქცეს, ელოდოს დაბადების დღეს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სასურველი სათამაშო მიიღოს", - იტყვის მესამე.
ახალგარზდა მშობლებს კი ასეთი პასუხი აქვთ: "სათამაშოები ბავშვის გონებას ავითარებს, უვარჯიშებს მეხსიერებასა და აზროვნებას, როგორ შეიძლება ბავშვს სათამაშო მოაკლო".
საქმე ისაა, რომ ყველა თავისებურად მართალია. ფსიქოლოგებსაც მიაჩნიათ, რომ სათამაშო ბავშვისთვის აუცილებელია, მაგრამ ბავშვის ოთახი სათამაშოების საწყობად არ უნდა გადააქციოთ. თუ ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს და სახლში ყოველ წუთს ფეხებში ებლანდება, მას ყურადღება მუდამ გაფანტული ექნება. ეს დროთა განმავლობაში სწავლაში პრობლემებს გამოიწვევს, შეიძლება ყურადღების დეფიციტის სინდრომის გაჩენასაც შეუწყოს ხელი.
როცა ბევრი სათამაშო აქვს, მათ მიმართ ზედაპირული განწყობა უჩნდება, თითქოს აღარ აფასებს მათ.
კიდევ ერთი ნეგატიური მხარე - ზედმეტი სათამაშო თამაშის აქტივობას ასუსტებს, რასაც ფსიქიკური განვითარების შეფერხების რისკთან მივყავართ.
სასარგებლო თამაშისთვის ბავშვს 5-10 სათამაშოც ეყოფა. ამიტომ დანარჩენი სათამაშოები შეინახეთ და პერიოდულად ჩაანაცვლეთ ერთმანეთით.
ეცადეთ, რომ სათამაშოები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ "გორავდეს". როგორც კი მიხვდებით, რომ ბავშვს თამაში მობეზრდა და უკვე უინტერესოდ ისვრის აქეთ-იქით, აუცილებლად აალაგეთ და თვალს მოაფარეთ ისინი. გაითვალისწინეთ, ის, რაც მუდმივად თვალწინაა, ბავშვის ინტერესს აღარ იწვევს.