"მშობლების გასაგონად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი შვილები წაიყვანეთ და უთხარით, რომ ბებიებისთვის, პაპებისთვის იყიდონ საჩუქრები... ბავშვი მზრუნველობას ეჩვევა..." - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს - მშობლები

"მშობლების გასაგონად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი შვილები წაიყვანეთ და უთხარით, რომ ბებიებისთვის, პაპებისთვის იყიდონ საჩუქრები... ბავშვი მზრუნველობას ეჩვევა..." - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს

2023-12-25 12:06:32+04:00

"საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის" პრეზიდენტი ლალი ბადრიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომაა მნიშვნელოვანი, ბავშვებს ბებიებისა და ბაბუებისთვის შევარჩევინოთ საჩუქარი:

- მშობლების გასაგონად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი შვილები წაიყვანეთ და უთხარით, რომ ბებიებისთვის, პაპებისთვის იყიდოს საჩუქრები. ბავშვი როცა ბებიისთვის და პაპისთვის საჩუქარს არჩევს, მზრუნველობას ეჩვევა. ჩვენ კიდევ ეს პატარა რაღაც ისე გვახარებს და გვაბედნიერებს... მერე ბავშვმა იცის, რომ ბებიასაც უნდა და მეგობრები მასაც ჰყავს. თუ თავიდანვე ვეჩვევით და შვილიშვილი კინოში, თეატრში დაგვყავს, რომ დავბერდებით, მერე ისინი გვატარებენ.

ბებიები ზოგჯერ ამბობენ: "ცუდად ვიყავი რამდენიმე დღე და ჩემმა შვილიშვილმა არც დამირეკა..." თავიდან დავიწყოთ, რა ხდება. მოდის 5 წლის ბავშვი და გეუბნება, რომ კანფეტი უნდა. შენ მიეცი ერთი და მეორეზეც, რომელიც შენთვის გაქვს, ეუბნები: "აჰა, ბებო, ესეც შენი იყოს." მაგალითად, წვიმს და ქოლგა გიჭირავს. ეუბნები: "ვაიმე ბებო, შენ არ დასველდე, მე რაც გინდა, დამემართოს..." ბავშვი თავიდანვე ეჩვევა, რომ ბებო რობოტივითაა, უნდა დაიცვას, ყველაფერი გაუკეთოს, შეუსრულოს. რომ იზრდება, მაშინაც თვლის, რომ ბებიას ყველაფერი შეუძლია და არაფერი სჭირდება. მართალია, თანამედროვე ბებიები ასე არ ვართ, ჩვენს თავზეც ვფიქრობთ და ეს ძალიან სწორია. შვილიშვილისთვის რომ საინტერესო იყო, აუცილებელია, რომ შემდგარი, რეალიზებული იყო და შენი საქმე გქონდეს.