1968 წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ორი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლეობამ შეძრა. ოთხი წლის მარტინ ბრაუნის და სამი წლის ბრაიან ჰოუს დასახიჩრებული ცხედრები ორი თვის ინტერვალით აღმოაჩინეს.
მკვლელმა დანაშაულის ადგილზე ჩანაწერები დატოვა, სადაც ნათლად აცხადებდა, რომ გაჩერებას არ აპირებდა და კიდევ ბევრი ბავშვის მოკვლას გეგმავდა. საბედნიეროდ, ეს მართლაც საშინელი „გეგმა“ არ ახდა - პოლიციამ დაიჭირა მკვლელი, მერი ფლორა ბელი, რომელიც მხოლოდ 10 წლის იყო.
მერი ფლორა ბელი 1957 წლის 26 მაისს დაიბადა. დედამ, ბეტი მაკკრიკეტმა ის 17 წლის ასაკში გააჩინა. ბეტი მეძავი იყო, შესაბამისად, დანამდვილებით არ იცოდა, ვინ იყო გოგონას მამა.
მერი ბეტის მეორე შვილი იყო. დედამ თავიდან აითვალწუნა ის - როდესაც ექიმებმა ახალშობილი აჩვენეს, დედამ მაშინვე თქვა: „მომაშორეთ, არ დამანახოთ“. მისი ნათესავების მოგონებების თანახმად, ბეტი მთლად ჯანმრთელი არ იყო - ბავშვობაშივე უცნაურად იქცეოდა - მაგალითად, ოჯახთან ერთად ჭამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ მის პორციას სკამის ქვეშ კუთხეში დაუდებდნენ.
მერის შემდეგ ბეტის კიდევ ორი შვილი შეეძინა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მერის ჩაგრავდა. დედა გამუდმებით სცემდა და შეურაცხყოფდა შვილს და ბავშვი შვებით მხოლოდ მაშინ ამოისუნთქებდა, თუ დედა მორიგ კლიენტს ქალაქგარეთ რამდენიმე დღით გაჰყვებოდა.
გოგონას დეიდა მოგვიანებით ამბობდა, რომ მთელი ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ ბეტი გოგონას მოკვლას ცდილობდა: მერის სახლში გამუდმებით ემართებოდა უბედური შემთხვევები - თითქმის ყოველთვის, როცა დედასთან მარტო რჩებოდა. ერთ დღეს ბეტიმ მერი პირველი სართულის ფანჯრიდან გადააგდო და ერთმა მოწმემ დაინახა, რომ ბეტი გოგონას ტკბილეულში შენიღბულ საძილე აბებს აძლევდა.
ბეტიმ გოგონას გაშვილებაც კი სცადა და კინაღამ მიჰყიდა ფსიქიკურად დაავადებულ ქალს, რომელსაც შვილის გაჩენა არ შეეძლო. საბედნიეროდ, ბეტის მეორე დამ, კეტრინმა ბავშვის გაუჩინარება შეამჩნია და გოგონას სახლში დაბრუნება შეძლო. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ახლობლები ბევრს ეცადნენ, მერი მათი მზუნველობის ქვეშ ყოფილიყო, ბეტი ყოველ ჯერზე სასტიკ უარს ამბობდა.
თავად გოგონა მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ 4 წლიდან დედამ თავის კლიენტებს მისი გაუპატიურების უფლება მისცა. ოჯახის დანარჩენი წევრები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. თუმცა, ყველა თანხმდებოდა, რომ მერი ღრმად ტრავმირებული ბავშვი იყო - მუდმივმა ძალადობამ და მეგობრის სიკვდილმა, რომელსაც მის თვალწინ ავტობუსი დაეჯახა, ძლიერი გავლენა იქონია ბავშვის ფსიქიკაზე.
10 წლის ასაკში მერი უცნაური, ინტროვერტული, მანიპულაციური ბავშვი იყო. ის სწავლობდა Delaval Road School-ში და მისი საქციელი ნამდვილად შემაშფოთებელი იყო: სხვა ბავშვებს სცემდა, მათ დახრჩობას ცდილობდა და სხვისი ნივთებს ამტვრევდა. მერის ჰქონდა გუნება-განწყობის ცვალებადობა და უნებლიე შარდვა აწუხებდა.
მარიამის კლასელებს ისე ეშინოდათ მისი, რომ სხეულის ენით ისწავლეს იმის თქმა, აპირებდა თუ არა მათზე თავდასხმას. ძნელი არ იყო: თავდასხმამდე გოგონა, როგორც წესი, თავს გვერდზე გვერდზე გადასწევდა და დიდხანს უყურებდა თანაკლასელს, რომელიც მსხვერპლად ჰყავდა არჩეული. გასაკვირი არ არის, რომ გოგონას მეგობრები არ ჰყავდა - მხოლოდ მათი მეზობლის, ნორმა ჯოის ბელის 13 წლის ქალიშვილი უძლებდა მას და ინარჩუნებდა ურთიერთობას.
მერი სიკვდილით იყო მოხიბლული და მისი ცნობისმოყვარეობა ნორმას სცდებოდა. 1968 წლის 11 მაისს მერი სამი წლის ბიჭთან ერთად თამაშობდა, რაც ბავშვისთვის ცუდად დასრულდა - თავშესაფრის სახურავიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. ბავშვის მშობლებმა დაიჯერეს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.
მაგრამ მეორე დღეს სამმა ქალმა შეატყობინა პოლიციას: მერიმ მათი პატარა ქალიშვილების დახრჩობა სცადა. პოლიციამ გოგონა გამოკითხა და ლექცია წაუკითხა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
1968 წლის 25 მაისს ოთხი წლის მარტინ ბრაუნის ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. მერიმ ბიჭი დაახრჩო და სურდა მისი ცხედარი მეგობრისთვის ეჩვენებინა, მაგრამ ის მამნამდე აღმოაჩინეს იქ მოთამაშე ბიჭებმა.
პოლიცია საგონებელში ჩავარდა: მსხვერპლის სახეზე მცირე რაოდენობით სისხლი და ნერწყვი იყო, მაგრამ ძალადობის აშკარა ნიშნები არ ჩანდა. იქვე იდო ტკივილგამაყუჩებლების ცარიელი ბოთლი, რამაც ისინი დააჯერა, რომ ბიჭმა აბები გადაყლაპა. ამრიგად, მარტინის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას მიაწერეს.
მარტინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მერი ბელი მის სახლში მივიდა და ბიჭის ნახვა ითხოვა. დედამ ნაზად აუხსნა, რომ მარტინი მკვდარი იყო, რაზეც მერიმ უპასუხა: „ვიცი. უბრალოდ მინდოდა დამეხედა." ქალმა გოგონას კარი მიაჯახუნა.
ამის შემდეგ მერიმ თავის ერთადერთი მეგობარი, ნორმა დაიყოლია, რომ საბავშვო ბაღში შეპარულიყვნენ. გოგონებმა დაარბიეს იქაურობა და ჩანაწერები დატოვეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მარტინ ბრაუნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას იღებდნენ. ასევე იმუქრებოდნენ, რომ გააგრძელებდნენ მკვლელობებს. პოლიციას არც ეს ნიშანი ჩაუთვლია საეჭვო გარემოებად - ჩანაწერები იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ ეს ბოროტ ხუმრობად მიიჩნიეს.
ამასობაში მერის არ მალავდა და თანაკლასელებს ტრაბახობდა, რომ მან მოკლა მარტინ ბრაუნი. გოგონას მატყუარას რეპუტაცია ჰქონდა, ამიტომ მის განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. სანამ კიდევ ერთი ბავშვი არ მოკლა.
1968 წლის 31 ივლისს, მარტინ ბრაუნის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, მერი ბელმა და მისმა მეგობარმა ნორმამ სამი წლის ბრაიან ჰოუ დაახრჩვეს. ამჯერად მერი უფრო შორს წავიდა - ბავშვის სხეულზე არსებული ნიშნებიდან ირკვევა, რომ ის სიკვდილამდე აწამეს. მას ფეხები და სასქესო ორგანოები მაკრატლით დაუსახიჩრეს.
მერი და ნორმა დაკარგული ბიჭის ძებნაშიც კი მონაწილეობდნენ. როდესაც ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა, მათ გამოკითხეს ადგილობრივი ბავშვები იმ იმედით, რომ შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს დაენახა მკვლელი.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ პოლიცია შეაშფოთა: მას შემდეგ, რაც ბრაიანის სისხლი გაცივდა, მის მკერდზე ახალი კვალი გამოჩნდა - ვიღაცას მასზე ასო "M" საპარსის პირით ამოეკაწრა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ დარტყმის სიძლიერიდან გამომდინარე, ექიმმა იეჭვა, რომ მკვლელი შეიძლებოდა ბავშვი ყოფილიყო.
მერი და ნორმა მოწმეების გამოკითხვისას გამოძიებით დაინტერესდნენ. ნორმა ნერვიულობდა, მერი კი აშკარად რაღაცას მალავდა - გოგონა ბრაიანთან ერთად მისი გარდაცვალების დღეს ნახეს. ბიჭის დაკრძალვის დღეს ის მის სახლთან დაინახეს, კუბოს დანახვისას სიცილი აუტყდა და ხელები უცნაურად მოიფშვნიტა.
პოლიციამ ის მეორე დაკითხვაზე მიიყვანა და შეშინებულმა მერიმ უცებ შეთხზა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაარტყა მისთვის უცნობმა რვა წლის ბიჭმა ბრაიანს გარდაცვალების დღეს. მისი თქმით, ბიჭს მაკრატელი თან ჰქონდა. სწორედ ან ინფორმაციამ გასცა მერი: ბიჭის სხეულზე აღმოჩენილი ნიშნებიპრესისა და საზოგადოებისგან გასაიდუმლოებული იყო, რაც ნიშნავს, რომ პოლიციის გარდა, მხოლოდ ერთ ადამიანს შეიძლება სცოდნოდა მაკრატლით მიყენებული ჭრილობების შესახებ - ბრაიანის მკვლელს.
გოგონებმა შემდგომ დაკითხვას ვერ გაუძლეს. ნორმა თანამშრომლობდა პოლიციასთან და ყველაფერში მერის ადანაშაულებდა, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა ბრაიანის მკვლელობაში ნორმასთვის დაებრალებინა. ორივე გოგონას ბრალი წაუყენეს.
ორივე გოგონას ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ფსიქიატრების აზრით, ნორმა გონებრივად ჩამორჩენილი იყო – მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის იყო, მისი გონებრივი განვითარება რვა წლის ბავშვისას არ აღემატებოდა. ის მორჩილი იყო და ადვილად ექვემდებარებოდა სხვების გავლენას.
მერისთან ყველაფერი უფრო რთულად იყო - ოთხმა ფსიქიატრმა დაასკვნა, რომ გოგონას ფსიქოპათიური პიროვნული აშლილობა ჰქონდა. ის სასტიკი იყო და ვერც კი აცნობიერებდა ჩადენილ სისასტიკეს. მერის მხოლოდ დასჯის ეშინოდა და არაფერს ნანობდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ მერიმ ორი ბავშვი ორი მიზეზის გამო მოკლა. ეს იყო მკვლელობით მიღებული სიამოვნება და აზარტი, რაც შეიძლება მეტი მოეკლა საკუთარი ხელით. ბრიტანულმა პრესამ მას "მკვლელად დაბადებული" უწოდა.
ნაფიცმა მსაჯულმა ნორმა გაამართლეს. მერისთან ყველაფერი ისევ უფრო რთული აღმოჩნდა - ფსიქიატრებმა დაარწმუნეს სასამართლო, რომ გოგონას "ფსიქოპათიის კლასიკური სიმპტომები" ჰქონდა და ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. თუმცა, მოსამართლემ განსაჯა, რომ მერი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ბავშვებს და ამიტომ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრელი ვადით მიესაჯა.
მერი ბელი 12 წლის შემდეგ, 1980 წელს გაათავისუფლეს. ის მკაცრ პრობაციას ექვემდებარებოდა, რათა დაემტკიცებინა, რომ შეეძლო საზოგადოებაში ცხოვრება. ის ახალი სახელითა და გვარით ცხოვრობდა, რამაც ახალი ცხოვრების შანსი მისცა და ტაბლოიდების ყურადღებისგანაც დაცული იყო. თუმცა რამდენჯერმე მაინც იძულებული გახდა საცხოვრებელი გამოეცვალა.
1984 წელს ბელს ქალიშვილი შეეძინა. გოგონამ არაფერი იცოდა დედის დანაშაულების შესახებ, მაგრამ როდესაც 14 წლის გახდა, ტაბლოიდმა თავიდან აღმოაჩინა ის. მეორე დღეს მის სახლს ჟურნალისტების ბრბო მიადგა. მერის და მის ქალიშვილს გაქცევა მოუწიათ.
ქალიშვილის დასაცავად, მერიმ შვილი უვადო ანონიმურ პროგრამაში ჩასვა, რათა მაშინაც კი, როდესაც ის 18 წლის გახდებოდა, დაცული ყოფილიყო.
2009 წლის იანვარში მერის შვილიშვილი შეეძინა, რომელიც იმავე პროგრამის ფარგლებში მოაქციეს.