თორმეტი ნაფიცი მსაჯული რუსთავის სასამართლოში ურთულესი მისიის წინაშე იდგა, როცა განსასჯელის სკამზე 21 წლის კახა კობახიძე იჯდა. მას შურისძიების მოტივით მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრებოდა. მკვლელობა 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება
ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი: - იმ დღეს მეზობლის გასვენებაში იყვნენ მამა-შვილი, კობა კობახიძემ დალია ჭირის სუფრაზე, კახამ სახლში მიიყვანა მამა და ისევ წავიდა. კობამ ჩხუბი დაიწყო. კახას დაურეკეს, მამა ჩხუბობსო. რადგან კახა ხშირად ახერხებდა მის დამშვიდებას და დაძინებას, ამჯერადაც უხმეს. პრობლემა სიმთვრალე იყო, აგრესიული ხდებოდა. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას. სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები - ეს ყველამ იცის. სიფხიზლეში რადიკალურად განსხვავებული იყო. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა ქმრის ყოველ დალევას და როგორც კი მთვრალი მივიდოდა, რომ არ ეცემა, ქალი ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან. იმ დღესაც დალია და ატეხა ჩხუბი. ცოლი ისევ გაქცეული იყო სახლიდან და ამის გამო გაგიჟდა, დალეწა ყველაფერი, ისროდა თეფშებს. ცოლს მოკვლით დაემუქრა. ქალი იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო, დაბრუნებულს კი ისევ დაუწყო გინება და მოკვლა დაუპირა. ამის გამო ქალი ისევ გაიქცა. მეორე შვილი, ნოდარი, კაცმა ცოლის სახლში მოსაყვანად გაუშვა. როგორც კი ნოდარი გავიდა, ოთახიდან ბრახუნის ხმა შემოესმა. აწ განსვენებულმა კარი დაკეტა, ნოდარი ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, მამამისმა როგორ მოუქნია დანა ორჯერ კახას, მეორე მოქნევაზე ბიჭმა დანა წაართვა. ამ დროს მოქაჩა მამამისმა მაისურზე, ყელში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, მან კი თავდაცვის მიზნით მოიქნია მამისთვის წართმეული დანა და დაჭრა. ის მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. ბიჭი უდანაშაულოა, მთელმა სოფელმა იცის, რა ხდებოდა მათ სახლში. განაგრძეთ კითხვა