დღეს ცნობილი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა.
"მაინც არ გვეგონა, რომ ასე ჩქარა დაგვტოვებდა, ბოლო იმედს მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდით... ხშირად უყვარდა საკუთარი (უკვე გახალხურებული) ლექსის თქმა:
"სიკვდილი მოვა ოხერი,
მოვა და შემომაკვდებაო..."
და მოვიდა დეკემბრის ბოლოს... რაზე ილაპარაკეს მან და სიკვდილმა, მხოლოდ უფალმა იცის...
ჩვენ კი ვიცით, რომ „გზა არ სრულდება დედის ცრემლივით“... ნათელი გაჰყვეს დიდ გზაზე!" - წერს მისი მეგობარი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი.
თემურ ჩალაბაშვილი 1951 წლის 12 ნოემბერს დაიბადა სოფელ ძველი ანაგაში, სიღნაღის რაიონში.1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში. მისი პოეტური ნათლობა პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა „მერანი“-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“ , „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.