ტაილა კლემენტი, გამორჩეული გარეგნობის გამო, ბავშვობაში ბევრჯერ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. თუმცა დღეს ის მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროა.
მან თავისი ამბავი abc7-ს გაუზიარა.
ტაილას ნევროლოგიური დარღვევა - მობიუსის სინდრომი აწუხებს. ეს იშვიათი თანდაყოლილი აშლილობაა, რომელიც სახის იმ ნერვების განუვითარებლობის შედეგია, რომლებიც თვალის მოძრაობას და სახის გამომეტყველებას აკონტროლებენ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კლემენტი პოზიტივის განსახიერებაა.
„ვინც არ მიცნობს, უბრალოდ ვეტყვი, რომ მე ვარ გოგონა, რომელმაც არ იცის, როგორ გაიღიმოს. მიყვარს, რომ შემიძლია სხვების დახმარება, გაძლიერება და შთაგონება. გაღიმება რომ შემეძლოს, ჩემს სახეზე ყველაზე დიდ ღიმილს დაინახავდით, რადგან ის წარმოუდგენლად შთამაგონებელია“, - ამბობს ტაილა.
ახლა ინტერნეტში ცნობილია, როგორც "გოგონა, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია“. მას ბავშვობაში დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
„ჩემმა კლასელებმა სკოლაში ცელოფნის პარკები მოიტანეს და თავზე ჩამომაცვეს, რადგან მახინჯი ვიყავი. არც მე მინდოდა, ვინმეს დავენახე,” იხსენებს კლემენტი.
მაგრამ მაშინ, ისევე როგორც ახლა, ტაილა მისი შინაგან სხივის ჩაქრობის საშუალებას არავის აძლევს: ”ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე, რადგან ახლა ჩემი ისტორიით ხალხის შთაგონება შემიძლია.”
ტაილამ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. პირადად მისთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ფოტოგადაღებები და ჩვენებები.
„ასე ღიად აღიარება და სასურველად წარმოჩენა ჩემთვის საოცრებაა. მე არ მინახავს ჩემნაირი ადამიანები ფილმებში ან მედიაში, ჟურნალების გარეკანებზე ან სარეკლამო კამპანიებში. ამიტომ თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი“, - აღიარებს გოგონა.
ტაილა თავდაჯერებულად აცხადებს, რომ ამჟამად მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი დგას: „იყო კმაყოფილი, როგორც პიროვნება და კომფორტულად გრძნობდე თავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხარ, ყველაზე საოცარი რამაა მსოფლიოში“.
კლემენტს სხვა ჰობიც აქვს. ის პარაოლიმპიელი სპორტსმენია და ახალ ზელანდიაში სროლის რეკორდი უკვე მოხსნილი აქვს.