დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, მდუღარე წყლითა და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში:
- ძალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენს ოჯახში სამზარეულო ყველაზე სახიფათო ადგილია. ბევრი ელექტროგაყვანილობა, გაზი, ცხელი სითხეები, მჭრელი, მძიმე საგნებია. ძირითადად, ხიფათის ადგილი სამზარეულოა. ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს, გარემო დაწვრილებით უნდა შევაფასოთ იმიტომ, რომ რასაც ბავშვი გუშინ და დღეს არ აკეთებდა, შესაძლოა, ხვალ გააკეთოს. ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები: "ვერ წარმომედგინა, რომ იმ უჯრას გამოაღებდა და იმ სიმაღლეზე ავიდოდა." ბავშვი იზრდება, ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი ახალი თავგადასავლის ძიებას დაიწყებს. სადილი, ელექტრომადუღარა, თითქოს, არაფერია, ძალიან ცოტა სითხეა, მაგრამ საკმარისია, ბავშვი ჭოჭინით მივიდეს, ელექტრომადუღარადან სითხე გადაისხას, რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღოს. ასეთ დროს, რაც შეიძლება, სწრაფად ტანსაცმელს ვხდით და გამდინარე ცივ წყალს შევუშვერთ. მომენტალურად, რამდენიმე წუთის განმავლობაში გრილი წყალი ჯობს. ყინულის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმიტომ, რომ ძალიან გადაცივებას იწვევს. გამდინარე წყალიც რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ. თუ კანის მთლიანობა დარღვეულია, ანტიბაქტერიული მალამო, რომელიც ჯობს, ოჯახის აფთიაქში გვქონდეს და სტერილური ნახვევი გამოვიყენოთ. ბუნებრივია, ექიმთან ვიზიტი ჯობს, რადგან მდგომარეობა ლოკალიზაციაზე, სიღრმეზე, ასაკზეა დამოკიდებული. რამდენად სახიფათო იქნება, ესა თუ ის დამწვრობა ბავშვის ორგანიზმისთვის, მშობლისთვის ძალიან რთული გასარკვევია.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მე-2 - მე-3 დღეს გვაკითხავენ, როდესაც უფრო გართულებულია დამწვრობა. ქიმიური დამწვრობა სხვადასხვა მჟავითა და ტუტით მიღებული კანის დაზიანებაა. როგორც წესი, მას გამდინარე წყლის ქვეშ გაცილებით უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. ძალიან საშიშია, განსაკუთრებით, მტევნის, სახისა და თვალების დაზიანების დროს. სწრაფად რეაგირება და კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ქიმიურ დამწვრობას ნელ-ნელა მოქმედება და სიღრმეში ჩასვლა ახასიათებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთმა ნივთიერებებმა შეიძლება, ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. მაგალითად, ცემენტმა. ხელოსნები, რომლებიც ჩექმების გარეშე ხანგრძლივად მუშაობენ ე.წ. ცემენტიან ხსნარში. 1-2 საათის შემდეგ ცემენტს ისეთი თვისება აქვს, წყალს იღებს. ანუ ქსოვილებიდან გამოაქვს წყალი, იწვევს მის დაზიანებას, ნეკროზზსა და ქიმიურ დამწვრობას. ასევე, მაგალითად ნავთი. გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ტანსაცმელი ნავთში დასველებია, არ გამოუცვლია, დაუძინია და საკმაოდ სერიოზული ქიმიური დამწვრობაც მიუღია.