პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში:
- ბავშვი რომ იბადება, მის წინ მთელი ცხოვრებაა და ჩვენი, მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ. მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზაცია. ტვინში მილიარდობით ნეირონია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ახალი ხედი, საგანი, ყოველი ახალი მოფერება ნეირონებს შორის კავშირების გაღვივებას, განვითარებას გამოიწვევს და ბავშვი უფრო გონიერი ხდება. მისი შემდგომი ქმედება უფრო აქტიური იქნება და გამარჯვებულიც იქნება. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ. თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა, ჩვეულებრივი ამბავია, ორგანო, რომელიც არ მუშაობს, თანდათანობით კნინდება. იგივე შეიძლება ნეირონებს შორის კავშირებზე ითქვას. არ მინდა, მშობლებმა, საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ბავშვის განვითარებისთვის პირველი 3 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხშირად ვამბობ, რომ იმპრინტინგის ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი. ერთი, დემოგრაფიულად ვმცირდებით, მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება. ექსკურსიებზე, ფეხით სიარული მიყვარს. ახლა გაუმჯობესდა, წინათ ქართველი ახალგაზრდობა ექსკურსიებზე არ დადიოდა. ამასწინათ ექსკურსიაზე ვიყავი და რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო, კარგია, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, უფრო მეტი მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ, რუკა ვაჩვენოთ. სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, პირველ წლებში, სკოლის პერიოდში რაც ტვინში ჩაიბეჭდება, ის ცნობიერებაში მარადიულად იქნება შენახული. გვინდა, ბავშვი ბედნიერი, გონიერი, წარმატებული და ჯანმრთელი იყოს. ამავე დრო, გვინდა, რომ პატრიოტი იყოს... ერთ შემთხვევას გავიხსენებ - ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავი. 4 და 5 წლის გოგონები იყვნენ. 4 წლის გოგონა ყველაზე გაბრაზდა, ამბობდა, არც მამა მიყვარს, არც დედა, არავინ მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. 1 წლით უფროსმა დამ ჰკითხა: "როგორ, სამშობლოც არ გიყვარს?!" ეს ამბავი ჩემს ჩანაწერებშიც მექნება, როგორი განმსჭვალული იყო ის გოგონა პატრიოტიზმით და ახლაც ასეა. ამიტომაც, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით.