ყველაზე "უბედური" პროფესიები - ამ პროფესიების წარმომადგენლები თურმე სხვებზე მეტად განიცდიან დეპრესიასა და შფოთვას - მშობლები

ყველაზე "უბედური" პროფესიები - ამ პროფესიების წარმომადგენლები თურმე სხვებზე მეტად განიცდიან დეპრესიასა და შფოთვას

2024-01-09 14:17:09+04:00

როგორც აღმოჩნდა, ამ პროფესიის მქონე ადამიანები დეპრესიით ხშირად იტანჯებიან, ემოციურ არასტაბილურობას განიცდიან და ფსიქოლოგების დახმარებაც სჭირდებათ:

ვეტერინარი

2-1704795579..jpg

20-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრალიელმა ვეტერინარმა, ანიტა ლინკმა საკუთარი პროფესიის შესახებ გულწრფელად ისაუბრა. ადამიანები, რომლებიც ცხოველებს მკურნალობენ და მათ ხშირად ცუდ მდგომარეობაში ხედავენ, ემოციურად სხვებზე მეტად განიცდიან ბევრ რამეს და დეპრესიით იტანჯებიან. გარდა ამისა, ანიტა ლინკის თქმით, ვეტერინარები ცხოველთა პატრონების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ხშირად ხდებიან და ზოგჯერ ვერგანკურნებისა და ცხოველის დაღუპვის ბრალეულობას მთლიანად მათ აკისრებენ. ასევე, ვეტერინარები ხშირად ზეგანაკვეთურად მუშაობენ და იღლებიან როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად.

ექთნები და სანიტრები

ამ მიმართულებით დასაქმებული 10 ადამიანიდან ერთი აღიარებს, რომ ღრმა დეპრესიას განიცდის, რადგანაც პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა, მათ სისუფთავეზე ზრუნვა, სველი წერტილების, საპირფარეშოების დასუფთავება ძალიან მძიმე და რთული საქმეა. გარდა ამისა, ისინი ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა და ემოციურად განსაკუთრებით უჭირთ. ასევე, ამ სფეროში საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა და მათ მოტივაციის დაქვეითებას ეს ფაქტორიც ემატება.

კვების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები

3-1704795595..jpeg

მიმტანებიც ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, შფოთვითა და ემოციური არასტაბილურობით. მათ საკმაოდ მძიმე შრომა უწევთ. გარდა იმისა, რომ ხშირად უკმაყოფილო მომხმარებლები პირდაპირ მათთან გამოხატავენ აგრესიას, ასევე ფეხზე დიდხანს დგომა, დაუმსახურებელი შენიშვნების მიღება და კრიტიკის მოთმენა უწევთ.

სოციალური მუშაკები

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, ქალებთან მუშაობა განსაკუთრებით რთული საქმეა. სოციალურ მუშაკებს, ფაქტობრივად, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი აქვთ. დაზარალებულებს საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში, კონსულტაციების გავლაში ეხმარებიან და ბევრი მათგანი საქმეს პირად ცხოვრებასაც სწირავს.

ექიმები

4-1704795605..jpg

ექიმებიც ხშირად განიცდიან დეპრესიას. ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე მათ ხელშია და ერთმა უნებლიე შეცდომამ შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს, მათთვის განსაკუთრებით სტრესულია. გარდა ამისა, ექიმები ყოველდღიურად უყურებენ პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა სერიოზულ და მძიმე დაავადებას ებრძვიან და ემოციურად ესეც ძალიან რთულია. ასევე, მათ უწევთ, პაციენტის ახლობელ ადამიანებს ყველაზე სამწუხარო ამბავი შეატყობინონ...

მსახიობები, შოუმენები და მწერლები

5-1704795619.jpg

არარეგულარული შემოსავალი, დაუფასებლობა, არეული გრაფიკი ამ ადამიანებში დეპრესიასა და სტრესს იწვევს. როგორც ცნობილია, მსახიობები ბიპოლარულ აშლილობას სხვებზე მეტად განიცდიან და ემოციური არასტაბილურობა აქვთ.

ფინანსური კონსულტანტები და ბუღალტრები

მათი საქმიანობა მუდმივი სტრესითაა სავსე და საქმეც დაუსრულებლად აქვთ. ხშირად სხვადასხვა გარჩევაში, უკმაყოფილო და დაზარალებული კლიენტების რისხვისა და აგრესიის ქვეშ ექცევიან და როგორც წესი, ემოციურად განსაკუთრებით უჭირთ.

მასწავლებელი

6-1704795631.jpg

წლიდან წლამდე მასწავლებლებისათვის საქმე კიდევ უფრო რთულდება და მათ არაერთი დოკუმენტისა და საბუთის შევსება უწევთ. გარდა ამისა, მასწავლებლის სამსახური მაშინაც გრძელდება, როცა სახლში მიდის, რადგანაც თან მოსწავლეების გასასწორებელი დავალებები და ნამუშევრები მიაქვს. ასევე, ემზადება მეორე დღისთვის და გაკვეთილის გეგმას ადგენს. ამას ემატება მშობლების სხვადასხვა საჩივარი, ბავშვების გაკვეთილზე ცელქობა და მოუსვენრობა და ბევრი სხვა გამოწვევა.

ტექნიკური მუშაკები

სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები და სხვა მსგავსი პროფესიის წარმომადგენლებიც დეპრესიასა და ემოციურ არასტაბილურობას ხშირად განიცდიან. არეული და დაუგეგმავი გრაფიკი აქვთ, ხშირად უკმაყოფილო მომხმარებლების მხრიდან აგრესიას იღებენ და ეს საქმეც სათანადოდ დაფასებული არ არის.

მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები

7-1704795647.jpg

მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები, კონსულტანტები ხშირად განიცდიან დეპრესიას. უკმაყოფილო მომხმარებლები მათ მიმართ აგრესიას გამოხატავენ, საქმე ძალიან შრომატევადია, ანაზღაურება კი დაბალი და შრომასთან შეუსაბამო.