2024 წლიდან, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ სიაში მოხვდეთ - მშობლები

2024 წლიდან, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ სიაში მოხვდეთ

2024-01-10 11:14:44+04:00

2024 წლიდან, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არც ერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს, სახელმწიფოსგან, უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია, საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

მოქალაქეებს გაუჩნდათ შეკითხვა, პროგრამა მხოლოდ თბილისში ვრცელდება, თუ რეგიონებშიც. დამატებითი ინფორმაციისათვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. მათივე თქმით, დეტალები მუშავდება და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, სად და რა ფორმით შეეძლებათ ადამიანებს განცხადების წარდგენა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

დამატებით ინფორმაციას პერიოდულად გაგიზიარებთ, შეკითხვებით კი შეგიძლიათ, სამინისტროს ცხელ ხაზს მიმართოთ ნომერზე: 15 05

თამარ იაკობაშვილი