რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის სასამართლოში ვეგეტარიანელი მშობლების წინააღმდეგ საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მშობლები თავიანთ შვილს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით კვებავდნენ. ბავშვს ზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობები არ ჰქონდა, ვერ იღებდა ჯანმრთელობისათვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლის გამოც სერიოზული პრობლემები შეექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის გახდა.
32 და 34 წლის მშობლები მრავალი წლის განმავლობაში მკაცრი ვეგანიზმის ფილოსოფიას იცავდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი ქალიშვილიც დაბადების დღიდან ამ პრინციპით აღეზარდათ. ავსტრალიელმა წყვილმა საკუთარი რეცეპტები გამოიგონა, რაც ბავშვისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. სასამართლომ ზუსტი რეცეპტი, თუ რას აჭმევდნენ პატარა გოგონას, არ გამოაქვეყნა, რომ ვინმემ არ მიბაძოს და ქცევა არ წახალისდეს, თუმცა როგორც აღნიშნეს, ის ჩვილისთვის სრულიად შეუსაბამო იყო.
ერთი წლის ასაკში პატარა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ბავშვს სისხლჩაქცევები, გამონაყარი, გაფერმკრთალებული კანი ჰქონდა. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. თუმცა, მშობლებს გულწრფელად არ ესმოდათ, რატომ დაემართა პატარა გოგონას ეს, რადგანაც მასაც ისე კვებავდნენ, როგორც თავად იკვებებოდნენ.
ექიმებმა გოგონას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს შეუქცევადი შედეგი ნერვული სისტემის მომწიფებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ გამოიწვია. ასევე, ბავშვს კვაშიორკორის დიაგნოზიც დაუდგინდა, რაც მის რაციონში ცილოვანი საკვების არარსებობით იყო გამოწვეული. ძირითადად, მსგავსი დიაგნოზით უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები იტანჯებიან, რომლებსაც საკვების პრობლემა აქვთ. ექიმები გოგონას გადარჩენას ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ და საბედნიეროდ, დღეს ის ცოცხალია.
მშობლებმა სასამართლოზე საკუთარი დანაშაული აღიარეს და ქმედება მოინანიეს. სხვათა შორის, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვი დედასთან დარჩა, რომელიც მას სრულფასოვნად კვებავს, ესწრება სამედიცინო შეხვედრებს და შვილის განვითარებას ცდილობს. გოგონას მამამ ვეგეტარიანელობაზე უარი თქვა, მაგრამ გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად აღარ ეცხოვრა.
მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც მოხდა. ეკატერინბურგში მცხოვრები წყვილი მკაცრს ვეგანურ კვებას იცავდა და შვილსაც მხოლოდ უმი ხილითა და ბოსტნეულით კვებავდა. ერთი წლის ასაკის ბავშვი საავადმყოფოში შეშუპებითა და ძლიერი სისუსტით შეიყვანეს. მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო.
2018 წელს კიდევ ერთი ავსტრალიელი გოგონა დაზარალდა. მშობლებმა წლი-ნახევრის შვილი რაქიტამდე მიიყვანეს იმის გამო, რომ მკაცრი დიეტით კვებავდნენ, რომელიც ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებს საერთოდ არ ითვალისწინებდა. მშობლები წლი-ნახევრის ბავშვს, ძირითადად, შვრიითა და ხილით კვებავდნენ. შესაბამისად, ის ძალიან დასუსტდა, ძვლოვანი სისტემა იმდენად დეფორმირდა, რომ გადაადგილება აღარ შეეძლო.
სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ბავშვების გამოჯანმრთელებით არ მთავრდება და ზოგჯერ ინფორმაცია მაშინ ვრცელდება, როცა აღარაფრის შეცვლა შეიძლება:
2017 წელს ბელგიის სასამართლომ 7 თვის შვილი გარდაცვალებაში მშობლები დამნაშავედ ცნო. პატარა ბიჭი საკვების ნაკლებობისა და გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა. მშობლებს საკუთარი მაღაზია ჰქონდათ და დიეტურ პროდუქტებს ყიდდნენ. წყვილმა, დამოუკიდებლად, ექიმთან მისვლის გარეშე, გადაწყვიტა, რომ მათ შვილს ლაქტოზას აუტანლობა ჰქონდა და ბავშვს ცელიაკიის დიაგნოზიც დაუსვეს. დედ-მამა რამდენიმე თვის შვილს ბრინჯს, წიწიბურის რძესა და ქინოას აჭმევდნენ. როცა პატარა ავად გახდა, მშობლებმა ექიმთან არ წაიყვანეს და სახლში დამოუკიდებლად მკურნალობა გადაწყვიტეს. თუმცა, ის გარდაიცვალა... წყვილმა ციხეში 6 თვე გაატარა.
რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში 35 წლის მამაკაცმა სასწრაფო დახმარებას მიმართა და თქვა, რომ მისი წლი-ნახევრის შვილი არ სუნთქავდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც მოგვიანებით მშობლებმა აღიარეს, ისინი უმ ვეგანურ კვებაზე იყვნენ და ბავშვს მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს აჭმევდნენ. წყვილი პოლიციას თავად ჩაბარდა...
2016 წელს იტალიაში ვეგანი მშობლებისთვის სპეციალური კანონიც კი შექმნეს, რომელიც მცირე ასაკის ბავშვის მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე გადაყვანას კრძალავს. ინიციატივა ელვირა სავინოს ეკუთვნოდა, რომელიც ამბობდა, რომ ვეგეტარიანული კვების წესი უკვე ზრდასრულმა ადამიანმა უნდა აირჩიოს. პოლიტიკოსის თქმით, მშობლებს, რომლებიც შვილს "აიძულებენ“, რომ არასრულფასოვნად იკვებოს, 1 წლით პატიმრობა მიესჯებათ. თუ ბავშვი კვების მსგავსი მოდელის გამო დაავადდება, მშობლები ციხეში 2-დან 4 წლამდე პერიოდს გაატარებენ. ხოლო, თუ ბავშვი გარდაიცვლება, მაშინ მშობლებს ციხეში 6 წლის გატარება მოუწევთ.