დეკემბერში, ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი - 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. ვიდრე ბავშვების დედა, მეზობლის დახმარებით ძაღლის დაკბენილი უფროსი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, 2 წლის ლაზარესაც უკბინა.
16 დეკემბერის შემდეგ ლაზარე დედასთან ერთად კლინიკაში რჩება. ბავშვს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ დროისთვის სკალპის 80% დახურულია. Ambebi.ge-სთან ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:
- ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩებით, ლაზარე თავს კარგად გრძნობს. ამ დღეებში მეორე ოპერაცია იგეგმება. პირველი ოპერაციის დროს კანის 80% დაიფარა, დანარჩენი ჯერ არ აქვს დაფარული.
- თავიდან ერთი პერიოდი ყველაფერს იხსენებდა. დედაჩემი რამდენიმე დღე ჩემთან ერთად იყო პალატაში და მასთან უფრო საუბრობდა. ახლა ვცდილობთ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ისე ყველაფერი ახსოვს. ღამე, ღრმა ძილში რომ მიდის, უცებ გაეღვიძება და საათნახევარი გაუჩერებლად ტირის, ალბათ ყველაფერი ახსენდება. დამამშვიდებელს ვაძლევთ.