ბავშვობიდან დღემდე ნინო თარხან-მოურავისთვის ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან ასოცირდება. "მთელი ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ყველა ჩემი ახალი წელი ფანტასმაგორიული იყო. ძალიან ვერთობოდით და კარგ დროს ვატარებდით. დროის სვლასა და ბებიობის სტატუსთან ერთად, რაღაცები შეიცვალა. ახლა ახალ წელს აღვნიშნავ, მაგრამ ვიწრო წრეში და აღარც ისეთი ჟრიამული გვაქვს, როგორც უწინ... საერთოდ, ვფიქრობ, ოჯახური დღესასწაულია და ჩვენც ამ დღეს ვცდილობთ ერთად ვიყოთ", - მითხრა მსახიობმა ნინო თარხან-მოურავმა. მისი და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახი 33 წელს ითვლის. წყვილს ერთი შვილი - ლიზა და ორი შვილიშვილი ჰყავს.
- ძალიან პატარა, ალბათ 4-5 წლის ვიქნებოდი, დედა თოჯინების თეატრში წაყვანას დამპირდა. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მზე ანათებდა. მახსოვს, როგორ ვიდექი ფანჯარასთან და იმ დროს ველოდი, როცა სპექტაკლზე წავიდოდით. უზომო სიხარულის განცდა მქონდა და ის წუთები მთელი ცხოვრება მომყვება. ახლაც მინდა ერთხელ ასე ბედნიერმა გავიღვიძო (იღიმის). თეატრთან დაკავშირებული შემდეგი დიდი შთაბეჭდილება იყო, როცა "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, VI-VII კლასის მოსწავლე ვიქნებოდი და ალბათ, ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ მახსოვს, როგორი სუნთქვაშეკრული ვუყურებდი სპექტაკლს და მინდოდა წარმოდგენის მონაწილე მეც ვყოფილიყავი.
- ბავშვობაში რამე განსაკუთრებული მძიმე განცდა არ მქონია, მაგრამ ვნაღვლიანდებოდი, როცა დედაჩემი სადმე მიდიოდა. მცირე დროითაც კი რომ მიემგზავრებოდა, ბებიასთან მტოვებდა, რომელსაც ასევე დედას ვეძახდი, მაგრამ მაინც, სევდანარევი იყო ის დრო, რომელსაც დედის გარეშე ვატარებდი.
- სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პოლონეთში ჩასული, კინოში დაგვპატიჟეს. მაშინ ვნახე ფილმი "თმა", რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი რეჟისორი მილოშ ფორმანი და არც მის შემოქმედებას ვიცნობდი. შემდეგი დიდი შთაბეჭდილება ემირ კუსტურიცას ფილმს "ანდერგრაუნდს" უკავშირდება. პირველად შემთხვევით ვნახე, ტელევიზორთან ვიჯექი, არხიდან არხზე ვრთავდი. ერთგან ამ ფილმს გადავაწყდი და ვეღარ მოვწყდი. საერთოდ, ბევრი ფილმი მიყვარს გამორჩეულად და დაუსრულებელი სია შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ უცებ რაც გამახსენდა, ეს არის.
- თანამედროვე ქართულ კინოში დიდი პაუზა იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულია. ძალიან ვისიამოვნე, ლევან თუთბერიძის "სამურაი დასვენების ჟამს" რომ ვნახე. გამოვარჩევდი დიტო ცინცაძის ფილმს "და მერე გათენდა". კიდევ რამდენიმეა, მაგრამ ისე გამოდის, რომ რაც მომეწონა, მათში ჩემი ქმარი თამაშობს და მგონი, ამ ფილმების დასახელება უტაქტოდ გამომივა (იღიმის).
- "მოქალაქე წმინდანზე" გავგიჟდი! ამ ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საერთოდ, ვფიქრობ, ბოლო დროს ბევრი კარგი ფილმი "წამოვიდა" და ეს სასიხარულოა.
- პირადი ცხოვრებიდან დავასახელებ... მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი ბინა დიდხანს არ გვქონდა. ბევრს ვეძებდით, ზოგი არ მოგვწონდა, ხან შევარჩევდით და შეძენას ვერ ვახერხებდით. ერთ მშვენიერ ნინოობას ჩემმა მეუღლემ ბინის გასაღები მაჩუქა. დღემდე იქ ვცხოვრობთ, უბრალოდ ახლა წავკისში ვართ, იქ პანდემიის დროს ავედით და დავრჩით. ორი ბავშვი წამოგვეჩიტა და გადავწყვიტეთ ჰაერზე გავზარდოთ.
- ანდრო 2 წლისა და 8 თვისაა, ხოლო ლილე - 8 თვის. ჩემი მეგობრები, გამოცდილი ბებიები სულ მეუბნებოდნენ, ბებია რომ გახდები, არ იცი, რა დაგემართებაო. ვფიქრობდი, განსაკუთრებული რა უნდა შეიცვალოს, შვილიშვილის შეძენა გამიხარდება და რასაკვირველია, მეყვარება-მეთქი, მაგრამ ეს საოცარი გრძნობა აღმოჩნდა. უფროსი რომ იზრდება, სულ უფრო მეტად შემოდის კონტაქტში და სულ მეტიტინება, ამაზე უფრო და უფრო ვგიჟდები! ეს დიდი ბედნიერებაა. მე ასე მივმართავ: "ბება", ის კი "ნუნას" მეძახის და მას შემდეგ "ნუნა" გავხდი (იღიმის). იხილეთ სრულად