„პიკი გადავლილია... ვინც გადაიტანა, მას იმუნიტეტი დარჩა... იმასთან შედარებით, რაც გავლილი გვაქვს, შედარება არ იქნება" - მშობლები

„პიკი გადავლილია... ვინც გადაიტანა, მას იმუნიტეტი დარჩა... იმასთან შედარებით, რაც გავლილი გვაქვს, შედარება არ იქნება"

2024-01-15 21:01:00+04:00

"2023 წლის დეკემბერში "კოვიდ-19"-ით დაღუპულთა რაოდენობამ 10 000 კაცს მიაღწია", - ამ ინფორმაციას ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს და დასძენს, რომ სიკვდილის ეს დონე პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ხალხი მაინც შეშინდა, ვაითუ "კოვიდის" ახალი შემოტევა იწყებაო. ამიტომ "კოვიდისა" და ვირუსული ინფექციების შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს ვესაუბრეთ:

- შედარება არ არის იმასთან, რაც პანდემიის დროს იყო. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ლეტალობა დაახლოებით ასიდან ერთია. ჩვენთან ბოლო მონაცემით, ყველა ვირუსულ ინფექციაში კორონას წილი 3%-ს შეადგენს. არის ქვეყნები, სადაც ეს მონაცემი მეტია, მაგრამ არსად არ არის კორონას შემთხვევა მეტი, ვიდრე სხვა გრიპის ვირუსების.

- საბერძნეთში გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით "კოვიდ-19"-ით სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. მედია აღნიშნავს, რომ თუ მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, ყოველკვირეულად 80-მდე კაცის დაღუპვაა მოსალოდნელი, იტალიაში კი 2023 წლის ბოლო ორ კვირაში "კოვიდ-19"-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

- როგორც ხედავთ, "კოვიდ-19" ნელ-ნელა უახლოვდება გრიპს. ჩვეულებრივ, ასეთი რაოდენობა გრიპის დროსაც არის ხოლმე, თან გაითვალისწინეთ, ამ ქვეყნებში რამდენი მილიონია მოსახლეობა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად "კოვიდის" 2 ახალი შტამი გამოჩნდა - JN.1 და HV.1.

- ორივე "ომიკრონის" ქვევარიანტია და უფრო სწრაფად ვრცელდება.

- შეიძლება ვთქვათ, რომ სიმძიმით, ახლა რომ გრიპები დადის, იმაზე რთულია?

- შედარება ძალიან ძნელია. ვიღაცას მსუბუქად გადააქვს, ვიღაცას საშუალო სიმძიმით, ვიღაცას მძიმედ, მაგრამ "კოვიდ 19"-ის შტამებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ვირულენტურია.

- საქართველოში თუ დაუდასტურდა ვინმეს ახალი შტამები JN.1 და HV.1?

- ჯერ არა. ჩვენთან დეკემბერში პირველად დადასტურდა მათი წინამორბედი შტამი BA2.86.

- ვაქცინები, რომლებიც ჩვენთან ხელმისაწვდომია, როგორ მოქმედებენ ახალ შტამებზე?

- ვაქცინის ბოლო ვარიანტი, რომელიც ამერიკაში სექტემბრის ბოლოს დამტკიცდა, როგორც ამბობენ, ამ შტამებს ფარავს და ახლა მოლაპარაკებაა ამ ვაქცინის საქართველოში შემოსატანად.

- საქართველოს მოსახლეობა რითიც არის აცრილი, ის ვერ დაგვიცავს ამ შტამებისგან?

- რაღაც მცირე დაცვა იმასაც ექნება.ზოგადად, ვაქცინა რამდენიმე თვე გვიცავს.

- ჩვენთან "კოვიდის" შემთხვევების მატებას ელოდებით?

- იმასთან შედარებით, რაც გავლილი გვაქვს, შედარება არ იქნება, უმნიშვნელო მატება შეიძლება. დღეში ათასობით შემთხვევა რომ იყო, ეს აღარ იქნება. ახლა იმიტომ გამოჩნდა გრიპიც და სხვა ვირუსებიც, რომ 2 წელიწადი ყველა დადიოდა პირბადით, რომელიც იცავდა კორონისგან, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად იცავს გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებისგან. ამიტომაც იმ პერიოდში გრიპის ცოტა შემთხვევა იყო, კორონა დომინირებდა. ახლა პირბადეებს აღარ ატარებენ და შემთხვევებმაც იმატა.

- მოსალოდნელია ისევ ჩაკეტვა, სწავლის გადადება და მსგავსი აკრძალვა-რეგულაციები?

- კორონასა და ყველა ამ ვირუსისგან, რაც ახლა ცირკულირებს, არა. დღევანდელი არც ერთი ვირუსის გამო ჩაკეტვა არ იქნება. თუმცა მერე რა იქნება, წინასწარ რა ვიცით, გამორიცხული არაა რომელიღაც ვირუსი ისევ გააქტიურდეს. პანდემიები 10-40 წლის ინტერვალებით ყოველთვის იყო. პანდემია იყო 70-იან წლებშიც, 60-იანშიც, გრიპის სხვადასხვა ვარიანტი ჩნდებოდა ხოლმე. სულ ბოლო გრიპის პანდემია 2009-2010 წლებში იყო.

- ღორის გრიპს რომ ეძახდნენ, H1N1, არა?

- დიახ. მაშინაც პანდემია იყო, თუმცა ისეთი ლეტალობა არ ჰქონია, როგორიც კორონას ახასიათებს.

- დღესაც ხომ H1N1 ცირკულირებს?

- დიახ, თუმცა ის პანდემიური ვირუსი იყო, რომელიც ახლა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდა. ისევე როგორც კორონა ნელ-ნელა სეზონური ხდება.

- ამბობენ, H1N1 მძიმედ მიმდინარეობსო.

- როცა პანდემიური იყო, მაშინ მიმდინარეობდა მძიმედ, არავის ჰქონდა მასზე იმუნიტეტი და ახლა, როცა 2009 წლის მერე დადის დედამიწაზე, ვინც გადაიტანა, მას იმუნიტეტი დარჩა. ვინც აიცრა, იმასაც ხომ აქვს იმუნიტეტი იმ წელიწადს - ამაზეა დამოკიდებული სიტუაცია. ჩვეულებრივ, პანდემიას იწვევს რაღაც ახალი, რომელზეც დედამიწაზე არავის აქვს იმუნიტეტი. იზოლაციის მკაცრი ზომები მაშინაა საჭირო, როდესაც რაღაც ახალია, მასზე იმუნიტეტი არავის აქვს და ბევრს კლავს.

- ამ ეტაპისთვის რა ვირუსები ცირკულირებს საქართველოში?

- ცირკულირებს, ძირითადად A ტიპის გრიპი (H1N1 და H3N2), უფრო კონკრეტულად წამყვანია H1N1 - 40%-ზე მეტი, ცოტა H3N2-იც გვხვდება. მეორე ადგილზეა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, მისი წილი დღეს გავრცელებული ვირუსებიდან 17-18%-ს შეადგენს. რინოვირუსები 10%-ზე ნაკლებია, დანარჩენი ვირუსები 2-3%-ია, ხოლო კორონას წილი მათ შორის, როგორც გითხარით, 3%-ია.

- მათ მიმდინარეობებზეც ვისაუბროთ.

- არავითარი განსხვავება არ არის. ადამიანს H1N1 დაემართა თუ რინოვირუსი, ის ჩვენ გვაინტერესებს, ეპიდემიოლოგებს, იმიტომ, რომ სხვადასხვა გავრცელების პოტენციალი აქვთ, მაგრამ ადამიანისთვის სულერთია, სიმპტომები გრიპსაც და გრიპისმაგვარსაც ერთნაირი აქვთ, ეგ არის, გრიპს ოდნავ მეტი ინტოქსიკაცია ახასიათებს. მთავარი სიმპტომია მაღალი ტემპერატურა. H1N1 იმითიც გამოირჩევა, რომ უცებ მაღალი ტემპერატურით იწყება, ახასიათებს სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი. ჩვეულებრივ ამ სიმპტომებით გადააქვთ, ხოლო გართულების შემთხვევაში ფილტვებს აზიანებს. საბედნიეროდ, გართულება არ არის ხშირი.