დანიის 83 წლის დედოფალი მარგარეტე II ტახტიდან გადადგა 52-წლიანი მმართველობის შემდეგ და დანიას ახალი მეფე ჰყავს - მარგარეტეს უფროსი ვაჟი, ფრედერიკ X-ად წოდებული ამიერიდან. დედოფალმა შვილის სასარგებლოდ თქვა უარი ტახტზე.
დედოფალმა 2023 წელს ზურგზე სერიოზული ოპერაცია გაიკეთა და მისივე თქმით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც ტახტიდან გადადგომა გადაწყვიტა, ჯანმრთელობის პრობლემებია. ელისაბედ II-ის შემდეგ, მარგარეტე II ევროპის ყველაზე ხანდაზმულ და ძლიერ მონარქად ითვლებოდა. ის დანიის ბევრ მოქალაქეს უყვარდა და ადამიანები ფიქრობდნენ, რომ დედოფალი სიცოცხლის ბოლომდე ამ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა და პროცესებს სწორად წარმართავდა. ამიტომაც, როდესაც მარგარეტე II-ს მიერ ტახტის დატოვება ბევრისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მოსახლეობას ყველაზე მეტად ის კი არ ანერვიულებდა, რომ მათი საყვარელი დედოფალი ტახტს ტოვებს, არამედ ის, რომ მარგარეტე II გვირგვინს შვილს, ფრედერიკს გადასცემს...
ფრედერიკი, პრინცესა დიანასა და ჩარლზის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალშია გახვეული. ის სექსუალურ სკანდალში გაეხვა და არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს.
ყველაფერი 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ მარგარეტე II-ის გადადგომაზე არავინ ფიქრობდა. პრინცი ფრედერიკის მეუღლე, პრინცესა მერი გაეროს დღის აღსანიშნავად ნიუ-იორკში გაფრინდა.
ხოლო, მისი ქმარი, გამოცემა Lecturas-ის თანახმად, მადრიდში გაემგზავრა. იქ მეგობართან ერთად პიკასოს გამოფენის მონახულებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მისი მეგობარი ავად გახდა. იმისათვის, რომ ექსკურსია არ გაუქმებულიყო, პრინცთან მსახიობი, მოდელი, ქველმოქმედი და მრავალი რეალითი შოუს მონაწილე, ჰენოვევა კასანოვა გააგზავნეს. ის ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა და ამიტომაც, ფრედერიკისათვის შესანიშნავი მეგზური აღმოჩნდა.
ჟურნალმა Lecturas-მა პრინცი ფრედერიკის მუზეუმში მოგზაურობა ასე აღწერა: "ისინი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ერთად დადიან და ნახატებს ათვალიერებენ. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მათ შორის, არც დაცვის თანამშრომლები. ერთად თავს ძალიან თავისუფლად გრძნობენ."
თუმცა, ეს ამბავი ასე არ დასრულებულა. როგორც ჟურნალში დაიწერა, პრინცმა და მოდელმა ერთად პარკშიც გაისეირნეს. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალეს და რესტორანში სავახშმოდ წავიდნენ. რესტორანში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ, შემდეგ კი პრინცი ფრედერიკი კასანოვას სახლში წავიდა. პრინცმა მოდელის სახლი დილით დატოვა, ამიტომაც იგი ღალატში დაადანაშაულეს და დიდი სკანდალი ატყდა. ამბავს უამრავი ტაბლოიდი და ადგილობრივი მედიასაშუალება გამოეხმაურა. კასანოვას გმობდნენ, მომავალ მეფეს კი მოღალატეს უწოდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სკანდალი ესპანეთშიც მოხდა. დედოფალი ლეტიციას ყოფილი შეყვარებული ამტკიცებდა, რომ ლეტიციამ ქმარს მასთან უღალატა. მისი თქმით, იგი ქალს 2000-იან წლებში ხვდებოდა. როგორც მამაკაცი ამბობდა, ის და ლეტიცია ამერიკაში გაქცევას აპირებდნენ, თუმცა დედოფალმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ესპანეთის სამეფო ოჯახი ამ ფაქტს არ გამოხმაურებია და ფაქტის იგნორირება გადაწყვიტეს. დედოფალი ლეტიციასა და ფილიპე VI-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ წყვილი ერთად ბედნიერად ცხოვრობს და თავიანთი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს.
მსგავსი სცენარი განვითარდა დანიის შემთხვევაშიც... პრინცესა დიანამ გადაწყვიტა, ეს ამბავი საერთოდ არ შეემჩნია...
პრინცესა მერისა და პრინცი ფრედერიკის სიყვარულის ისტორია 2000-იანი წლებიდან დაიწყო. მერი დონალდსონი ავსტრალიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. სპეციალობით იურისტია, თუმცა დიპლომის აღების შემდეგ სარეკლამო სააგენტოებში მუშაობდა. მომავალი მეუღლე 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების დროს გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბარში შეხვდნენ. როგორც ცნობილია, პრინცესა მერის ერთმა წინასწარმეტყველმა უწინასწარმეტყველა, რომ მდიდარ უცხოელს გაიცნობდა და მასზე დაქორწინდებოდა, თუმცა მას ამ წინასწარმეტყველებისათვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევია...
მერისა და ფრედერიკის სიყვარულის ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა ისინი საკუთარ ურთიერთობას საზოგადოებისაგან საგულდაგულოდ მალავდნენ. იმის გამო, რომ მომავალი წყვილი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, ერთმანეთს ხშირად ვერ ნახულობდნენ და ძირითადად, კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჰქონდათ.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მერი კოპენჰაგენში გადავიდა და მარგარეტე II გაიცნო. 2003 წლის ოქტომბერში დანიის სამეფო კარმა წყვილის ნიშნობა გამოაცხადა. როგორც ამბობენ, დედოფალს არა მხოლოდ მოსწონდა ფრედერიკის მომავალი მეუღლე, არამედ მისი თვისებებით აღფრთოვანებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მერი ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო და სამეფო წარმომავლობა არ ჰქონდა, სახლში ყველამ დიდი სიყვარულით მიიღო. ქორწილი 2004 წლის 14 მაისს გაიმართა და ქალმა პრინცესას ტიტულიც მიიღო.
სკანდალის შემდეგ მერიმ დუმილი გადაწყვიტა და არსებულ ჭორებს არ აჰყვა. მეტიც, მას შემდეგ, რაც ღალატის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, იგი საზოგადოებაში გამოჩნდა გულსაკიდით, რომელსაც ასო F ეწერა, რაც მიუთითებდა იმას, რომ მეუღლის, ფრედერიკის გვერდით ყოფნას აპირებდა.
"კატეგორიულად უარვყოფ, იმ განცხადებებს, რომლებიც ჩემი და პრინცი ფრედერიკის შესახებ ვრცელდება. ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ სიცრუე და ფაქტების დამახინჯებაა", - თქვა თავად კასანოვამ. მეტიც, ქალმა გამოცემა Lecturas-ის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა და თქვა, რომ მედია მას ცილს სწამებდა. ის ცოტახნით ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ქალი ამ სკანდალით ბედნიერია და მეტიც, ჟურნალისტებს თავად მიაწოდა ინფორმაცია.
ამავდროულად, ესპანელი ტელეწამყვანი სიუზანა გრისო ირწმუნება, რომ კასანოვა და ფრედერიკი დიდი ხანია ერთმანეთს მეგობრების მეშვეობით იცნობენ და წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან. როგორც გრისო აცხადებს, კასანოვა და დანიის მომავალი მეფე კერძო სახლებში ხვდებიან ერთმანეთს და დროს ერთად ატარებენ.
თუმცა, ამ ინფორმაციამ პრინცის ოჯახი კი არ დაანგრია, არამედ ზეგავლენაც კი არ მოუხდენია. ცოტახანს ფრედერიკი უკვე ოფიციალურად გახდება დანიის მეფე და ალბათ, არსებული სკანდალი მას სიხარულის გაზიარებაში ხელს ვერ შეუშლის.