ლიანა ღუღუნიშვილი მე-15 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სამოქალაქო კლუბის "მე - აქტიური მოქალაქე" მეურვეა. 1990 წლიდან სკოლაში მუშაობს, 2004 წლიდან კი სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და მოსწავლეებთან ერთად, არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გარდა ამისა, ის ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავმჯდომარეა და სურს, მოსწავლეები აქტიური, ტოლერანტი და პასუხისმგებლიანი ადამიანები გახდნენ. მათმა ერთ-ერთმა ბოლო პროექტმა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა რუსთავის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასუფთავეს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ლია ღუღუნიშვილი კონკრეტული პროექტისა და სხვადასხვა აქტივობის შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება:
- როდესაც USAID-მა საქართველოში სამოქალაქო განათლების კუთხით პროგრამა დაიწყო, PH International-მა ჩვენს სკოლასთან პირველივე ჯერზე გააფორმა ხელშეკრულება და მას შემდეგ არაერთი საინტერესო ეტაპი გავიარეთ. დროთა განმავლობაში, სამოქალაქო განათლების კლუბი ჩამოვაყალიბეთ, რამდენიმე თაობა შევცვალეთ, ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორციელეთ და პროექტებში ჩავერთეთ. სკოლისთვის, თემისთვის, ქალაქისა და რესპუბლიკის დონეზე არაერთი საინტერესო ინიციატივა წარვადგინეთ. ამ წლების განმავლობაში, მოსწავლეები აცნობიერებდნენ, როგორია აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია თითოეულ მათგანს.
- USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში ვართ ჩართულნი. გვინდოდა, პრობლემური საკითხი გამოგვეკვეთა, რაც მოსწავლეებს სკოლის, თემის, ქალაქის, თუნდაც რესპუბლიკის დონეზე აწუხებდათ და სურდათ, რაიმე უკეთესობისაკენ შეეცვალათ, თანატოლებისა და უფროსების ცნობიერება, ამ კუთხით, აემაღლებინათ და პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. მოსწავლეები დაფიქრდნენ და თქვეს, ვანდალიზმია ის საკითხი, რაც განსაკუთრებით აწუხებთ. ქალაქში ვანდალიზმის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა. სამწუხაროდ, აზიანებენ, აჭუჭყიანებენ არა მხოლოდ ტრანსპორტს, არამედ სკვერში განთავსებულ ინვენტარს, სხვადასხვა ნაგებობას. იდეა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეკუთვნით. ისინი პროექტულ სწავლებასაც გადიან. მიზნად დაისახეს, რომ ვანდალიზმის ფაქტები გამოევლინათ და შემდეგ შეემუშავებინათ გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემას შეებრძოლონ. შედეგად, გაჩნდა პროექტი სახელწოდებით: "ჩვენი არჩევანი - რუსთავი ვანდალიზმის გარეშე." სამოქალაქო განათლებისა და პროექტული სწავლების გაკვეთილები ავიღეთ, დავიწყეთ აქტიური მუშაობა. მიზანი, გეგმები, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები გამოვკვეთეთ და კონკრეტულ აქტივობებზე გადავედით. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტიური მოსწავლე გაერთიანდა. მინიმალური სახსრებით ხელშესახები შედეგის გამოწვევა გვინდოდა. ბავშვებმა პროექტისთვის ძველი მაისურები მოიტანეს, რომელსაც დააწერეს - "არა ვანდალიზმს". სკოლის ეზოში მაისურები გამოფინეს, სხვა მოსწავლეების ყურადღება მიიპყრეს და გააგებინეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი პროექტი იწყებოდა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, საიდან მოდის ტერმინი "ვანდალიზმი", ასევე მოიპოვეს ქალაქის მასშტაბით განზრახ დაზიანებული ადგილების, სკვერების, ნაგებობების, სკამების, კონკრეტული საგნებისა და ტრანსპორტის ფოტოები. შეიქმნა რამდენიმე ვიდეო, სადაც ბავშვებმა ვანდალიზმი აღწერეს, სხვადასხვა კლასში შედიოდნენ და მოძიებულ ინფორმაციასა და ვიზუალურ მასალას სხვა მოსწავლეებს უზიარებდნენ. გარდა ამისა, ბავშვებმა თემების კონკურსი გამოაცხადეს, რომელსაც ერქვა "ჩვენი არჩევანი - რუსთავი ვანდალიზმის გარეშე". შედგა სპეციალური კომისია, ქართულის მასწავლებელს დახმარება სთხოვეს, ხათუნა მდინარაძე გამოგვეხმაურა, რომელიც საუკეთესო ნაშრომების გამოვლენაში ჩაერთო. ძალიან ბევრი თემა შემოვიდა, სადაც ბავშვები ზუსტად აღწერდნენ პრობლემას და გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია, საყვარელი ქალაქი, გარემო დაიცვან და არსებულ სივრცეებს გაუფრთხილდნენ. მოძიებული ინფორმაციისა და გაანალიზების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო. როდესაც სკვერში სკამები, სხვადასხვა ინვენტარია დაზიანებული, დამტვრეულია საგნები, მისი აღდგენისა და განახლებისათვის, რა თქმა უნდა, სხვა რესურსებია საჭირო.
ამიტომ, გვინდოდა, ისეთი მიმართულება აგვერჩია, რასაც დამოუკიდებლად, ჩვენი ძალებით შევწვდებოდით. გადავწყვიტეთ, რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოფარეხში მივსულიყავით და ტრანსპორტი დაგვესუფთავებინა. როდესაც მოსწავლეებმა საკითხი გამოიკვლიეს, ერთ-ერთი მშობელი კონტროლიორია, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა და გაარკვიეს, როდის შედის ფარეხში ტრანსპორტი, როდის ასრულებენ მუშაობს, რა პროცედურების გავლაა საჭირო და ასე შემდეგ. მოსწავლეებმა ეს პროგრამა თავიანთ მშობლებსაც გააცნეს და მხარდაჭერა სთხოვეს. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოფარეხის ადმინისტრაციის უფროსს დავუკავშირდით. გვითხრა, რომ ბავშვებისათვის უვნებელ და მისაღებ გასაწმენდ საშუალებებს დაგვახვედრებდა, თუმცა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, საწმენდი საშუალებები თავად წაეღოთ. კონსულტაცია ქიმიის მასწავლებელთანაც გაიარეს, გაარკვიეს, რომელია ბავშვებისათვის უვნებელი ჰიგიენური და სარეცხი საშუალებები, სკოლამ პირბადეები და ხელთათმანები გამოგვიყო და ადმინისტრაციისაგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ამის შემდეგ ღამის საათებში ავტოფარეხისაკენ გავემართეთ. მშობლების მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა გვქონდა. იმის მიუხედავად, რომ ციოდა და ღამე იყო, მხარდასაჭერად უამრავი მშობელი მოვიდა. საოცარი გარემო შეიქმნა... მათ ძალიან ეამაყებოდათ, რომ თავიანთი შვილები ასე გულმოდგინედ ასუფთავებდნენ მუნიციპალურ ტრანსპორტს. ბავშვები შლიდნენ უცენზურო წარწერებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ტრანსპორტში ხშირად ტოვებენ, გაჰქონდათ ნარჩენები, წმენდდნენ, სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკითხს და მშობლებს, დახმარება რომ უნდოდათ, არ აძლევდნენ უფლებას.
ჭავლით წმენდდნენ, მონაწილეობის მიღება ყველას სურდა. გოგონები აბსოლუტურად მომზადებულები იყვნენ, ყველანაირი თვალსაზრისით. საქმიანობა სრულად ჰქონდათ გადანაწილებული და მთელი გულით აკეთებდნენ ამ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო, ფანჯრების, სკამების გაწმენდაც დაიწყეს. რაც მთავარია, დაინახეს, რამდენად შრომატევადია ეს პროცესი. იმის გამო, რომ ადამიანები უდიერად ექცევიან სხვადასხვა ნივთს, აჭუჭყიანებენ, ნარჩენებს ტოვებენ, სხვადასხვა უცენზურო ნახატსა და წარწერებს აკეთებენ, ავტოფარეხში დალაგება შუაღამემდე უწევთ... ადგილზე დაგვხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ავტოფარეხში ექსკურსია ჩაგვიტარეს, აგვიხსნეს, ვინ, როგორ მუშაობს და რას აკეთებს. მძღოლები აღფრთოვანებულები იყვნენ, როდესაც დაინახეს, რამხელა პასუხისმგებლობითა და სიყვარულით აკეთებდნენ ბავშვები ამ საქმეს. როდესაც თენდება და ადამიანი გარეთ გადის, პირველი პოზიტიური განწყობა უნდა შეექმნას იმით, რომ სუფთა ტრანსპორტში ჩაჯდეს. პრობლემაში ეს საკითხიც კი გვქონდა დასახელებული, როდესაც პროექტის გეგმა გავწერეთ. ამიტომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თითოეული მოქალაქის განწყობაზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ. აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ განხორციელებული პროექტების მხარდამჭერია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც ხორციელდება PH international- ის მიერ აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქვემო ქართლის პარტნიორი ორგანიზაციის "სიქა" - ს მხარდაჭერით.
- როდესაც პროექტებსა და აქტივობებზე ფიქრს ვიწყებთ, საჭიროებების კვლევას ყოველთვის მივმართავთ. ერთ-ერთი ასეთი მოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ სკოლაში ელექტროენერგია უმიზნოდ იხარჯება. ზოგჯერ, როცა ისედაც კარგი ბუნებრივი განათლებაა, ოთახში შუქი მაინც ანთია. ამიტომაც, დაიწყეს პროექტი ელექტროენერგიის დაზოგვაზე. ბავშვებმა ლოზუნგები, სლოგანები შექმნეს. დიდი სააქტო დარბაზი მოიცვეს. მოაწყვეს ფლეშმობი, პროექტორით მოძიებული მასალა გააშუქეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ, თაკო კილაძემ საკუთარ ოჯახში ვიდეოც გადაიღო და საილუსტრაციოდ, ქვითრებით გვაჩვენა, რა შედეგი მიიღეს დაზოგვის შემდეგ და რა იყო იქამდე. თაბახის ფურცლებზე საინფორმაციო შინაარსის მოწოდებები ამობეჭდეს და კლასებში გააკრეს, რომ თანატოლებისთვის შეეხსენებინათ, რომ ელექტროენერგიაზე ზრუნვა საჭიროა.
რამდენიმე წლის წინ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებში ველოტრანსპორტის პოპულარიზაცია გვინდოდა. სკოლის წინ ველოსიპედების სადგომი გავაკეთეთ და ამან ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბავშვები სკოლაში ველოსიპედებით მოდიოდნენ. გარდა ამისა, დავგეგმეთ გამწვანების აქცია. სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პაულონია დავრგეთ. თემის წევრები, ბებიები, ბაბუები გამოდიოდნენ და თავადაც გვეხმარებოდნენ...
- სამოქალაქო განათლება - ეს საგანი არა მხოლოდ სკოლისათვის, არამედ ცხოვრებისთვისაა. მსგავს აქტივობებს კი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ დაინახეს, რამხელა შრომას გადიან ავტოფარეხში ადამიანები, რომლებიც სისუფთავეს იცავენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც თავად დააზიანონ და სხვასაც მოუწოდონ სიფრთხილისკენ. სამოქალაქო განათლება აქტიურ მოქალაქეებს აყალიბებს, რომლებსაც ამ საზოგადოებაში თავიანთი როლი და დანიშნულება აბსოლუტურად გააზრებული აქვთ. იციან, როგორ უნდა გამოხატონ ინიციატივა, გამოკვეთონ პრობლემა, დაწერონ პროექტი და მოგვარების გზებზე იფიქრონ. უყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარები.
ყველა თავმჯდომარემ, რომლებიც კლუბს ხელმძღვანელობდა, სკოლის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ასე ყალიბდებიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი უფლებები და მოვალეობები გაცნობიერებული აქვთ. დემოკრატიული საზოგადოების შესაქმნელად კი ძალიან ბევრი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი გვჭირდება.
თამარ იაკობაშვილი