ნათლისღებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს და ის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო, მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ეს ის მთავარი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება. ნათელმირონობას საქართველოში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ცდილობს ნათლიად ყველაზე ახლობელი და კარგი ადამიანი შეარჩიოს. ტრადიციულად, 19 იანვარს ნათლულები ნათლიებს ულოცავენ და შეძლებისდაგვარად სტუმრადაც მიდიან.
გეგე სულხანიშვილი, მსახიობი: - სანამ ორი ცოლი მყავდა, მანათვლინებდნენ ბავშვებს. ხომ იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს "ცალი გვერდი ნათლიისა აქვსო" და ეტყობა, ამ გამოთქმას ძალა არ დაუკარგავს და მას შემდეგ სულ მერიდებიან, ნათლიის არაფერი გადაედოსო. ნათლობებზე მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ ნათლიად - აღარ. ორი ბიჭი ნათლული მყავს და ორიც გოგონა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ არის დაოჯახებული. ასე რომ, ტყუილად ეშინიათ ჩემი. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ნათლულები ნათლიებს ულოცავენ ამ დღესასწაულს და ოთხივე მირეკავს ხოლმე, სტაბილურად.
- მე ისეთ წლებში დავიბადე, როცა მონათვლა რისკთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ მშობელი რაღაცას წარმოადგენდა, ან თანამდებობა ჰქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მოვინათლე, 1960-იანი წლების დასაწყისში, მამამ ალავერდში წაგვიყვანა. დიდ პატივს ვცემდი ჩემს ნათლიებს, ისინი ამქვეყნად აღარ არიან.
ზურა ყიფშიძე, მსახიობი:
- სამწუხაროდ, ამ თემაზე კარგს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემი ნათლული გარდაცვლილია... ძმაკაცის მეჯვარე ვიყავი და მისი შვილის ნათლია, რომელიც ტრაგიკულად - ავარიით დაიღუპა... სამი სასახლე იყო ჩემი ძმაკაცის სახლში - შვილი, შვილიშვილი და სიძე, ერთი სასახლე კი მამამისის სახლში... მაგის მერე ვთქვი, ცუდი ფეხი მაქვს და თავი გამანებეთ-მეთქი...
სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი:
- ნათლისღების დღესასწაული ძალიან მიყვარს, ბევრი ნათლული მყავს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც მედო პოსტი, როცა მეოცე ბავშვი მოვნათლე. ვცდილობ ყურადღებიანი ნათლია ვიყო, უბრალოდ, ბოლო დროს დროის უქონლობის გამო ისე ვეღარ ვახერხებ, როგორც აქამდე. სამი შვილი მყავს და ჩემს შვილებს შესანიშნავი ნათლიები ჰყავთ. ვცდილობ ხოლმე ეს დღე ჩემი შვილების ნათლიებსა და ჩემს ნათლულებთან ერთად გავატარო. დილით ბავშვები აუცილებლად მიმყავს ტაძარში - ეს არის მთავარი. ჩემი ნათლულებიდან რამდენიმე მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის შვილიცაა, მათ შორის, ექიმების.
მეც არაჩვეულებრივი ნათლიები მყავს და დიდ პატივს ვცემ. ჩემი ოჯახისთვის ეს დღე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბაბუა ძალიან მორწმუნეა და რელიგიურ დღესასწაულებს მუდამ გამორჩეულად აღნიშნავდა. მახსოვს, ნათლისღებას მისი ყველა ნათლული ჩვენთან მოდიოდა, ეს ტრადიცია იყო, შემდგომ ისინი თავიანთი შვილებითა და ოჯახებით გვსტუმრობდნენ. ბაბუას ჩემზე გაცილებით მეტი ნათლული ჰყავდა. ნათლისღებას ვულოცავ ჩემს ოცივე ნათლულს, ჩემი შვილებისა და ჩემს ნათლიებს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას. ბოდიშს ვუხდი, თუ ბოლო პერიოდში ვერ ვარ ისეთი ნათლია, როგორიც უნდა ვიყო. ისინი ყოველთვის დამყავდა ზიარებაზე და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად დავუბრუნდები ძველ ტრადიცია