ადამიანის ბედნიერებისთვის სოციალური ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. სოციუმი უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირის გრძნობას გვიჩენს. ურთიერთობები იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რომ მისმა ნაკლებობამ, იზოლაციამ და მარტოობამ შეიძლება ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
სოციალური უნარების ჩამოყალიბება ბავშვობის ასაკიდანვე უმნიშვნელოვანესია. რასაკვირველია, ზოგიერთ ბავშვს ურთიერთობების ბუნებრივი ნიჭი აქვს, მაგრამ ბევრს გარკვეული უნარების სწავლა და მათი პრაქტიკაში გამოსაყენებლად დახმარება სჭირდება. სწორედ ესაა სოციალიზაცია.
1. ნივთების გაზიარების ან სასურველის მისაღებად რიგიც დაცვის უნარი
ბავშვები შეიძლება ეგოისტები იყვნენ და ეს ნორმალურია. თუმცა, თანატოლებთან რაღაცების გაზიარებისა და რაიმეს ერთად კეთების პრცესი ბავშვს მეგობრების შეძენაში და შენარჩუნებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ორივე ეს უნარი ბავშვებს ბედნიერად აგრძნობინებს თავს, რაც პირდაპირ აისახება მათ თვითშეფასებაზე.
2. ეფექტური კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაცია, მათ შორის მოსმენის უნარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ბავშვს გაუადვილდება ცხოვრება, თუ თავის საჭიროებებზე ლაპარაკს და აზრის გამოხატვას ისწავლის. მოსმენის უნარი მას ცხოვრებაში ბევრჯერ გამოადგება - საბავშვო ბაღიდან დაწყებული, არაერთხელ მოუწევს მითითებების და დავალებების შესრულება. და რა თქმა უნდა, მეგობრის მოსმენაც და იმის გაგება, რომ მას მხარდაჭერა სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია!
3. თანაგრძნობა
სხვა ადამიანის გრძნობების გაგება ნებისმიერი სოციალური ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვებს, რომლებსაც ესმით, როგორ აისახება მათი ქმედებები სხვა ადამიანებზე, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ქცევის შეცვლაც შეუძლიათ. ეს, თავის მხრივ, აადვილებს კომუნიკაციას და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების ალბათობასზრდის.
4. მზერით კონტაქტი
შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ავტომატურია, მაგრამ თვალით სწორ კონტაქტს სოციალური სიტუაციის დინამიკის შეცვლა შეუძლია. ოდესმე გითქვამთ თქვენი შვილისთვის, "შემომხედე, როცა გელაპარაკები?" თვალის კონტაქტით გვრძნობთ, რომ სხვა ადამიანმა შეგვამჩნია და ყურადღებას მოგვაქცია.
5. საზღვრების პატივისცემა
ეს ეხება პატივისცემასა და თანხმობას, ასევე პირად სივრცეს. როდესაც ჩვენი შვილები სხვა ადამიანების საზღვრების აღქმას იწყებენ, ეს მათ ჯანსაღი და ძლიერი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება. ზოგიერთ ბავშვს ძალიან სწრაფად დაახლოება უყვარს და „არას“ გაგონება საერთოდ არ შეუძლია, რაც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ბავშვს სხვა ადამიანების საზღვრების გააზრებაში და მათი პატივისცემაც ვასწავლოთ.
6. ქცევის წესები საზოგადოებაში
კარგი მანერები და სოციალური ქცევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალურ ურთიერთობებს. „გთხოვთ“ და „მადლობის“ სწავლით, თავაზიანად კითხვების დასმით, ბავშვები მომავალში ბევრად უფრო ადვილად გააბამენ ურთიერთობებს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.
7. მითითების შესრულების უნარი
ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ მოსმენა, რათა ჩვენი მითითებები გაიგონ. თუმცა, ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად, მათ დამატებითი უნარები (შემეცნებითი და ემოციური)სჭირდებათ. ინსტრუქციების დაცვა იცავს ბავშვს (არ შეეხოს ცხელ ქვაბს) ან მიზნის მიღწევაში (მაგალითად, საშინაო დავალების შესრულებაში) ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არ მიჰყვებიან მითითებებს, შესაძლოა უარყოფით შედეგებამდე მივიდნენ.
8. თანამშრომლობის უნარი
მიზნის მისაღწევად ზოგჯერ ვინმესთან შეთანხმება და ერთობლივი მუშაობაა საჭირო. თანამშრომლობისა და გუნდში მუშაობის უნარი გამოადგება როგორც სკოლაში, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაში. ეს კონცეფცია სხვებისთვის ანგარიშის გაწევას, ასევე საერთო საქმეში წვლილის შეტანას მოიცავს. თანამშრომლობის უნარი დაეხმარება, რომ გუნდში თავისი როლი იცოდეს, კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი ჰქონდეს და შეეძლოს ხანდახან გუნდის საჭიროებები საკუთარზე მაღლა დააყენოს.
9. მოთმინება
ლოდინი და თვითკონტროლის შენარჩუნება მნიშვნელოვანი უნარებია. ბავშვი ყოველთვის ვერ აღწევს ყველაფერს პირველივე ცდაზე და მას იმედგაცრუების გადატანა უწევს. ბავშვები, რომლებსაც მოთმინების უნარი განვითარებული აქვთ, მოზრდილობაში უკეთესი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არ შეუძლია ლოდინი.
10. პოზიტიური დამოკიდებულება
ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. გარდა ამისა, სხვა ადამიანებსაც იზიდავენ ისინი, ვინც ძირითადად, კარგს ხედავს. ამიტომ ეს უნარი ადამიანს ბევრი მეგობრის შეძენაში ეხმარება.
11. პრობლემის გადაჭრის უნარი
სოციალური პრობლემების გადაჭრის სწავლა აუცილებელია საზოგადოებაში ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის. ამისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს გაანალიზება, გაიგოს, რა უნდათ მისგან და სიტუაციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს,
პირადი მაგალითი. თქვენმა შვილმა უნდა დაინახოს, თუ როგორ იყენებთ სოციალურ უნარებს, რომ იგივე ისწავლოს. გნებავთ, რომ ის თავაზიანი იყოს? დაიწყე საკუთარი თავით.
როლური თამაშები. სოციალური უნარების სწავლა პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია. დაეხმარეთ თქვენს შვილს სცენარების დადგმაში, რაც მისი უნარების განვითარებას ხელს შეუწყობს.
თამაშები. დიდი შანსია, რომ ამას უკვე აკეთებთ. თამაშებით თქვენ გაზიარებასა და თავისი რიგის მოცდას ასწავლით, ასევე მოთმინებას. ასევე, თამაშის დროს ბავშვი ღირსეულად მოგებას ან წაგებასაც სწავლობს.