2024 წლის 25 იანვარს ლომის ნიშანში ამ წლის პირველი სავსე მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იქნებიან და როგორც ასტროლოგები ამბობენ, გავლენას თითოეული ადამიანი იგრძნობს.
იანვრის სავსე მთვარეს "მგლის მთვარესაც" უწოდებენ და ეს დღე განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება. ტერმინი "მგლის სავსემთვარეობა" ინდიელთა ტომებიდან მომდინარეობს. როგორც წესი, ისინი თითოეულ სავსემთვარეობას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით ურჩევდნენ სახელს. იანვრის პირველ სავსე მთვარეს "მგლის" უწოდეს იმის გამო, რომ ეს ცხოველები განსაკუთრებით სწორედ აღნიშნულ დღეს აქტიურდებოდნენ და სანადიროდ გადიოდნენ. სავსემთვარეობის დღეს ადამიანების რეაქცია ნებისმიერ გარემო ფაქტორზე გაძლიერებულია. კომუნიკაცია გართულებულია. შესაძლოა, თქვენი ნათქვამი სულ სხვა შინაარსით აღიქვან და ამან კონფლიქტი გამოიწვიოს. ასევე, დიდი შანსია, რომ მცირე კამათიც კი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ.
სავსე მთვარე ბევრ საიდუმლოებას ფარდას ახდის. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, ან კიდევ ინტრიგებისა და თქვენ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ აღმოაჩენთ ამბებს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონი განსაკუთრებით გაზრდილი, არ არის გამორიცხული, თქვენთვის ახლობელმა, პატივსაცემმა ადამიანმა თავი ახალი, სულ სხვა კუთხით გამოიჩინოს და მასში ის თვისებები აღმოაჩინოთ, რომლებიც აქამდე არ გინახავთ.
25 იანვრის სავსე მთვარის მმართველი მზეა, ამიტომაც საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და სახიფათო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ.
სავსე მთვარე არის დრო, როდესაც კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკვე დაწყებული საქმეები საბოლოოდ დავასრულოთ და ჩვენი შრომის პირველადი შედეგები ვიხილოთ. ლომი ცეცხლის ნიშანია, ამიტომაც სავსე მთვარის შედეგად მომატებულ ემოციურ ფონს კიდევ უფრო მეტ იმპულსურობასა და ენერგიას მატებს.
ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარისა და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რას და როგორ ამბობთ. განაგრძეთ კითხვა