სამედიცინო სერვისების დაფინანსების მოდელი ქვეყანაში შეცვლილია. DRG მეთოდი გასული წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. ცვლილებებმა ბევრი კითხვა გამოიწვია და მათ შორის სამშობიარო სერვისების სფეროშიც.
დღემდე ბევრ ქალს აქვს კითხვა, ფინანსდება თუ არა ექიმის აყვანის მომსახურება ან შეუძლია თუ არა კერძო და სახელმწიფო დაზღვევის ერთდროულად გამოყენება.
სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვებისა და პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს; შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს.
DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა; ანუ ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო კვეთის ფასი ერტი და იგივეა.
რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება;
როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ შეამცირებს;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური ამბობს: "მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო აიღებს და კლინიკებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბენეფიციარებს დამატებითი თანხები გადაახდევინონ. ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვფიქრობ, ეს მიმართულება არა ნაკლებ წარმატებული იქნება."
მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, საკითხის მიმართ ბევრი სხვადასხვა შეკითხვა დაგროვდა და ორსულებს ზუსტი პასუხები არ აქვთ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ გამოყოფილი თანხა ექიმის აყვანის ხარჯებსაც ფარავს. თუმცა, კლინიკების ნაწილს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთნენ, თავიანთი წინაპირობები აქვთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთმა კლინიკამ კომენტარზე უარი გვითხრა, რამდენიმე სამშობიაროში პაციენტის სტატუსით დავრეკეთ და შევეცადეთ, გაგვერკვია, შეუძლია, თუ არა ორსულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკაში სასურველი ექიმი დაფინანსები ფარგლებში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე აიყვანოს და მისი მეთვალყურეობით იმშობიაროს.
ერთ-ერთმა სამშობიარო კლინიკამ ისიც განაცხადა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არ არის და ორსულებს მხოლოდ უფასო 8 ვიზიტის გამოყენების შესაძლებლობა აქვთ. მშობიარობა კი ყველასთვის ფასიანია.
როგორც გამოიკეთა, სასურველი ექიმის აყვანის შესაძლობლობა დაზღვევით იმ შემთხვევაში მოგეცემათ, თუ ამ ექიმთან მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ერთ ან ორ (კლინიკა აწესებს აუცილებელი ვიზიტების რაოდენობას) ვიზიტს განახორციელებთ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ორსულების შემთხვევაში, ზოგადად, კერძო დაზღვევასთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც მოქმედებს. თუმცა, რამდენიმე კლინიკასთან საუბრისას გამოიკვეთა ის, რომ ორსულმა ან მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით უნდა ისარგებლოს, ან კერძო.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში DRG მეთოდი გასული წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო სერვისებზე ფასების გათანაბრებაა.
თამარ იაკობაშვილი