საქართველო რომ ლამაზი ქალების ქვეყანაა, ამაზე არავინ დავობს. დაუვიწყარი შარმი, განსაკუთრებული იერი და ყველასგან განსხვავებული სილამაზე ქართველ ქალებს მსოფლიოში გამოარჩევს. ამ სტატიაში კი გთავაზობთ სამი განსხვავებული თაობის, მაგრამ ერთი გვარის მატარებელ სამ უმშვენიერეს ცნობილ სახეს:
ლიანა ასათიანი
ერთხელ, როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) - მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!".
"16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით. უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა. ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, - მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?! მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი - ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ, ბედი იყო. ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე", - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მსახიობი.
ლიანა ასათიანს არ უყვარდა ბავშვობის რთულ პერიოდზე საუბარი და მშობლებზეც იშვიათად საუბრობდა:
"ვცხოვრობდით ოპერის უკან. ეს სახლი ოპერაში ჩამოსული პრიმადონების საცხოვრებლად ქირავდებოდა. სასტუმროს ნაცვლად აქ ცხოვრობდნენ. ბინა პატარა გვქონდა, მაგრამ შედარებით კეთილმოწყობილი. მთელ სახლში მარტო ჩვენ გვქონდა ცალკე საპირფარეშო.
მამა სახელმწიფო დაგეგმარებაში მუშაობდა. დედაჩემი - მერი ბურდული, ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მუშაობდა რედაქციებში, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აშუქებდა. სკოლიდან რომ მოვიდოდი, ვხედავდი, გაზეთებს როგორ ატარებდნენ და ყვიროდნენ: იყიდეთ მერი ბურდულის სასამართლოო... ასე უწევდნენ რეკლამას.
მყავდა 6 წლით უმცროსი ძმა - რეზო. ხან ვამბობ, ბავშვობა არც მახსოვს-მეთქი. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დაკავებული ვიყავი მისი მოვლით. ჩვილი რომ იყო, მაშინ, ცხადია, მე ვერ მოვუვლიდი, მაგრამ ცოტა წამოიზარდა თუ არა, ხელში აყვანილი დამყავდა ეზოში. საღამოობით გავიდოდი ბაღში, ჩამოვჯდებოდი, კალთაში რეზო მეჯდა... გულდაწყვეტილი ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ჩემი ტოლები დახუჭობანას, დაჭერობანას. მე არ შემეძლო, ძმას ვერ დავტოვებდი.
რეზო ძალიან ცელქი ბიჭი იყო... მაგრამ დარდიანიც. 6 წლის რომ იყო, მაშინ გაშორდნენ მშობლები ერთმანეთს. მე დედამ წამიყვანა, რეზო დატოვა მამასთან. მას კი არავინ არ უნდოდა, დედის გარდა. სულ დედა ენატრებოდა.
მერე როგორღაც მოახერხა დედამ და სუვოროვის სასწავლებელში მოაწყო. ჯერ მახინჯაურში სწავლობდა, მერე პეტერბურგში გადაიყვანეს.
ადრე ამდენს არ ვფიქრობდი... დედას რაკი მეც თან მივყავდი, აღარ მინერვიულია... თან დიდ კაცზე თხოვდებოდა. ვასო ეგნატაშვილი, ვისაც ცოლად გაჰყვა, პრეზიდიუმის მდივანი იყო.
მამას მეზობლის ქალი შეუყვარდა და სამი შვილი მასთან ეყოლა. დედასაც შეეძინა კიდევ ერთი შვილი... ასე რომ, ნახევარძმები და დებიც მყავს.
რაკი მამინაცვალთან კარგ პირობებში ვცხოვრობდი, ხალხს ეგონა, არაფერი გვიჭირდა. ასე, ცხადია, არ ყოფილა. 1938 წლიდან ვიყავით მასთან... გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთ დღესაც ეს კაცი სამსახურში წავიდა. სადილად შინ მოვიდოდა ხოლმე. აღარ მოვიდა. თქვა, მივდივარ უკან ჩემს პირველ ოჯახშიო... საუკეთესო ოჯახი ჰქონდა, 25 წლის ვაჟი და 20 წლის ქალიშვილი, ვარსკვლავებივით შვილები ჰყავდა... ან საერთოდ რატომ დატოვა ისინი, როგორ შეიძლებოდა!