"ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე... კრიტიკული ადამიანია და ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ კარგი მითხრას... რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება, ალბათ, ასეთი ფერადი არ იქნებოდა..." - თიკა ფაცაცია დედაზე - მშობლები

"ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე... კრიტიკული ადამიანია და ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ კარგი მითხრას... რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება, ალბათ, ასეთი ფერადი არ იქნებოდა..." - თიკა ფაცაცია დედაზე

2024-01-24 13:55:50+04:00

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" დედის შესახებ საუბრობს და მას მთავარ მოტივატორს უწოდებს:

- ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე. ის ყველაფრის ამოსავალი, დასაწყისია, ძალიან სახასიათო პერსონა და მაგარი გოგოა. საკუთარი სურვილები, საჭიროებები მიაძინა და ჩათვალა, რომ შვილების განვითარება პირველია, რაც უნდა გააკეთოს. დედამ შრომის ფასი მასწავლა. როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვისი შრომის დაფასებაც. ოქროს შუალედი მისთვის ყველაფრის განმსაზღვრელია. ყველაფერში - ქმედებაში, ურთიერთობებში... კრიტიკული ადამიანია და ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ კარგი მითხრას და მერე ხარვეზების შესახებ. უნდა, რომ ყველაფერს, რასაც ვეხები და ხელს ვკიდებ, კიდევ უფრო უკეთესი გახდეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რაღაცას იღებდა. პროფესიით ბიოლოგია და ძალიან მიზანდასახული, გონიერი ადამიანია. როდესაც საჯარო საქმიანობა დავიწყე, მოდელობა იყო, თუ მომღერლობა, მაშინ საზოგადოებაში ასეთი მიღებული არ იყო და ეს პროფესია სულ რაღაც იარლიყების ქვეშ მოიაზრებოდა. ის, რომ შემეძლო, სხვადასხვა პროფესია მომესინჯა, კონკურსებში მიმეღო მონაწილეობა, ამის უკან სულ მისი გადაწყვეტილება იდგა. მე სულ ვიძახდი: "დედა, კარგი, რა - ლამაზი არ ვარ, ხმა არ მაქვს..." თვითრწმენის დანაკლისი სულ მქონდა. მთელი მისი დედობრივი პროგრამა იმას ესმსახურებოდა, რომ ეს რწმენა შემეძინა. ორ ცეკვაზე დავდიოდი, დავდიოდი ინსტრუმენტზე, ინგლისურზე, სიმღერაზე, სკოლაში, დღის ბოლოს თავი მწყდებოდა, ისე ვიღლებოდი. უნდოდა, რომ ქართულ ცეკვაზეც მევლო. გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ არ წავიდოდი. მაინც წამიყვანა. გამოცდა იყო, კარის ჭუჭრუტანიდან მიყურებდა, აინტერესებდა, რას ვიზამდი. სახასიათო ცეკვასაც ვცეკვავდი და ბალეტსაც და, რა თქმა უნდა, არც იქ გამიჭირდა. რომ უთხრეს, თქვენი ქალიშვილი მიღებულიაო, მაშინ დამნებდა. იმისათვის, რომ გიტარაზე დაკვრა მესწავლა, მან, სამოტივაციოდ, ჩემთან ერთად დაკვრა ისწავლა...

დედაჩემი დღემდე მაოცებს. ცხოვრება ყოველთვის უხარია, ისეთ ახალ ინტერესებს აღმოაჩენს ხოლმე და ისეთი თავდავიწყებითაა ამ ინტერესებში, ვფიქრობ, რა მაგარია… იცის, საკუთარ თავს პატივი როგორ სცეს. ინგლისურზე დაიწყო სიარული, მისგან სულ ვსწავლობ რაღაცებს. დედაჩემის ოცნება იყო, რომ ემირატებში წასულიყო და ემოგზაურა. ძალიან მინდოდა, მისთვის და ჩემი შვილებისთვის მესიამოვნებინა. ისეთი გემრიელი წასვლა გამოგვივიდა, სათავგადასავლოც იყო და ძალიან სასიამოვნო იმის ყურება, როგორ უხაროდა დედაჩემსა და ჩემს შვილებს. ბევრნაირ სტერეოტიპს ამსხვრევს და ეს მასში ძალიან მომწონს. გულის სიღრმეში ვფიქრობ, მეც რომ ვიქნები ბებია, გიჟური იდეები მომივა, ჩემს შვილებს არ გაუკვირდეთ. ამიტომ, დედაჩემს ყოველთვის მხარს ვუჭერ.

რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება, ალბათ, ასეთი ფერადი, საინტერესო და ცეკვა-სიმღერით დახუნძლული არ იქნებოდა. თუ ვინმე სახლში სიმღერას იწყებს, დედაჩემია. სადმე რომ შევიკრიბებით, ისევ ინსტრუმენტთანაა, ცეკვა, ყველაფერი ფანტასტიკურად გამოსდის. მადლობა იმ მაგალითისთვის, ჩემო დედუნა, რასაც ჩვენ, ყველას გვაძლევ. მეუბნებიან ხოლმე, "რა ბედნიერებაა, ასეთი დედა რომ გყავს!" ნამდვილად ბედნიერებაა, ასეთი დედა რომ მყავს!