ფარუკ ჯეიმსი დედასთან - ბონისთან ერთად, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ის 11 წლისაა, თუმცა მიუხედავად მცირე ასაკისა, ბიჭი გამორჩეული გარეგნობის გამო უკვე წარმატებული მოდელია და სოციალურ ქსელშიც უამრავი გამომწერი ჰყავს. თუმცა, როგორც ბიჭის დედა ამბობს, ფარუკს სკოლასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. პრობლემები კი ბიჭის არც ქცევას უკავშირდება და არც შეფასებებს...
როგორც ხედავთ, ჯეიმსს გრძელი, ხვეული თმა აქვს. ჯეიმსის მშობელი ამბობს, რომ ბავშვის მიღებაზე ბევრმა სკოლამ თმის გამო უარი უთხრა და შეჭრა მოსთხოვეს.
ქალი ფიქრობს, რომ სკოლები მის შვილს უსამართლოდ ექცევიან და თმის გამო ჩაგრავენ. როგორც ფარუკის დედა აღნიშნავს, ბევრ სკოლას შინაგანაწესი აქვს, რომლის მიხედვითაც მისი შვილი იძულებულია, თმა შეიჭრას.
ქალმა ამის შესახებ სოციალური ქსელში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არასამართლიანია. მისი თქმით, ფარუკს აბსოლუტურად ბუნებრივი თმა აქვს, არ არის შეღებილი. არც რაიმე გამორჩეულ აქსესუარებს ატარებს. დედას პროტესტი უჩნდება - თუ გოგონებს არ უშლიან მსგავსი ვარცხნილობის ტარებას, მის შვილს რატომ ზღუდავენ?!
ბონი ამბობს, რომ თმასთან დაკავშირებით სკოლასთან უფროსი ვაჟის შემთხვევაშიც ჰქონდა პრობლემა. მისი თქმით, სკოლა ბიჭს ზედმეტად მოკლე ვარცხნილობის ტარებისთვის ჩაგრავდა.
ქალი აღნიშნავს, რომ მსგავს დისკრიმინაციულ მიდგომას არ მიესალმება და გაჩერებას არ აპირებს. მან სხვა დედებთან ერთად, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებდათ, კამპანია წამოიწყო და უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
"იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ წესები არ შეიცვლება. წესები კი არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში შეიცვლება." - ამბობს 11 წლის ბიჭის დედა.