15 იანვარს 23 წლის გახდებოდა, თუმცა თეკლა თორდია სამწუხაროდ 19 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა. ჩვენმა ქვეყანამ კოვიდპანდემიისას უამრავი ადამიანი დაკარგა. ამაზე ახლა არავინ ლაპარაკობს, გარდაცვლილებს არავინ ახსენებს, თითქოს ისინი არც ყოფილან... AMBEBI.GE იხსენებს სიცოცხლით სავსე, აქტიურ, ნიჭიერ გოგონას, რომელიც ფაქტობრივად, დაგვიანებული რეაგირების მსხვერპლი აღმოჩნდა.
რთული იყო თორდიების ოჯახისთვის 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე განვლილი გზა. მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს ოჯახი უსაყვარლესი ადამიანის დაკარგვის შემდეგ."2020 წლის ნოემბერი იყო, კარანტინი რომ გამოცხადდა, მაგ პერიოდში რაღაც სიმპტომები მქონდა და მერე უკვე მეუღლეს, თეკლას და ჩემს კიდევ ორ შვილსაც მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. ექიმებთან დაკონტაქტება დავიწყეთ, ვერაფრით დავუკავშირდით. საშინელება ხდებოდა, სასწრაფოს გამოძახებაზე საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი - 2-3 დღე ველოდებოდით" - გვეუბნება ირმა ხელაშვილი, თეკლას დედა და ჩვენთან საუბარში იხსენებს იმ პერიოდს, როდის და როგორ შეაღწია კოვიდინფექციამ მათ ოჯახში.
"ვრეკავდით ექიმთან, სასწრაფოში, ჯერ ვერ ვხდებოდით, ან ვხდებოდით და კატეგორიული უარი იყო, რომ ვერ მოგვხედავდნენ. ამაზე ცალკე ვისტრესებოდით... ამასთან, სულ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. თეკლას პატარაობიდან დიაბეტი ჰქონდა, რომელიც მართვას ექვემდებარებოდა. ამის გამო გვეშინოდა და ამიტომაც ვრეკავდით განუწყვეტლივ სასწრაფოში. სასწრაფო ამბობდა, რომ კლინიკაში აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ, რადგან ნებისმიერ დროს მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, მაგრამ ეს გადაყვანაც ვერანაირად ხერხდებოდა... მგონი, უფრო გვაპანიკებდნენ... ოჯახის ექიმს როცა დავურეკეთ, რატომღაც ის დღეები დასვენების დღეებად გამოაცხადა" - აღნიშნავს ქალბატონი ირმა.
მისი თქმით, სასწრაფო მესამე დღეს მოვიდა და გოგონა კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.
"თურმე შეიძლებოდა, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მასთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არ წაგვიყვანეს... თავიდან იქ ენერგიულად იყო, მღეროდა, არ ჩერდებოდა, აქტიურობდა. ზოგადად ძალიან აქტიური, სიცოცხლისმოყვარე გახლდათ. ყველასგან განსხვავებული... იქიდან დისტანციურად ჩვეულებრივად მეკონტაქტებოდა, მირეკავდა, სულ კავშირზე ვიყავი... გასაოცარი ის იყო, რომ კოვიდსასტუმროს სიცხის საზომი არ ჰქონდა, არც ინჰალატორი და მედიკამენტები - ყველაფერი მე ვუყიდე და მივუტანე... მერე შევატყვე, რომ ცოტა დაისტრესა, ამბობდა, მეშინია, თავს რაღაც დაუცველად ვგრძნობ. რაღაც არ მსიამოვნებს, გარშემო ყველაფერი ჩაბნელებულიაო... ექიმს რომ ურეკავდა, 2-3 საათის შემდეგ მოდიოდა მასთან. მე მაინც ვამშვიდებდი. არადა, გვერდით წყლის მიმწოდებელი არავინ ჰყავდა,“ - გვიყვება გოგონას დედა.
- იქ გადაყვანიდან მეორე დღეს. მე გზაში ვიყავი და ჩემს მეუღლეს დაურეკა - ძალიან ცუდად ვარ. ახლა მოვიდა რაღაც ყვითელი მიკრო ავტობუსი და საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადავყავართ. არ ვიცი, ამ მანქანიდან როგორ ჩავალ, თითქოს გონება მებინდებაო...
ჰაერის უკმარისობა დაეწყო, სიცხე 40-მდე ჰქონდა. ამ მდგომარეობაში მყოფი, თან მარტო შეუშვეს "რატიანის კლინიკაში“. გადაუღეს კატე და 18 ფილტვის დაზიანებით ისევ იმ მანქანაში ჩასვეს და იმავე კოვიდსასტუმროში გაუშვეს. იმის მერე სასწრაფოში, ჯანდაცვაში ვრეკავდი, ყველაფერზე უარს მეუბნებოდნენ. მერე მეუღლემ უთხრა, - რა გინდათ, ბოლოს და ბოლოს - 19 წლის შვილი უნდა მომიკლათო?.. თეკლა მართლა სიმწრით გავზარდეთ. თავიდანვე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და სულს ვუბერავდით.