"ვიდრე სკოლაში მივა, ბავშვს სწორედ ოჯახში უნდა გაუჩნდეს წიგნის მიმართ ინტერესი" - ვასო გულეური თანამედროვე საბავშვო ლიტერატურასა და პატარა მკითხველებზე - მშობლები

"ვიდრე სკოლაში მივა, ბავშვს სწორედ ოჯახში უნდა გაუჩნდეს წიგნის მიმართ ინტერესი" - ვასო გულეური თანამედროვე საბავშვო ლიტერატურასა და პატარა მკითხველებზე

2024-01-28 20:29:10+04:00

ბავშვის აღზრდა საბავშვო ლიტერატურის გარეშე წარმოუდგენელია. საბავშვო ავტორები განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში. ერთ-ერთი მათგანი, ბავშვების საყვარელი მწერალი და მთარგმნელი ვასო გულეური უკვე არაერთი საბავშვო ბესთსელერის ავტორია. რა გზა გაიარა, სანამ ბავშვებისთვის წერას დაიწყებდა, როგორია პატარა მკითხველის გემოვნება, რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამედროვე ავტორები და რატომ "ერჩიან" ზოგჯერ უფროსები ბავშვურ ტექსტებს - ამის შესახებ ვასო გულეური Mshoblebi.ge-სთან საუბრობს.

- როგორც ეგზიუპერი ამბობს, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ჩემთვისაც, სწორედ ბავშვობა და ბავშვობის მოგონებებია ერთ-ერთი მთავარი მასაზრდოებელი. ბავშვობა გორში გავატარე. ჩვენი სახლი გორის ციხის ძირში იდგა და ყოველ დღე შევყურებდი თავზე წამომდგარ ქონგურებიან ვეება კედლებს. კითხვა 4 წლისამ ვისწავლე და წაკითხული ზღაპრები და ციხის ზღაპრული ქონგურები ბავშვის ფანტაზიაში ათას ამბავს ბადებდა.

ბავშვობიდან მიყვარდა ამბების მოგონება, ლექსების წერა, მაგრამ მაშინ უფრო მხატვრობა მინდოდა. მერე, ისე მოხდა, რომ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით სულ ორიოდე წელი ვიმუშავე, ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ არქიტექტურა დამეხმარა წერაში. ეს ისეთი პროფესიაა, რომ მრავალმხრივ ცოდნას გაძლევს და რაც მთავარია, წარმოსახვას, ხედვის უნარებს ავითარებს.

საბავშვო ლიტერატურაზე ჩემი შვილების დაბადებამდე არ მიფიქრია. სტუდენტობისას ვთარგმნიდი, ძირითადად პოეზიას. შვილების დაბადება კი ის ახალი მუხტი აღმოჩნდა, რამაც საბავშვო ლექსების წერა დამაწყებინა. არც ისე იშვიათად ხდება ასე, როცა საბავშვო მწერლები საკუთარი შვილებისთვის იწყებენ წერას. სწორედ ისინი იყვნენ პირველი შემფასებლებიც. მალე მივხვდი, რომ ჩემი თავი ხელახლა ვიპოვე და ეს სწორედ ის საქმე იყო, რაც ძალიან მომწონდა.

დღეისთვის უკვე ოცდაათამდე წიგნია გამოსული, როგორც პოეზია, ასევე პროზა. მაქვს ახალი წიგნების მასალებიც და იმედია, ისინიც მივა მკითხველამდე. გარდა ამისა, სისტემატიურად ვთარგმნი როგორც სადიდო, ასევე საბავშვო პოეზიას და გამოიცემა კიდეც.

- თქვენი შეფასებით, როგორია თანამედროვე მშობლისა და ბავშვის ლიტერატურული გემოვნება, რა იზიდავთ მეტად, რის მიმართ იჩენენ მეტ დაინტერესებას?

- ბავშვის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს ოჯახს და შემდეგ სკოლას. მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა ვიდრე სკოლაში მივა, ბავშვს სწორედ ოჯახში უნდა გაუჩნდეს წიგნის მიმართ ინტერესი. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, როცა მშობლები არ უთმობენ დროს შვილებთან ერთად წიგნის კითხვას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბავშვებს პატარა ასაკში ლექსები უფრო მოსწონთ - ნამდვილი საბავშვო პოეზია, სახალისო, სხარტი, და არა ის, რასაც მშობლები ხშირად იძულებით აზეპირებინებენ.

ზღაპრები თითქმის ყველა ასაკში მიმზიდველია - მთავარია, სწორად შევურჩიოთ, რადგან ზღაპრებს შორისაც არის განსხვავება და ზოგი თუ 4-5 წლის ასაკში გასაგებია, ზოგი უფრო მოზრდილებისთვისაა.

უკვე მოზრდილი ასაკისთვის კი პროზა უფრო საინტერესოა - შედარებით დიდი მოცულობის წიგნები, რომელთა შინაარსი და ჟანრიც ასევე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ.

- ხშირად გაქვთ პატარა მკითხველებთან შეხვედრები, როცა წიგნებს უკითხავთ. როგორც წესი, ამ შეხვედრებზე საკმაოდ ბევრი ბავშვი მოდის, სხვადასხვა ხასიათის და ინტერესის, მაგრამ ყველანი ყურადღებით გისმენდნენ. როგორ ახერხებთ სრულიად უცხო ბავშვების ასე დაინტერესებას კითხვით.

- უპირველესად, ბავშვმა უნდა იგრძნოს სიყვარული და ის, რომ მას, როგორც თანატოლს, როგორც პიროვნებას, ისე ესაუბრებიან. ბავშვებს თამაში უყვართ და ეს შეხვედრებიც თამაშის ელემენტებსაც უნდა შეიცავდეს. ამის მერე ყველა თემაზე შეიძლება საუბარი. მთავარია, არა მხოლოდ ველაპარაკოთ, არამედ მოვუსმინოთ.

410929896-878549087603968-1006369343129402247-n-1706462161.jpg

- საბავშვო ავტორები ყოველთვის დიდი სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობდნენ ჩვენს ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, დღეს მწერალი, განსაკუთრებით, საბავშვო მწერალი, არის სათანადოდ დაფასებული?

- დაფასებაში თუ სწორედ სიყვარულს და პოპულარობას ვიგულისხმებთ, ალბათ, კი. მე ყოველთვის ვგრძნობ ამ სიყვარულს, ბევრი მშობელი, მასწავლებელი და თავად ბავშვებიც მწერენ ხოლმე და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. თუმცა, პოპულარობისთვის - არა მხოლოდ ავტორის, არამედ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, ჯერაც ბევრი რამეა გასაკეთებელი. ეს, უპირველესად, გამომცემლობებმა უნდა გააკეთონ, თუმცა ასევე დიდია სკოლებისა და ქალაქის მმართველობის როლიც. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად - თუნდაც, ბანერები და წიგნების პოსტერები; თუნდაც კედლის მხატვრობა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა; გაჩერებებზე (ალაგ-ალაგ მაინც) შეიძლება საბავშვო ლიტერატურის თემატიკის გამოყენება, ნაცვლად კომერციული ფრაზებისა, თუ რა იყიდონ ან სად დააბანდონ ფული; ტრანსპორტზეც შეიძლება სანტექნიკის თუ სამშენებლო მაღაზიების რეკლამის ნაცვლად საბავშვო წიგნების ყდები იყოს გაკრული... უამრავი რამაა შესაძლებელი, მთავარი სურვილია და იმის გააზრება, რომ წიგნის პოპულარიზაცია ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეიძლება ქართველი ავტორების ნაწარმოებების მიხედვით ანიმაციური ფილმების გადაღება; კიდევ უფრო ადვილია, თეატრებმა დადგან თანამედროვე საბავშვო ავტორების ნაწარმოებები - კი, იდგმება ზოგჯერ, მაგრამ მეტი დაინტერესება უნდა იყოს. ძალიან ბევრი ტექსტია, რომელიც შეიძლება არაჩვეულებრივ სპექტაკლებად იქცნენ. განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის. „სამი გოჭი“ და „წითელქუდა“ კარგია, იყოს ესეც, მაგრამ ცოტა დღევანდელსაც მიხედონ რეჟისორებმა.

- დღეს როგორია საბავშვო ავტორის ცხოვრება?რამდენად აქვთ მწერლებს, პოეტებს სტიმული, რომ საბავშვო ნაწარმოებები შექმნან?

- ალბათ, ისეთივე, როგორიც საერთოდ მწერლის. ჰონორარებით რომ თავს ვერ გაიტანს მწერალი, ახალი ამბავი არაა. მით უფრო, დღეს აღარ გამოდის ათიათასიანი ტირაჟები და ჰონორარიც ხშირად ისე მცირეა, სიმბოლურად თუ ჩაითვლება ჰონორარად. ამიტომ ავტორს უწევს სხვა, ყოფითი სამუშაოს, და ხშირად, არაერთის, შესრულება, რომ უბრალოდ იარსებოს. მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართველი ავტორები ითარგმნოს და გამოიცეს საზღვარგარეთაც. ჩვენთან ლიტერატურული აგენტი არ არსებობს, ამ როლს თავად გამომცემლობა უფრო ასრულებს და ზოგჯერ ავტორიც, თუკი ხელი მიუწვდება. მაგრამ გამომცემლობებმა მეტი დრო და ინვესტიცია უნდა ჩადონ იმაში, რომ უცხოელი გამომცემლობები დააინტერესონ. თუ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ლიტერატურაც სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ მხრივ. არასაბავშვო ლიტერატურა მეტ-ნაკლებად უფრო ითარგმნება ბოლო წლებში, საბავშვო ლიტერატურისთვის კი ჯერაც ბევრია გასაკეთებელი.

ჯერჯერობით კი მთავარი სტიმული ის უპირობო სიყვარულია, რასაც ბავშვებისგან ვიღებთ.

397545487-827169936077166-2837813799625984064-n-1706462205.jpg

- თქვენი აზრით, რა არის დღეს საბავშვო ავტორების მთავარი გამოწვევა?

- მთავარი მაინც წიგნის მკითხველამდე მიტანაა. ქართველი გამომცემლობები კი გამოსცემენ ქართველ ავტორებს, მაგრამ დიდი წილი მაინც თარგმნილ ლიტერატურაზე მოდის. არადა, რაც ითარგმნება, თუნდაც კომერციულად მომგებიანი საბავშვო, მცირეტექსტიანი, ნახატებიანი წიგნები, მსგავსი რესურსი აქაც ბევრია და თანაბრად მაინც რომ გამოიცეს, უკეთესი იქნება. თუმცა, ისიც მესმის, რომ იმ უცხოური ლიტერატურის გამოცემა ხშირად უფრო იაფი ჯდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ გამოცემაში ჩადებული თუნდაც ცოტა მეტი რესურსი ბევრად უფრო შედეგიანი იქნება როგორც ფინანსური, ასევე ლიტერატურული კუთხითაც.

თუ დაბრკოლებაზე ვისაუბრებთ, არის კიდევ ერთი, ვფიქრობ, წმინდად ქართული ფენომენი - როცა გამომცემელი ავტორს არა წიგნის ლიტერატურული ღირებულებით, არამედ სხვა, პირადი ურთიერთდამოკიდებულებით არჩევს. შეგხვდებათ ასეთი წიგნები ქართულ ბაზარზე. არ მინდა კონრეტულ გამომცემლობებზე ან ავტორებზე ვისაუბრო, მაგრამ პირადად უკვე რამდენიმე გამომცემლობასთან ურთიერთობამ კარგად დამანახვა ეს - თუ „მათიანი“ არ ხარ, არ უნდიხარ. თუ შენი უფლების დაცვა მოიწადინე, მერე სამუდამოდ კეტავენ კარს. ასეთებთან მეც აღარ ვაგრძელებ ურთიერთობას და მეც ვხურავ კარს. საბოლოოდ კი მაინც ლიტერატურული პროცესები ფერხდება. ამიტომ როგორღაც უნდა მიეჩვიონ გამომცემლობები, რომ ავტორების უფლებების დაცვა მნიშნელოვანია და საკუთარი ამპარტავნება როგორმე დაძლიონ, მკითხველს ღირებული ლიტერატურა მიაწოდონ და არა მათი პირადი სიმპათიით შერჩეული ავტორის მორიგი „ბესთსელერი“. ეს უკანასკნელი კი ხშირად, სწორედაც რომ საუკეთესო ლიტერატურა არ არის. გაყიდვებისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუნდაც ის, რომ მაღაზიაში წიგნი კარგად ჩანდეს თაროზე, კონსულტანტს მოძებნა არ უჭირდეს და მხოლოდ ორი-სამი ეგზემპლარი არ იყოს, რომლის გაყიდვის მერე, ახლის შეტანა ავიწყდებათ. მაღაზიებში ხომ მაინც შეიძლება წიგნების პოსტერების გამოკვრა, რომ მკითხველმა გაიგოს ახალი წიგნების შესახებ. ხომ უნდა იყოს საკმარისი მარაგი, რომ დაინტერესებულ მკითხველს შეეძლოს ყიდვა.

- რა მიგაჩნიათ საბავშვო ლიტერატურის განვითარების და ხელშეწყობის მთავარ ფაქტორებად.

- გამოვყოფდი რამდენიმე უმნიშნელოვანეს ფაქტორს.

ავტორებთან ღირსეული ხელშეკრულებები და ღირსეული ჰონორარის განსაზღვრა;

საავტორო უფლებების ისე განსაზღვრა, რომ ავტორი არ დარჩეს დაზარალებული;

ავტორების და ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების მეტი პოპულარიზაცია, სხვადასხვა საშუალებებით;

თანამედროვე ავტორების ნაწარმოებების ინსცენირება და სცენაზე გადატანა;

ლიტერატურული კონკურსების თუ პრემიების გათავისუფლება პოლიტიკური ფონისგან და პირადი სიმპათიებისგან - უნდა შეფასდეს წიგნი და არა ის, ავტორი რა პოზიციაზეა, რამდენჯერ აქვს მიღებული პრემია თუ უბრალოდ, პირადად ვერ იტან.

336928084-1405427850274650-1673975020881371392-n-1706462228.jpg

- ხშირად დადიხართ უცხოეთში, დაკავებული ხართ მთარგმნელობითი საქმიანობითაც. რა სხვაობას ხედავთ აქაურ და უცხოელ მკითხველს შორის?

- ბოლო წლებში ორ წიგნის ბაზრობაზე ვიყავი - ბოლონიის საბავშვო წიგნის ფესტივალზე, რომელიც ამ ჟანრში ერთ-ერთი უდიდესია და ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, სადაც ჩემი წიგნის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია იყო, ირმა შიოლაშვილთან ერთად, თავადაც არაჩვეულებრივ პოეტთან, რომელმაც ჩემი წიგნი თარგმნა.

- ამ რამდენიმე შეხვედრით გამიჭირდება უცხოელი მკითხველი შევადარო ქართველს, რადგან თბილისის წიგნის ფესტივალზეც ბევრი მკითხველია და ვფიქრობ, ინტერესის მხრივ, არაფრით ჩამოვრჩებით. მაგრამ ერთი სხვაობა, რასაც უფრო წიგნების მაღაზიებში ვხედავ ხოლმე, ის არის, რომ საზღვარგარეთ წიგნის მაღაზიებში მეტი არჩევანი აქვს მკითხველს - არა მხოლოდ წიგნების მხრივ, არამედ გარემოც ხელს უწყობს. მეტი სივრცე; სამკითხველო ადგილები, სადაც შეგიძლია დაჯდე და იკითხო; თანამედროვე სტენდები; წიგნებისა თუ ავტორების სარეკლამო პოსტერები; უფრო კარგად გადანაწილებული წიგნები როგორც ჟანრების მხრივ, ასევე ასაკობრივი კატეგორიებით. და რაც მთავარია, მეტი ადგილობრივი ავტორი.

- სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ტრენდად იქცა საბავშვო ტექსტების დამცინავ კონტექსტში წარმოჩენა და ავტორების ბულინგი. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, მართლაც ტექსტებშია პრობლემა თუ უფროსებს უჭირთ საბავშვო კონტენტის სწორად აღქმა?

- ტექსტი, არა მხოლოდ სუსტი, თუნდაც კარგი ტექსტი, შეიძლება გააკრიტიკო, არ მიიღო, მაგრამ ლანძღო ავტორი, ხშირად კი მუქარით და დაცინვით სავსე ღვარძლიანი ტექსტები მიუძღვნა, ჩემი აზრით, მხოლოდ გაუნათლებლობის მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ზოგ მშობელს უჭირს სიახლეების მიღება, ურჩევნია მხოლოდ ძველი, კლასიკოსი ავტორები იკითხოს შვილმა. ცხადია, ეს აუცილებელია, მაგრამ ბოლო წლებში არაერთხელ გახდა სამიზნე თანამედროვე (და უკვე კლასიკოსიც კი) საბავშვო ავტორების შემოქმედება. განსაკუთრებით პოეზიას „ემტერებიან“ ხოლმე. მაყვალა მრევლიშვილის არაჩეულებრივი ლექსიც კი განაქიქეს და ლანძღეს, ავტორის შესახებ კი არაფერი სმენოდათ. ჩემი ლექსებიც უტარებიათ სოციალურ ქსელებში ასე, ლანძღვით და ვაი-ვიშით.

არადა, სწორედ ეს ლექსები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს და ამაში თავად არაერთხელ დავრწმუნდი.

ამის მიზეზი, გაუნათლებლობის გარდა, ისიც მგონია, რომ მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვის თვალით შეხედონ, ბავშვის აღქმით მიიღონ ტექსტი. ავიწყდებათ, თავად რომ ბავშვები იყვნენ, რა მოსწონდათ. თუმცა, შეიძლება არც ბავშვობაში კითხულობდნენ და როცა თავად მშობელი არ კითხულობს წიგნს, ფეხის ხმას აყოლილი, ადვილად ლანძღავს ყველას და ყველაფერს, რაც მისთვის გაუგებარია. არადა, ყველაზე სწორი შემფასებლები ასეთ დროს ბავშვები არიან. მთავარია, დავაცადოთ და ხელს მაინც ნუ შევუშლით.