რატომ სწავლობს ბავშვი ცუდად - ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომლებიც, სინამდვილეში, მოგვარებადია - მშობლები

რატომ სწავლობს ბავშვი ცუდად - ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომლებიც, სინამდვილეში, მოგვარებადია

2024-01-31 09:25:57+04:00

ცუდი ნიშნები და დაბალი აკადემიური მოსწრება ყველა მშობლისთვის შეშფოთების საფუძველია. ცუდად სწავლის მიზეზბს შორის რამდენიმე განსაკუთრებით ხშირი და სასკოლო ცხოვრების დამახასიათებელი მოვლენაა. რატომ სწავლობს ბავშვი ცუდად? წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს.

ბავშვი ძალიან დაკავებულია

თანამედროვე ბავშვები იმდენად დაკავებულები არიან, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ რჩებათ. ბავშვი დადის სკოლაში, დამატებით სწავლობს ენებს, დადის სპორტზე, მუსიკაზე და ა.შ. საშინაო დავალებას გვიან საღამოს აკეთებს, როცა არაფრის თავი და სურვილი აღარ აქვს.

ბავშვები ისე იღლებიან, რომ კარგავენ სწავლის მოტივაციას და ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებენ, თავი აარიდონ გაკვეთილებს. ეს განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში იჩენს თავს, როდესაც იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ დაუმორჩილებლობა შეუძლიათ. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ჯერ კიდევ ცდილობენ შეასრულონ ზედმეტი დატვირთვა, შემდეგ კი რაღაც მომენტში ისინი უბრალოდ იქანცებიან და აღარაფერი უნდათ, აღარაფერს აკეთებენ.

თუ ბავშვს არ აქვს თავისუფალი დრო, ის ვერ შეძლებს იყოს საკუთარი თავი, გააცნობიეროს თავისი "მე", მოიფიქროს რამე ან იოცნებოს დივანზე წამოწოლილმა. საბოლოოდ, ის არ გახდება შემოქმედებითი და დამოუკიდებელი ადამიანი - ის უბრალოდ კარგად დაიცავს სხვების მიერ შედგენილ გრაფიკს.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? პირველ რიგში, უნდა შეამციროთ დატვირთვა, რათა ბავშვს თავისუფალი დრო ჰქონდეს. დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის ეს არის მინიმუმ ორი საათი, როცა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს.

ამ დროს ნება მიეცით ბავშვს დახატოს, ითამაშოს კატასთან, ჩაიცვას დედის კაბა ან უბრალოდ ბუზები ითვალოს.

ბავშვობა უნდა იყოს ბავშვობა და არა გაუთავებელი რბოლა. არ უნდა ელოდოთ შედეგს დაუყოვნებლივ. ბავშვი დაისვენებს, ახალი ენერგიით აივსება და შემდეგ, დიდი ალბათობით, კვლავ გაუჩნდება სწავლისა და განვითარების სურვილი.

ბავშვი საგანში ჩამორჩა

შემდეგი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს ხშირად არ სურთ და ვერც კი ისწავლიან, ჩამორჩენაა. ეს უფრო დამახასიათებელია უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, როდესაც სკოლაში უფრო რთული საგნები იწყება. ბავშვები უგულებელყოფენ მათემატიკას, ფიზიკას ან ქიმიას, მათ რეალურად აღარ ესმით რა ხდება გაკვეთილზე და როგორ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება.

ბავშვმა უბრალოდ არ იცის, როგორ მიუდგეს ამ საკითხს, შემდეგ კი წყვეტს მცდელობას. მას შეუძლია თავი მოაჩვენოს მასწავლებელს, რომ უსმენს, სინამდვილეში კი გაიხედავს ფანჯარაში, ფარულად ითამაშებს ტელეფონზე და ყველანაირად ეცდება საშინაო დავალების თავიდან აცილებაში როგორც კლასში, ასევე სახლში.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება საგანს. და ფრაზები: "მოდით, ვისწავლოთ", "არ გესმის? გამოცდა უნდა ჩააბარო“ სრულიად უსარგებლოა. როდესაც ბავშვმა არაფერი იცის, მორალიზაცია ან ჩიჩინი არ დაეხმარება.

ამ დროს შეგიძ₾იათ რეპეტიტორიც დაიხმაროთ. როგორც კი ბავშვი რაღაცის გაგებას დაიწყებს, ინტერესი ჩვეულებრივ უბრუნდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ემოციები, თავდაჯერებულობა და სიხარული პირველი, თუნდაც მცირე გამარჯვებებიდან. როდესაც ბავშვი დაეუფლება ერთ საგანს, შეგიძლიათ გადახვიდეთ მეორეზე. თუ საკითხს კომპეტენტურად და პასუხისმგებლობით მივუდგებით, მაშინ რამდენიმე თვეში თქვენს "ზარმაცს" ვეღარ იცნობთ.

ცუდი კომუნიკაცია მასწავლებელთან

მასწავლებელი, რომელიც არ ამყარებს კონტაქტს და არ მოსწონს მოსწავლე, სწავლის მოტივაციის ნაკლებობის საკმაოდ გავრცელებული მიზეზია. ეს ყველაზე ხშირად დაწყებითი სკოლის მახასიათებელია, როცა მასწავლებლის განწყობა ბავშვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? თავიდან უნდა სცადოთ ურთიერთობის დალაგება, მასწავლებელთან კომუნიკაციის დამყარება, რაღაცის ახსნა, საუბარი. მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ეს უშედეგოა, უფრო რადიკალური ზომები უნდა მიიღოთ. ამის ნუ შეგეშინდებათ, როცა ბავშვის განათლება და თვითშეფასება საფრთხეშია.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის დაცვა, არამედ იმის გარკვევა, თუ რა ხდება სინამდვილეში: გავიგოთ მასწავლთან გაუცხოების კონკრეტული მიზეზები, ვაჩვენოთ, რატომ რეაგირებს მასწავლებელი მასზე ასე.

ბულინგი კლასში

თუ კლასში ცუდი ატმოსფეროა, ბავშვს დასცინიან და აბულინგებენ, რა თქმა უნდა, იქ სწავლასა და კარგ შედეგებზე საუბარიც ვერ იქნება. სკოლაში უსიამოვნების ხშირი ნიშნებია განწყობის მოულოდნელი ცვლა, ნერვული ტიკები, სკოლაში სიარულზე პროტესტი, ძილის დარღვევა და ა.შ. ბავშვები ყოველთვის ღიად არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ამიტომ მშობლებს დიდი ყურადღება მართებთ.

თუ ბავშვს ხშირად აქვს რაიმე ფიზიკული დაზიანების კვალი და ამას წაქცევას ან თამაში დროს აშავებას აბრალებს, ხშირად კარგავს ნივთებს, ან მისი ჯიბის ფული უცნაურად ქრება, მაშინ, სავარაუდოდ, მას აბულინგებენ. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? თუ საგანგაშო ნიშნებს შევამჩნევთ, ჯერ ბავშვს ჰკითხეთ. უნდა იმოქმედოთ აქტიურად, მაგრამ ფრთხილად: დამნაშავეს თქვენ ვერ დასჯით, მაგრამ საჭიროა უფროსების ყურადღება მაქსიმალურად მიაპყროთ ამ სიტუაციაზე - ისაუბროთ მასწავლებლებთან, დირექტორთან, მშობელთა კომიტეტთან.

და ამავე დროს, უნდა იმუშაოთ ბავშვთან, უთხარით მას, თუ როგორ მოიქცეს ამ უსიამოვნო სიტუაციაში, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილებაც. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ ის ყოველთვის მსხვერპლია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლების მუშაობა და იმის გაგება, თუ რა ხდება სინამდვილეში კლასში.

თუ არც ერთი მეთოდი არ მუშაობს და ბავშვის ბულინგი გრძელდება, ყოველთვის შეგიძლიათ მისი გადაყვანა სხვა კლასში ან სკოლაში. ზოგჯერ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბავშვის ფსიქიკა და სწავლის მოტივაცია შეინარჩუნოთ.

* * *

ნიშნები არ არის მთავარი

სინამდვილეში, არსებობს კიდევ ბევრი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს არ სურთ სწავლა - ზუსტად იმდენი, რამდენი ბავშვიც არსებობს. ზოგი უფრო დამახასიათებელია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის, ზოგი კი უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის. მაგრამ თითოეულ მათგანს შეუძლია ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი.

თუ ბავშვი უმკლავდება რთულ მათემატიკურ ამოცანებს, საუბრობს სამ ენაზე, მაგრამ არ იცის როგორ მართოს თავისი ემოციები ან მოაგვაროს კონფლიქტები თანაკლასელებთან, მაშინ მისი აკადემიური მიღწევები მომავალში არ იქნება საკმარისი წარმატებისთვის.

სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ემოციური სტაბილურობა, თვითკონტროლი, სოციალური ინტელექტი და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი გაცილებით მნიშვნელოვანია.

ხშირად დაბალნიშნიანი მოსწავლეები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში, ვიდრე სამაგალითოდ წარჩინებულები. როცა საშინაო დავალება არ აქვს, ის გამალებით ფიქრობს, როგორ დაიძვრინოს თავი, როგორ ისაუბროს მასწავლებელთან - ეს ყველაფერი საკმაოდ ღირებული უნარებია. თუ მშობლები ყველაფერში დაეხმარებიან: პრეზენტაციის მომზადებაში, საშინაო დავალების შესრულებაში, ის კარგი შეფასებები, რომელსაც მოსწავლე ამაში მიიღებს, რეალურ ცხოვრებაში ვერაფერს მისცემს.

სოციალური და ემოციური უნარების განვითარება მშობლებისგან მეტ მოთმინებას, მეტ სიმშვიდეს და ბავშვის ცხოვრებაში ჩართვას მოითხოვს. ამიტომ, ცუდი შეფასებები მართალია, ხშირად ცუდის ნიშანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რა დგას მათ უკან.