რა იწვევს ფიმოზს და როგორ უნდა დაიცვან ბიჭებმა ჰიგიენა, რომ გართულებები თავიდან აირიდონ - მანანა მგალობლიშვილი პაციენტების შეკითხვებს პასუხობს - მშობლები

რა იწვევს ფიმოზს და როგორ უნდა დაიცვან ბიჭებმა ჰიგიენა, რომ გართულებები თავიდან აირიდონ - მანანა მგალობლიშვილი პაციენტების შეკითხვებს პასუხობს

2024-01-31 12:45:41+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, რა არის ფიმოზი, რა იწვევს მას და როგორ უნდა დაიცვან მამაკაცებმა ჰიგიენა, რომ გართულებები თავიდან აირიდონ:

- როცა ადამიანს სასქესო ასოზე აქვს "მარილები" - როგორ უნდა გამოვასწოროთ და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

- თუ სასქესო ასოზე გაქვთ ნადები, ის თბილი წყლითა და საპნით, ან დასაბანი გელით აუცილებლად უნდა მოიშოროთ. შესაძლოა, იყოს პრობლემა, რომ ვერ ახერხებთ, ჩუჩის გადაწევას. ძალდატანება საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, ექიმ-უროლოგს უნდა მიმართოთ. შეიძლება, ეს დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ფიმოზი გაქვთ, ვერ ხერხდება ჩუჩის გადაწევა და ეს მასში ე.წ. მარილების დაგროვებას იწვევს. ამ შემთხვევაში ექიმ-უროლოგს უნდა მიმართოთ.

- რა არის ფიმოზი და როგორ უნდა დაიცვან მამაკაცებმა ჰიგიენა?

-კაცები ფიმოზის შესახებ ხშირად მწერენ და ინფორმაცია აინტერესებთ. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ: ფიმოზი ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ასოს თავზე, ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ახალშობილებში ფიმოზი ნორმალურია, ფიზიოლოგიურია. ჩუჩის გადაწევა მხოლოდ 3 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. მაგრამ, მოზრდილ ასაკში ფიმოზი ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას აფერხებს და მასში განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას ხელს უწყობს. სმეგმა მიკრობების გამრავლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და ამიტომაც, პირადი ჰიგიენის დაცვა, ასოს თავის რეგულარული დაბანა საპნითა და თბილი წყლით აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ასოს თავისა და ჩუჩის ქსოვილის ანთება განვითარდეს. ეს ძალიან უსიამოვნო პრობლემაა, რომელსაც ბალანოპოსთიტი ეწოდება.

- რატომ არის ზოგჯერ გართულებული სასქესო ასოზე ჩუჩის გადაწევა?

- ფიმოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კაცი სასქესო ასოზე ჩუჩის გადაწევას ვერ ახერხებს. მასში სმეგმა გროვდება, მრავლდება ბაქტერიები და ანთებითი დაავადება, ბალანოპოსთიტი ვითარდება. ის კაცებს ბევრ დისკომფორტს უქმნის, იწვევს ტკივილს, გამონადენს, შარდვისა და სქესობრივი კონტაქტის დროს პრობლემებს ქმნის. ამიტომ, კაცმა ფიმოზის, რაიმე სახის დისკომფორტის შემთხვევაში, ექიმ-უროლოგს დროულად უნდა მიმართოს.