სკოლებში ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის სწავლება-არსწავლების თუ სწავლების ფორმატის შესაძლო ცვლილებების შესახებ მსჯელობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და უპირველესად - საგანმანათლებლო სფეროში. ბევრი გამოეხმაურა ამ თემას და მათ შორის, ქართული ენის პედაგოგი ელზა აბლოთია, რომელიც სწორედ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას:
"დიახ, უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფია... მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე ადამიანები. სამწუხაროდ, ისინი, ვინც მაღალი იდეალების ერთგული და საქვეყნოს საქმის გულშემატკივარი ეგონა საზოგადოების დიდ ნაწილს (მათ შორის მეც), გვაოცებენ თავიანთი გამოსვლებითა და შეხედულებებით... რას იზამ, თურმე ასეა... უმაღლეს თანამდებობაზე გასული ბევრი მინახავს, სიკეთეშენარჩუნებული კი - არავინო, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვების სიმართლეში ბევრჯერ დავრწმუნდი.
ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს მხატვრული ღირებულება არ ჰქონია თურმე. დაინტერესებული პირებისათვის არსებობს უამრავი აუდიო თუ ბეჭდური მასალა, სახლიდან გაუსვლელად ამ სივრცეშივე ადვილად მოსაძიებელი... ერთს ვიტყოდი მხოლოდ, 15 საუკუნის შემდეგ 21-ე საუკუნის თანამდროვე ტექნოლოგიებზე აღზრდილი თაობა რომ იკამათებს, იფიქრებს, გულწრფელად აღშფოთდება ზოგიერთი ეპიზოდის კითხვისას, არ ნიშნავს იმას, რომ ტექსტი დღესაც თანამედროვეა?
კიდევ ერთი საკითხი. დღეს აქტიურად ადარებენ ჩვენს ჰაგიოგრაფიას ბერძნულსა თუ ძველსომხურ ტექსტებს. თურმე ისინი არ ასწავლიან. ესეც მორიგი თავგზის აბნევის სურვილია მავანთა მხრიდან. თანამედროვე ბერძნისა თუ სომხისათვის სრული თარგმანის გარეშე შეუძლებელია ამ ტექსტების გაგება, ჩვენ კი გვაქვს ბედნიერება, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის განმარტებით გავაგებინოთ მომავალ თაობებს ეს ტექსტები (ენობრივი სირთულე დაახლოებით 5-6 გაკვეთილის შემდეგ აღარაა ძნელად დასაძლევი ბარიერი). იმ მოტივით, რომ ბავშვებს უჭირთ და არ ვასწავლოთ, რას ნიშნავს? ამ მიდგომით წერა-კითხვის სწავლების იქით ვერ წავალთ. ჩვენ ვასწავლოთ და ისინი თავად გადაწყვეტენ, მოსწონთ ჰაგიოგრაფია თუ არა, თუ არ ვასწავლეთ, ამით ვართმევთ საერთოდ არჩევანის თავისუფლებას.
ძველი ქართული, გარდა მრავალფეროვანი ინტერპრატიციის შესაძლებლობისა, სიტყვაზე, ფრაზაზე დაკვირვებას ასწავლის ბავშვებს, ბევრი თანამედროვე სიტყვის ფესვებს პოულობენ ძველ ქართულში (მაგალითად, საღამოს ძველქართულად მწუხრი რომ ჰქვია, თანამედროვე ქართულის რომელ სიტყვას დაედო ფუძედ), ასე ეხებიან ქართული ენის ფესვებს, ამ პროცესს, ბუნებრივია, მოსდევს მერე სიყვარული, პატივისცემა, მოწიწება შენი წარსულის მიმართ (ეროვნულ იდეალებზე აღარფერს ვამბობ, მარტო "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების" რად ღირს - ქვეყნის ხსნის მზა ფორმულა).
მე ვინ ვარ, ერთი რიგითი ქართულის მასწავლებელი. რაც ვთქვი, ეს ყოველივე ჩემზე კარგად მოეხსენებათ, სწორედ ეს არის საშიში - "ჭკვიანი კაცების" მიერ ანგარებით ან რაიმე სხვა მიზეზით გამოთქმული "მოსაზრება-შეხედულებები"...
პ.ს. მივესალმები, თუკი ქრონოლოგიური პრინციპით სწავლება შეიცვლება და ეს ტექსტები გადანაწილდება ზედა საფეხურის სხვადასხვა კლასში".