ჟურნალ „საბავშვო კარუსელისთვის“ 2024 წელი საიუბილეოა - გამოცემას 20 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა, ყოველი ახალი ნომრის წარდგენა პატარა მკითხველის წინაშე მოაწყოს.
ახლახან თებერვლის ნომრის პრეზენტაცია საბავშვო ბაღ „კოკროჭინას“ აღსაზრდელებთან ერთად კაფე „პიატოში“ (ბიბლუსი გალერეა) ჩატარდა. ჟურნალის წარმდგენი საბავშვო ავტორი თუთა ჯგუშია გახლდათ, რომლის ლექსების კრებული „კარგად ყოფნის წესები“ ასევე წარმოდგენილი იყო ღონისძიებაზე.
"ძალიან საინტერესო და ხალისიანი შეხვედრა გამოგვივიდა, ამ შემთხვევაში, მათი საყვარელი ჟურნალის "საბავშვო კარუსელის" გარშემო გავერთიანდით, ლექსებიც წავიკითხეთ, შიგადაშიგ აზრები გავცვალეთ, დავხატეთ და სტიკერობანაც ვითამაშეთ. ხან ფანქრის არჩევაში სჭირდებათ შენი დახმარება, ხან გრძელი სიტყვის წაკითხვაში და ხანაც ემოციურ მხარდაჭერას გთხოვენ, ეს ნიშნავს, მათი ნდობის და თავდაპირველი, სრულიად უპირობო სიყვარულის ველში მოხვდი და ალბათ არც არაფერია ამაზე ძვირფასი," - ამბობს თუთა ჯგუშია.
ბავშვებმა ავტორთან ერთად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ჟურნალში მოცემული სახალისო აქტივობები სტიკერებით და გააფერადეს ნახატები.
ფერადი ბუშტები, სახის მოხატვა, გემრიელი სასუსნავები და შემეცნებითი აქტივობები პატარებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ „საბავშვო კარუსელი“ შემეცნებით-გასართობი ჟურნალია პატარებისთვის, რომლის სამიზნე ასაკი 4-10 წელია. ჟურნალი 72-გვერდიანია, ილუსტრირებული. ყველა ნომერს ახლავს 100 სტიკერი და საჩუქარი. ჟურნალის სტანდარტული პაკეტის ფასი 5 ლარია, თუმცა არსებობს პრემიუმპაკეტიც, რომელსაც ილუსტრირებული წიგნები მოჰყვება. თებერვლის ნომრის პრემიუმპაკეტის ფასი 23 ლარია.
სახალისო და შემეცნებითი აქტივობების გარდა, ჟურნალში ყოველთვის არის სპეციალური ფასდაკლების კუპონები როგორც საბავშვო წიგნებზე (40%) მაღაზია ბიბლუსში, ასევე სათამაშოებზე(30%) მაღაზია პეპელაში.
„საბავშვო კარუსელი“ მედიაჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ წევრია, ისევე როგორც ბიბლუსი, პალიტრა L, მაღაზია „პეპელა“, „XS სათამაშოები“ და სხვა. შესაბამისად, ყველა მათგანთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ჟურნალში ყოველთვის არის განსაკუთრებული შეთავაზებები საბავშვო პროდუქტებზე.
„საბავშვო კარუსელის“ მომავალი ნომრის პრეზენტაცია მარტში იგეგმება. ღონისძიება კვლავ კაფე „პიატოში“ გაიმართება, რომელიც „ბიბლუსი გალერეაში მდებარეობს.