სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში, ადამიანები თავიანთი პრობლემების შესახებ ხშირად წერენ და აღნიშნავენ, რომ ექიმებისაგან დიაგნოზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერ იღებენ. უჩივიან იმასაც, რომ სპეციალისტი მხოლოდ რამდენიმე წუთიანი კონსულტაციით შემოიფარგლება. ხშირია, არასწორი დიაგნოზის დასმისა და არასათანადო მკურნალობის ფაქტებიც. საკუთარი უფლებების დასაცავად პაციენტები არც თუ ისე იშვიათად, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და სამართალდამცავ სტრუქტურებსაც კი მიმართავენ. არადა, პაციენტებს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული ბევრი უფლება, მათ შორის ის, რომ ექიმისაგან საკუთარი დიაგნოზის შესახებ ვრცელი და დაზუსტებული ინფორმაცია მიიღონ, მათთვის გასაგებ ენაზე.
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის ომბუდსმენი, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" დირექტორი მეგი საჯაია გვესაუბრება, სინამდვილეში, რისი უფლება აქვთ პაციენტებს, რა ტიპის პრობლემებია ყველაზე ხშირი და რას შეცვლის კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან სავალდებულო ხდება:
- პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანდაცვის ომბუდსმენად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება მაქვს და შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ დღეს გაცილებით უკეთესი სიტუაციაა პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ იყო. სხვათა შორის, პაციენტის კმაყოფილება სამედიცინო დაწესებულებებს შორის არსებულმა უზარმაზარმა კონკურენციამ, სოციალური ქსელებში მოქალაქეების გააქტიურებამ და მედიასაშუალებების მხრიდან სამედიცინო შეცდომების აქტიურად გაშუქებამაც გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობა პაციენტების უფლებებსა და საექიმო საქმიანობას არეგულირებს და ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვა მარტივად შეუძლიათ, თუკი კანონში პაციენტთა უფლებების შესახებ ჩაიხედებიან.
კანონში კონკრეტულადაა გაწერილი, რისი უფლება აქვს, ერთის მხრივ, პაციენტს, ხოლო, მეორე მხრივ, რა უფლება-მოვალეობები გააჩნია ექიმს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ის, რაც კანონმდებლობითაა გაწერილი - ირღვევა. ჩვენი ორგანიზაცია ექიმებისა და ჟურნალისტების გაერთიანებას წარმოადგენს და არაერთ სადავო საკითხზე გვიმუშავია. ნებისმიერი შემთხვევის განხილვას საკმაოდ ფრთხილად ვუდგებით, გვინდა, მედიაციის გზით წავიდეთ. სხვადასხვა აქტუალური სამედიცინო თემის პოპულარიზაციასა და მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ვცდილობთ, ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან. ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს ექიმების ინტერვიუებსა და რეკომენდაციებს ვაქვეყნებთ, ლაივ-ჩართვებს ვაკეთებთ და გვინდა, რომ ადამიანებს აქტუალურ სამედიცინო თემებზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.
ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება პაციენტთა უფლებების დაცვაა და არაერთმა მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანაში, ამ მიმართულებით, სერიოზული პრობლემები არსებობს. ხშირად, როდესაც დაზარალებული პაციენტები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავენ, საკითხზე მოკვლევა იწყება, დროში იწელება და ამიტომაც, შესაძლოა, კონკრეტული შედეგის დადგომამდე, იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება სჭირდებათ, თავიანთ გულისტკივილს პრესაში, მედიაში, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. თავადაც, როგორც სამედიცინო თემაზე მომუშავე ჟურნალისტს, ბევრი სამწუხარო მაგალითი მინახავს. ამიტომ, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო ზიანდება. გარდა ამისა, არასწორად დასმული დიაგნოზებიც მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამაზეც ბევრი პაციენტი საუბრობს. როდესაც ადამიანს არასწორ დიაგნოზს უსვამენ, გარდა იმისა, რომ სერიოზული ფინანსური დანახარჯების გაღება უწევს, ფსიქოლოგიურადაც დიდ ტრავმას იღებს. ვიდრე რეალურად დაადგენს, რა დაავადებასთან აქვს საქმე, რა ტიპის მკურნალობა სჭირდება და კონკრეტულ შედეგს დაინახავს, იქამდე ძალიან რთულ გზას გადის.
აღსანიშნავია არასწორი კომუნიკაციის შედეგად დაზარალებული პაციენტების მდგომარეობაც. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მსგავსი სულ უფრო მეტი მაგალითი გვაქვს. საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხს პირდაპირ არეგულირებს. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პაციენტს აქვს უფლება, საკუთარი დიაგნოზის, მკურნალობის მეთოდის, სტრატეგიის, მოსალოდნელი შედეგის, მედიკამენტების მოქმედების პრინციპის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია, მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მათ აქვთ იმის უფლება, რომ ექიმმა დრო დაუთმოს და დიაგნოზის შესახებ დეტალურად აუხსნას. თუმცა, რეალურად, ამის ნაცვლად, პაციენტები საპირისპირო შემთხვევებს იხსენებენ. ხშირად ამბობენ, რომ ექიმი მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობს, არ აძლევენ სრულ ინფორმაციას, ანამნეზის შეკრება არ ხდება და პაციენტი დაბნეულია, ვერ იგებს, რა გააკეთოს. ეს, ალბათ, გამოიწვია იმან, რომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მედიცინა ბიზნესი გახდა. მოთხოვნად ექიმებს დღის განმავლობაში კონსულტაციაზე უამრავი პაციენტი ჰყავთ, ასევე რამდენიმე ადგილას მუშაობენ და დრო აღარ ჰყოფნით. ხშირად, არასაკმარისი დროის გამო, არასრულად შეკრებილი ანამნეზისა და ექიმის არასათანადო დამოკიდებულების გამო, პაციენტი მნიშვნელოვნად ზიანდება.
- სამწუხაროდ, დღეისათვის ინფორმირებული თანხმობის ფურცელი, რომელიც პაციენტის ისტორიაში ინახება და შესაძლოა, პაციენტს, ან ოჯახის წევრს წაკითხვისა და გააზრების გარეშე, ოპერაციაზე შესვლის წინ აწერინებენ ხელს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ინფორმირებული თანხმობა გახლავთ პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მისთვის გასაგებ ენაზე მიმაწოდეს ინფორმაცია: სამედიცინო მომსახურების არსის, საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ასევე, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ. განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ. ასევე პაციენტს უნდა განემარტოს სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები.
ხშირად რთულდება დიაგნოზის დასმის პროცესი. ასევე იმის, გამო რომ არასანდო ლაბორატორიული პასუხებია, პაციენტებს უწევთ ალტერნატიული აზრის ძიებაში კლინიკიდან კლინიკაში სიარული... საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პაციენტს აქვს უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ალტერნატიული აზრი მოისმინოს და დიაგნოზი კიდევ გადაამოწმოს. თუმცა, ხშირად მსმენია, რომ ექიმები ღიზიანდებიან, პაციენტები რომ ეუბნებიან, სხვა ქვეყანაში, ან სხვა სპეციალისტთან გადაამოწმეს ინფორმაცია, ანალიზები თავიდან გაიკეთეს და დიაგნოზის შესახებ უფრო მეტის გაგებას შეეცადნენ. ესეც კომუნიკაციის და კვალიფიკაციის პრობლემაა.
დღეს ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს, რომელიც პაციენტების უფლებების დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებას ემსახურება. ამ კუთხით, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ვარ და 2012 წლიდან "იმედის კლინიკაში" პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა პაციენტებთან მუდმივ კომუნიკაციას, შემოვლას, კმაყოფილების კვლევას, წარმოქმნილი კონფლიქტის დარეგულირებას, ექიმისა და პაციენტის აზრის მოსმენასა და მომრიგებლური პოზიციის დაკავებას ემსახურება. ამიტომ, არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ექიმების პრობლემებიც ვიცი და მათაც არაერთი გამოწვევა აქვთ. ბევრ კლინიკაში ერთდროულად მუშაობა უწევთ იმიტომ, რომ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ და, სამწუხაროდ, ხშირად ეს ადამიანები ღამეებს ათენებენ, კლინიკიდან კლინიკაში გარბიან, რომ დღევანდელ ყოფაში, რომელიც არც ექიმებისთვისაა მარტივი, თავის გატანა შეძლონ. თუმცა, პარალელურად, პაციენტების უფლებები ირღვევა. ამიტომ, თუ გვინდა, უკეთესი სამედიცინო გარემო შევქმნათ, იმ ნაბიჯებთან ერთად, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა და უნდა ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები ნამდვილად მისასალმებელია - პირველ რიგში, კლინიკებისათვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის აუცილებლობას ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია, პაციენტების უფლებების დაცვის მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და ექიმთა პრობლემებიც შევისწავლოთ.
- ჩვენი ორგანიზაცია პაციენტების უფლებებს აქტიურად იცავს. თავიანთი პრობლემებით გვიკავშირდებიან და ვცდილობთ, შესაბამის პირებთან დავაკავშიროთ, კონკრეტული მიმართულება მივცეთ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობაა და რესურსებიც შეზღუდულია. ბევრი დადებითი შედეგით დასრულებული საქმე გვაქვს. მაგალითად, ერთ-ერთმა კლინიკამ პაციენტს ზედმეტად, დაახლოებით, 20 ათას ლარამდე გადაახდევინა. მოვიძიეთ ინფორმაცია, დავუკავშირდით კონკრეტულ კლინიკას, მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროდან კომპეტენტური პირები დაგვეხმარნენ. კლინიკის ბრალეულობა დამტკიცდა და თუ ის პაციენტს ფულს არ დაუბრუნებდა, სამმაგი ოდენობის თანხით დააჯარიმებდნენ. ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც არასწორად დასმული დიაგნოზის გამო, პაციენტი რეგულირების სააგენტოში ჩივის და ჩვენი კომუნიკაციის შედეგად, პროცესები დაჩქარებულა. მიგვიცია კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცეს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
საზღვარგარეთ, პოლონეთში, იყო ერთი პაციენტი, რომელსაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ექიმები სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩვენი ორგანიზაცია დაუკავშირდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა რწმუნებულს და მისი ჩარევით მდგომარეობა გამოსწორდა. ჩვენს ორგანიზაციას 1000 დაზარალებულიდან შესაძლოა 1 უკავშირდება. ყოველდღიურად რეგულირების სააგენტოში უამრავი განცხადება შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი უკმაყოფილო პაციენტი რეკავს. მარტო 2022 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 300-მდე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოკვლევის პროცესი ზოგჯერ ძალიან ჭიანურდება და შესაძლოა, კონკრეტული ადამიანისათვის შედეგის დადგენას აზრი აღარ ჰქონდეს. უამრავი საჩივარი იწერება სოციალურ ქსელში, მედია აშუქებს დაზარალებული პაციენტების ისტორიებს. ამიტომაც, ან სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას, ისევე, როგორც ყველა წარმატებულ ქვეყანაშია; ან კიდევ, კლინიკებმა უნდა გაითვალისწინონ ეს საკითხი და აბსოლუტურად ყველამ შექმნას ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახური, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორ პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე მჭიდრო კავშირი ექნება ამ სამსახურს არასამთავრობო სექტორთან. ვფიქრობ, რომ მხოლოდ მედიაციის, სწორი კომუნიკაციის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვის გზით შეიძლება ექიმებსა და პაციენტებს შორის გართულებული ურთიერთობების დარეგულირება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი ამბობს, რომ მას არ აქვს დრო, პაციენტს დეტალურად აუხსნას ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე. მან არ იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობას პირდაპირ არღვევს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ცნობიერება უნდა ამაღლდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაქსიმალურად დიდი როლი უნდა შევასრულოთ. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ამ საკითხზე სერიოზულად ვიფიქროთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ.
- მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება მიეცემათ, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას. ამ ეტაპზე უკვე საქართველოში მოქმედ ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ამერიკულ, კანადურ, გერმანულ და ა.შ. მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან და ემზადებიან საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად.
რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა, ინფრასტრუქტურის მოწყობის და პაციენტთა უფლებების დაცვის სტანდარტებზე. კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია პაციენტების უსაფრთხოებასთან და მათი უფლებების დაცვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ყველა სტანდარტი, რასაც წამყვანი სახელმწიფოები ადგენენ, პაციენტების უსაფრთხოებასა და პაციენტსა და კლინიკას შორის სწორ კომუნიკაციას ემსახურება. მისასალმებელი ფაქტია, რომ 2025 წლამდე ყველა კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია უნდა გაიაროს. მოთხოვნილი სტანდარტები ბევრ სხვადასხვა თემას ეხება და კლინიკებს როგორც დოკუმენტურად, ისე ტექნიკურად სრულად გამართვას ავალდებულებს. აკრედიტაციის ნაწილში, ერთ-ერთი უმთავრესი როლი პაციენტების გამოკითხვებსა და მათი საჩივრების მართვას აქვს. ყველა რგოლი, რეგისტრატურა, დაცვის სამსახური, უშუალოდ ექიმი პაციენტის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მოწმდება, რამდენად მაღალია მომსახურების ხარისხი, არის თუ არა კლინიკა ტექნიკურად გამართული, უტარდება თუ არა სამედიცინო აპარატურას მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით კალიბრაცია, როგორია ინფექციის კონტროლის და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორ არის აწყობილი მენეჯმენტი, ორგანიზაციული კულტურა, მიდგომა დასაქმებული პერსონალის მიმართ და უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით. საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს შესთავაზოს - აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ერთი მხრივ, პაციენტისათვის, მეორე მხრივ კი, კლინიკაში დასაქმებული ადამიანებისათვისაა მნიშვნელოვანი. აკრედიტაციის პროცესმა გამოავლინა, რომ სხვადასხვა კლინიკას ძალიან ბევრი რამ აქვს შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. თუ კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული პირობები არ ექნებათ, ისინი აკრედიტაციას ვერ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ აკრედიტაცია და ის სერტიფიკატი, რომელსაც დაიმსახურებენ, რამდენიმე წელხელიში ისევ უნდა განახლდეს და კლინიკა კვლავ შემოწმდეს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მოდუნების საშუალებას არ მისცემთ, მეორე მხრივ კი, შეეძლებათ, არსებული შენიშვნები გაითვალისწინონ და გამოასწორონ. თუ კლინიკები აკრედიტაციას ვერ გაივლიან, მათ მოუწევთ, სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარი თქვან. ამიტომ, ვფიქრობ, აკრედიტაციის პროცესი სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს!