ამერიკელი გოგონას გაუჩინარების ამბავს ერთ დროს "ევერესტის მთა" უწოდეს, რადგანაც მისი გახსნა ვერავინ შეძლო და გადაულახავ წინაღობად იქცა. ამ საშინელ ტრაგედიაზე ცნობების შეგროვება მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ შეძლეს.
1959 წლის 6 მარტს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. 9 წლის გოგონა, კენდის როჯერსი, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობდა, სახლიდან ტკბილეულის დასარიგებლად გამოვიდა. მე-4 კლასის მოსწავლე სკაუტი იყო, ამიტომაც ახლომდებარე სახლებს ყოველდღიურად სტუმრობდა და კერძებს, ტკბილეულს სიმბოლურ ფასად სთავაზობდა. იმ დღეს გოგონას მიზანი იყო, 7 ყუთი პიტნის კანფეტი გაეყიდა. როჯერსი სახლიდან 4 საათზე გავიდა, მაგრამ ჩვეულ დროს, 6 საათზე აღარ დაბრუნებულა. მშობლებმა და ბაბუამ განგაში ატეხეს. კენდისის სახლში მეზობლები შეიკრიბნენ, შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მაშინვე მივიდა და ბავშვის ძებნა დაიწყო.
გოგონას თანაკლასელები, მეგობრები მის მოსაძებნად გაემართნენ. ნახევარ საათში უცნაური რამ მოხდა. შეკრებილი ადამიანების გვერდით დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ჩაიქროლა და კენდისის ბაბუას კინაღამ დაეჯახა. თავდაპირველად, პოლიციამ ეს ფაქტი გოგონას გაუჩინარებასთან ვერ დააკავშირა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მანქანაში გატაცებული გოგონა ყოფილიყო.
პირველ კვალს საღამოს 10 საათზე მიაგნეს. კენდისის სახლიდან რამდენიმე კილომეტრში კანფეტის ექვსი ყუთი იპოვეს. ახლობლები ფიქრობდნენ, რომ გოგონა დაიკარგა, ან გზაში გაერთო და მალე უვნებელს იპოვიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ვარაუდები არ გამართლდა. ამავდროულად, გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ როჯერსი გაიტაცეს, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ან რა მიზნით, ვერ ადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ წლების წინ გამოძიება ასეთი ეფექტური არ იყო და არც სხვადასხვა მნიშვნელოვანი რესურსი არსებობდა, რომ კვალისთვის მიეგნოთ.
კენდისი, თითქოს, უკვალოდ გაქრა... მომდევნო დღეებში ბავშვის მოსაძებნად ასობით მოხალისე შეიკრიბა. მე-4 კლასელ გოგონას არა მხოლოდ ახლობლები და მოხალისეები ეძებდნენ, არამედ სამხედრო პერსონალი, საზღვაო ქვეითები და მფრინავებიც ჩაერთნენ. სხვათა შორის, ძიების მომენტში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა - სამძებრო ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს დაეჯახა და ჩამოვარდა...
ძიების მე-16 დღეს ორმა სამხედრომ ტყეში, მიტოვებულ ქვის კარიერთან დაკარგული გოგონას ცხედარი აღმოაჩინა... იქვე მისი ლურჯი ფეხსაცმელიც ეყარა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კენდისი გააუპატიურეს, შემდეგ კი საკუთარი პერანგით დაახრჩვეს. ტანსაცმელზე საღეჭი რეზინის კვალიც აღმოაჩინეს. თავდაპირველად სერიულ მკვლელზე ჰიუ ბიონ მორზიზე მიიტანეს ეჭვი, რომელიც ქალებს აუპატიურებდა და კლავდა. მანიაკმა დანაშაული უარყო და მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა მისი ბრალეულობა მართლაც არ დაადასტურა.
საქმეში არაერთი ეჭვმიტანილი იყო, მაგრამ პოლიციამ ბრალის დამტკიცება ვერავისთან მოახერხა.
დანაშაულის შესახებ პრესაში რეგულარულად იწერებოდა. პოლიციაში დროდადრო ანონიმური ზარები შედიოდა. მოქალაქეები ირწმუნებოდნენ, რომ სანდო ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ გამოძიებას ვერც ერთი დაეხმარა. ხანგრძლივმა კვლევამ, ასობით ადამიანის დაკითხვამ ვერაფერი დაადგინა. დეტექტივებმა საქმეს "ევერესტი" უწოდეს, რადგანაც მის გადალახვას ვერავინ ახერხებდა.
"ეს საქმე მთას ჰგავდა, რომელზედაც ასვლა არ შეგვეძლო, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდა." - ამბობდნენ გამომძიებლები მაშინ.
გოგონას მამამ დარდს ვერ გაუძლო და ადგილობრივი სასტუმროს ნომერში თავი მოიკლა. ბავშვის დედა 2006 წელს გარდაიცვალა. 2021 წელს კი, პოლიციამ საქმეზე საბოლოოდ შეძლო დეტალების გარკვევა.
გოგონას მკვლელობის შესახებ გამოძიება 2000-იან წლებში განახლდა. როდესაც ექსპერტებმა კენდისის ტანსაცმლიდან სპერმის ნიმუშის აღება მოახერხეს. ბიოლოგიური მასალა მონაცემთა ბაზაში ჩაიტვირთა, მაგრამ პროგრამამ რაიმე შესატყვისი ვერ გამოავლინა. 2021 წლის თებერვლამდე ვერაფერი გაირკვა... სწორედ ამ წელს, ბიოლოგიური მასალის ნიმუშის დახმარებით დადგინდა, რომ დამნაშავე ჯონ რეი ჰოფი იყო.
საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ის პრობლემური მოზარდი იყო და 16 წლის ასაკში ბიჭების სამთავრობო სასწავლო ბანაკიდან გაიქცა. 20 წლის იყო, როცა გოგონა სკაუტი მოკლა. ჰოფი არმიაში მსახურობდა და იმავე საჰაერო ძალების ბაზაზე იყო განლაგებული, რომლის ვერტმფრენიც ჩხრეკის დროს ჩამოვარდა. მისი ოჯახი გარდაცვლილი გოგონას სახლიდან სულ რაღაც კილომეტრში ცხოვრობდა... შემთხვევის დღეს კი ახალგაზრდამ გოგონა გაიტაცა, გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. ორი წლის შემდეგ, მკვლელმა სცადა, იგივე სხვა გოგონასთვისაც გაეკეთებინა. საბედნიეროდ, გოგონამ მონსტრის კლანჭებიდან თავის დაღწევა და გაქცევა მოახერხა. ჰოფმა მაშინ ციხეში 6 თვე გაატარა და მისი ბიომასალა აშშ-ის პოლიციის მონაცემთა ბაზაში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, წლების წინ გამოძიება ასეთი ეფექტური და სწრაფი არ იყო, შესაბამისად, ამ ორ საქმეს შორის კავშირი ვერ იპოვეს...
ჰოფი 1960 წელს დაქორწინდა და მალევე მამა გახდა. თუმცა, როგორც ცნობილია, მან მეუღლეს ცხოვრება კოშმარად უქცია. ქალზე გამუდმებით ძალადობდა, ერთხელ კი მისი დახრჩობაც სცადა. სიცოცხლის ბოლო წლებში საწყობში მუშაობდა, 1970 წელს კი თავი მოიკლა.
"ამ ამბის გასააზრებლად დრო დამჭირდა. ძნელია იმის დაჯერება, რომ ოჯახში ასეთი რამის გაკეთება ვინმეს შეეძლო. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ მამაჩემს დეპრესია ჰქონდა და თავი ამის გამო მოიკლა." - თქვა ჯონ რეი ჰოფის ქალიშვილმა ერთ-ერთ კონფერენციაზე.
საქმეზე გამომძიებელთა 3 თაობა მუშაობდა.