"გიორგი ქართველის ბლოგი" - ალბათ, ამ პლატფორმიდან გიორგისა და მისი მეუღლის, ალბას ვიდეოები ხშირად გინახავთ და დადებითი განწყობაც შეგქმნიათ. იუმორისტული, საინფორმაციო ხასიათის ვიდეოები, რომლებიც წყვილის ურთიერთობის, ესპანეთში ცხოვრების, სხვადასხვა ქალაქის, მნიშვნელოვანი პუნქტებისა და დაწესებულებების შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად, არაერთმა მაყურებელმა შეიყვარა. დღეს გიორგი ქართველს უფრო ახლოდან გაგაცნობთ და მოგიყვებით იმაზეც, თუ როგორ მოუვიდა პოპულარული ბლოგის შექმნის იდეა:
- 2002 წლიდან ესპანეთში ვცხოვრობ. დედაჩემი 2000 წელს აქ სამუშაოდ ჩამოვიდა, ჯერ ჩემი და წამოიყვანა, შემდეგ - მე. მაშინ 12 წლის ვიყავი. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში, რაც ვიდეოების გადაღება აქტიურად დავიწყეთ და უამრავი გულშემატკივარი შევიძინეთ. ჩამოვდივართ საქმეების, შემოთავაზებების გამო და რაც მთავარია, ბებიის გამო, რომელიც მანდ ცხოვრობს. სკოლა ესპანეთში დავამთავრე. 18-19 წლიდან ვმუშაობდი. უკვე რამდენიმე წელია, ფეხსაცმლის ფაბრიკაში, ლოჯისტიკის მიმართულებით ვარ დასაქმებული. პარალელურად, ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ბლოგი და მისი განვითარებაა. იმედი მაქვს, ჩემი ბლოგი ახლო მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება და მეტი ადამიანი შემოგვიერთდება.
- ეს საქმე პატარაობიდანვე მაინტერესებდა, YouTube-ზე ვიდეოების ყურება მომწონდა, თუმცა მაშინ ეს ასეთი პოპულარული არ იყო, როგორც დღესაა. დროთა განმავლობაში, დამოუკიდებლადაც დავიწყე შექმნა. წლების წინ გრძელ ვიდეოებს ვწერდი არა მარტო ჩემს ცხოვრებაზე, არამედ ემიგრაციის თემებზე, აქაურ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. ამ სფეროში თავიდან დაწყება და აუდიტორიის შემოკრება ძალიან რთულია. მათ ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რაც ყველასგან გამოგარჩევს და ამავდროულად, საინტერესოა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდეოების ჩაწერას თავიც დავანებე. თუმცა, შემდეგ პატარა, იუმორისტული ვიდეოები ჩავწერე, მეუღლეც შემოვიყვანე და ხალხმა ძალიან შეიყვარა. რაც მეტი ნახვა ჰქონდა ვიდეოებს, მით მეტი სტიმული მეძლეოდა, რომ გამეგრძელებინა და ასე მოვედით აქამდე.
- ალბა საქართველოში ჩემზე მეტად უყვართ. როცა ჩამოვდივართ, ყველაზე დიდ ყურადღებას მას აქცევენ. ეს ძალიან მახარებს. ბევრი კურიოზიც გვაქვს. სოფელში რომ ჩავდივარ, სადაც გავიზარდე და 12 წლამდე ვცხოვრობდი, იქ, პირველ რიგში, ალბაა და მერე - მე (იცინის). დედაჩემი რომ ჩავიდა, ყველა ამბობდა: "ეს ალბას დედამთილია." ალბა ესპანეთში, კოლეჯში სწავლისას გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. უკვე 8 წელია, ერთად ვართ. როგორც ვიდეოებში საუბრობს, ისე გამართულად რეალურად ქართულად საუბარი არ შეუძლია, რადგანაც ვიდეო, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. მაგრამ, ალბას უნიკალური ნიჭი აქვს, რომ ჩვენი ენისათვის დამახასიათებელი რთული ბგერები მარტივად გაიმეოროს. თავიდან პატარა ვიდეო ჩავწერეთ, სადაც ენის გასატეხებს ვამეორებინებდი. ვეუბნებოდი, გაემეორებინა, მაგალითად: "ბაყაყი წყალში ყიყინებს." თანხმოვნები ისე კარგად გამოთქვა, რომ ძალიან გამიკვირდა და ვიხალისეთ. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ვიდეოები წყვილში ჩაგვეწერა. ნელ-ნელა ერთობლივი იუმორისტული ვიდეოების გადაღება დავიწყეთ და ხალხმა ძალიან შეგვიყვარა.
- 12 წლის ვიყავი, როცა ესპანეთში ჩამოვედი და ახლა 33 წლის ვარ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები აქ გავიარე. საქართველოში დაბრუნებაზე სულ ვფიქრობ, მაქვს სურვილი, რომ როგორმე ჩემი ცხოვრება საქართველოს უფრო მეტად დავუკავშირო, წამოვიწყო ბიზნესი, ან რაიმე ისეთი საქმე, რაც ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ დროს გამატარებინებს.
- ბებო საქართველოში სულ გველოდება და ჩვენი ჩამოსვლა განსაკუთრებით ახარებს. სულ მეუბნება, რომ ალბას ქართული უკეთესად ვასწავლო. ალბა რაიმეს რომ ვერ ამბობს, ხუმრობს: "ვიდეოებში ხომ კარგად ლაპარაკობს ქართულადო". ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ 100%-ით არ ესმით ერთმანეთის, თარჯიმნის როლს ვირგებ.
- ალბას საქართველო ძალიან უყვარს. განსაკუთრებით, სამზარეულო. ხინკალზე გიჟდება. რამდენიმე თვის წინ 5 დღით ვიყავით ჩამოსულები და 5 დღე ხინკალი მაჭამა.. ხალხი ცნობს, სითბოს გამოხატავენ და ალბაც ბედნიერია. საქართველოში ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში.
- მინდა, ემიგრაციის თემაზე ვრცელი, კარგი რეპორტაჟი გადავიღო და ჩემს მაყურებელს ამაზე უფრო აქტიურად ვესაუბრო. ემიგრაციაში ცხოვრება, ის, რომ მშობლიურ გარემოს წყდები და სხვაგან გიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან რთულია. აქ არიან ბავშვები, რომლებმაც ქართული საერთოდ არ იციან, ან ძალიან ცუდად იციან. მშობლის როლი, რომ ბავშვმა ენა და საკუთარი სამშობლო არ დაივიწყოს, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, თავად ბავშვიც უნდა იყოს მონდომებული და დაინტერესებული. ქართულ ფილმებს, ქართულ პოეზიას, ლიტერატურას აქ გავეცანი. ქართული ყველაფერი მენატრებოდა, ნოსტალგიას განვიცდიდი და ბევრს ვკითხულობდი და ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში გავიზარდე და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპებიც აქ გავიარე, საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ემოციური კავშირი მაქვს. დედაჩემი ყოველთვის ქართული სულისკვეთებით მზრდიდა. პიანინოზე უკრავს, პატარაობიდან ქართულ მუსიკებს ვმღეროდით და საქართველო სულ მახსოვდა. ამიტომ, ბიძგი დედაჩემმაც მომცა და ინტერესი თავად გამოვიჩინე. ესპანურენოვან სკოლაში ვსწავლობდი. აქ ქართული სკოლა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებმა ქართული არ დაივიწყონ. საკვირაო სკოლაა, სადაც საგნებს არ სწავლობენ, უბრალოდ ენას არ ივიწყებენ და ერთად იკრიბებიან.
- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ვიდეოები ამხელა გამოხმაურებას გამოიწვევდა. იმ ადამიანებს, რომლებიც თბილ სიტყვებს გვწერენ, შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ის, რაც მათი მხრიდან ჩვენ მიმართ მოდის, ენით აღუწერელი სიამოვნება და ბედნიერებაა. იშვიათად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც დადებითად არ არიან განწყობილები, მაგრამ, როგორც წესი, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევენ, რომ განვვითარდეთ, გრძელი, საინფორმაციო ვიდეოები გადავიღოთ. ეს სიყვარული და ენერგია მეხმარება, რომ წინსვლა გავაგრძელო.
თამარ იაკობაშვილი