ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თამარ კუპრეიშვილი გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე საუბრობს, აღნიშნავს იმასაც, თუ რა ნიშნებით შეიძლება, ფუნქციის დარღვევა გამოვლინდეს და ზოგადად, რა როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმისათვის ფარისებრი ჯირკვალი:
- ფარისებრი ჯირკვალი, გამომუშავებული ჰორმონების საშუალებით, პრაქტიკულად, მთელ ორგანიზმს აკონტროლებს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და ენერგიის ცვლას. ამიტომ, როცა სიმსუქნე, ან წონის დეფიციტია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. არეგულირებს თერმორეგულაციას, ნერვულ და ფიზიკურ განვითარებას, რეპროდუქციულ ფუნქციას. უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციიის დარღვევასთანაა დაკავშირებული. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გულის რითმის დარღვევა, წნევის მატება, წნევის დაქვეითება ასევე შეიძლება ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა, იოდის დეფიციტია. გარდა ამისა, ფარისებრ ჯირკვალში შესაძლოა ანთებითი პროცესები განვითარდეს, რის შედეგადაც მწვავე თირეოდიტი, ან ქვემწვავე თირეოდიტი გვაქვს. ასევე, შესაძლოა, აუტოიმუნური დაავადებების როლიც იყოს. რატომ ვითარდება აუტოიმუნური პროცესები, მაგის თქმა რთულია. შეიძლება, გამოწვეული იყოს სტრესით, შესაძლებელია, მუცლადყოფნის პერიოდში მოხდეს რაიმე და რაღაც მომენტში ფარისებრი ჯირკვალი იმუნური სისტემის მიმართ უცხოდ აღიქმებოდეს.
სიმპტომები, რომლებითაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ვლინდება, დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებასთან - ჰიპერთირეოზთან, ან კიდევ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან - ჰიპოთირეოზთან. ჰიპერთირეოზის დროს წონის კლება, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ოფლიანობა, სითბოს აუტანლობა, შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიარეა იყოს გამოხატული. ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს, გვაქვს წონის მატება, სისუსტე, დაღლილობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, ამ შემთხვევაშიც მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დეპრესია.
სიმპტომები შეიძლება ასევე ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან, ან ფარისებრ ჯირკვალში კვანძების წარმოქმნასთა იყოს დაკავშირებული. გარდა ჩამოთვლილი ჩივილებისა, ზოგჯერ შესაძლოა, გამოხატული იყოს: ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, კისრის არეში შეშუპება, სიმკვრივე და ასე შემდეგ. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ. ასევე, ფარისებრი ჯირკვალი უნდა გავიკონტროლოთ, თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორია, ანამნეზში თავ-კისრის დასხივება გვაქვს. თუნდაც, სტომატოლოგთან რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გარკვეული საფრთხის შემცველია და ამიტომ, კარგი იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში საყელოს მოვითხოვთ ხოლმე.
დიაგნოსტირების პირველი ეტაპი ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა და სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და ჰიპოფიზის ჰორმონის თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულებს ვიკვლევთ. თუ გვაქვს კვანძი, რომელსაც საეჭვო ნიშნები აქვს, ბიოფსიას ვატარებთ. რაც შეეხება მკურნალობას, ძირითადად, მედიკამენტურია. ოპერაციული მკურნალობა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებაა, თუ ჩიყვი დიდი ზომისაა, კვანძია დიდი ზომის, მეზობელ ორგანოებზე აქვს ზეწოლა და გვაქვს გრეივსის დაავადება. ეს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებაა, რომლისთვისაც მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია.