15 თებერვალს 68 წლის ასაკში ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. პოპულარობა მის ცხოვრებაში მოულოდნელად, 15 წლის ასაკში მოვიდა, როცა ფილმში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გადაიღეს...
სულ სამ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავისი სილამაზით და გულწრფელობით თავი სამუდამოდ დაამახსოვრა, მაგრამ კინოდან მალევე ასევე მოულოდნელად გაქრა... არტისტობაზე უარი მეუღლის, ფეხბურთელ დავით გოგიას თხოვნით თქვა, თუმცა საჯაროობის მოყვარული თავადაც არ ყოფილა. თვალთახედვის არედან წლების განმავლობაში გაქრა, მაგრამ მაინც დარჩა - ასეთი ბედი ბევრს არ ჰქონია...
"პატარა კი ვიყავი, მაგრამ ჯერ სკოლის ფორმაში მახსოვს მისი ფოტოები, როლზე რომ დამტკიცდა ამ კაბაში. თემო ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხათუნა კი ადამიანად არ მთვლიდა. "მეთხუთმეტე გაზაფხული" - ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო და ხათუნა კოტრიკაძისთვის პირველი კინონამუშევარი" - დაწერა ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძემ, რომელიც ამის შემდეგ AMBEBI.GE-საც გაესაუბრა:
- ხათუნას დებიუტი კინოში ბიძაჩემის, სოსო ჩხაიძის მეორე ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული" შედგა. მასზე დიდხანს მუშაობდა, ის პერიოდი კარგად მახსოვს, რადგან მაშინ ერთად ვცხოვრობდით. კი, დიდხანს და ძალიან სკრუპულოზურად საქმიანობდა. საერთოდ, თავისი ფილმებისთვის სცენარს თვითონ წერდა, "რასკადროვკებს" ამ ფილმზე მხატვარ ბუდუ სირბილაძესთან ერთად აკეთებდა. მერე კი ყველა ფილმზე ვახო ტურუა ყავდა... განსაკუთრებულად მიიჩნევდა გოგონას როლზე შერჩევის ამბავს. ძალიან ბევრი სინჯი იყო გაკეთებული, სახლი სავსე გვქონდა ლამაზი გოგოების ფოტოებით, რასაც მე დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი... ხათუნა იმ ფოტოებში და იმ გოგოებიდან გამორჩეულად ლამაზი იყო, შეუძლებელი იყო, ეს არ დაგენახა და არ აღგენიშნა, რაც მთავარია, კინოგენურიც გახლდათ... გადაღებებზეც დავყვებოდი, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ პირდაღებული ვუყურებდი ხოლმე. ამასთან, ცოცხალი და აქტიურიც იყო... ასე რომ, ბიძაჩემმა იმ ბევრი გოგონადან, რომელთა ფოტოები მაგიდაზე ეწყო, ხათუნას ფოტო და ცხადია თავად ხათუნა აირჩია.
ლელა ოჩიაური, კინოკრიტიკოსი:
- ხათუნას შესახებ საერთოდ ძალიან ნაკლები ინფორმაციაა გავრცელებული. ჩემთვის ერთადერთი ისაა ცნობილი, რაც ადრეულ წლებში, მასზე რაღაც სტატიაში წავიკითხე. ეწერა, რომ სოფელ დიღომში ცხოვრობდა, რომ ქმრის მოთხოვნით უარი თქვა კინოში გადაღებაზე. მუდმივად სახლში იყო და იქ საქმიანობდა, რომ ფერმა ჰქონდა, ძროხებს უვლიდა... მამამისი ცნობილი ფეხბურთელი იყო, ბიძაც ფეხბურთელი ჰყავდა, ქმარიც "დინამოს" მეკარე... მახსოვს, ძმა ჰყავდა, რომელსაც ახალგაზრდობაში ვიცნობდი... ხათუნას ფილმებში მთავარი როლები აქვს შესრულებული. ლეილა გორდელაძის „მოიტაცეს თამარ ქალი“ მართლა ძალიან პოპულარული ფილმია და ასევე ლევან ხოტივარის "მხიარული რომანი". იმ პერიოდისთვის, გასული საუკუნის 70-იან წლებში ასეთი ტიპის, ჟანრის ფილმები, მსგავსი მუსიკალური კომედიები, მელოდრამატული ელფერით პოპულარული იყო.
"სამაყურებლო" ფილმები გახლდათ, თან ისინი ერთმანეთს მიჰყვა... ხათუნას გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, არ იყო მხოლოდ ლამაზი, ლამაზი გოგოები მაშინაც იყვნენ, დღესაც არიან, მაგრამ მას კიდევ რაღაც სხვა რამ ჰქონდა - გამორჩეული ფაქტურა, ჟღალი თმა, ჭორფლი, ლამაზი ტუჩები, თვალები, მომხიბვლელი გამოხედვა. ასევე ჩანდა, რომ ძალიან დადებითი ადამიანი იყო. მაყურებელი ასე აღვიქვამდით... ამ ფილმების შემდეგ კინოდან მალევე გაქრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვისაც ის ფილმები ნანახი აქვს, ხათუნა დღესაც ყველას ახსოვს... მერე მასზე ამ ნამუშევრებიდან, მისი გარეგნობიდან და საზოგადოებისთვის დახურული პირადი სივრცის გამო რაღაც ლეგენდის მსგავსიც გაჩნდა...