როდესაც მშობლებს პატარა ვიქტორია კლიმბის ევროპაში გაშვების და განათლების მიღების შანსი მიეცათ, სიამოვნებით დათანხმდნენ.
გოგონა ასაკთან შედარებით, ძალიან ნიჭიერი და განვითარებული იყო, საუბრობდა ორ ენაზე. იმ დროს კოტ დ'ივუარი სამოქალაქო ომების ეპიცენტრში იმყოფებოდა და ვიქტორიას მშობლები შიშობდნენ, რომ ეს გოგონას მომავალზე არასახარბიელოდ აისახებოდა. ამიტომ ბევრი ფიქრის და აწონ-დაწონვის შემდეგ, შანსი გამოიყენეს და გოგონა დეიდასთან დიდ ბრიტანეთში გაუშვეს. რა თქმა უნდა, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ შვილს ვეღარასოდეს ნახავდნენ.
ვიქტორია კლიმბი 1991 წლის 2 ნოემბერს პატარა სოფელ აბობოში, კოტ დ'ივუარის ყოფილ დედაქალაქში დაიბადა. ვიქტორია მოსიყვარულე მშობლებთან იზრდებოდა, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთ ქალიშვილს, რაც შეეძლოთ, ყველაფერი მიეცათ.
როდესაც გოგონა შვიდი წლის გახდა, მისმა დეიდამ მარია ტერეზა კვაომ შესთავაზა ვიქტორიას მშობლებს, გოგონა მასთან ერთად ბრიტანეთში გაეშვათ. ისინი დათანხმდნენ, პატარა ვიქტორია "აღელვებული და ბედნიერი" იყო, რომ წინ, ომებისგან მოშორებით, ახალი ცხოვრება ელოდა და უსაფრთხოდ შეეძლო სკოლაში წასვლა.
მარი-ტერეზა კვაო საფრანგეთის მოქალაქე იყო და ოჯახს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ქალს საკმარისი ფული ჰქონდა საკუთარი თავის და ვიქტორიას სარჩენად. რას წარმოიდგენდნენ, რომ გოგონა მას მხოლოდ სახელმწიფოსგან შეღავათების მისაღებად სჭირდებოდა.
მანამდე მარია ტერეზამ სხვა გოგონას მშობლები დაითანხმა, რომ შვილი მისთვის გადაეცათ. ბავშვს სახელად ანა ერქვა. მას ყალბი პასპორტიც კი გაუკეთა, მაგრამ ბოლო მომენტში გოგონას მამამ გადაიფიქრა. მარია ტერეზამ გადაწყვიტა, რომ პასპორტის ჩანაცვლებას ძალიან ბევრი ფული და დრო დასჭირდებოდა, ამიტომ ვიქტორია აირჩია, რომელიც გარეგნულად ანას ჰგავდა.
სრული დამთხვევისთვის გოგონას ვარცხნილობა შეუცვალა, რის შემდეგაც ქალი და ბავშვი ევროპაში წავიდნენ. მათ უპრობლემოდ გაიარეს საპასპორტო კონტროლი და პატარა ვიქტორია მარია ტერეზას სრული ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა.
მარია ტერეზა მაშინვე არ ჩასულა ბრიტანეთში. ჯერ ის და ვიქტორია პარიზში დასახლდნენ, სადაც ქალმა გოგონასთვის შემწეობაზე შეიტანა განცხადება. ვიქტორია ყველას ანას სახელით წარუდგინა და აცხადებდა, რომ დედამისი იყო.
იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეჭვი არ გასჩენოდა, გოგონა რეგულარულად დადიოდა სკოლაში, რაც დიდად აღიზიანებდა მარია ტერეზას. თუმცა მას არ შეეძლო გოგონასთვის სკოლაში სიარული აეკრძალა, რადგან დასწრება მკაცრად კონტროლდებოდა და გაცდენები ბევრ პრობლემას შეუქმნიდა „დედას“. საფრანგეთში ხუთთვიანი ცხოვრების შემდეგ მარი-ტერეზა ვიქტორიასთან ერთად ლონდონში ჩავიდა.
ისინი დასავლეთ ლონდონში დასახლდნენ. ვიქტორია, მარი-ტერეზასგან განსხვავებით, არ საუბრობდა ინგლისურად, რაც მას ადგილობრივ ბავშვებთან ურთიერთობას ართულებდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში, 26 აპრილიდან 7 ივლისამდე, მარია ტერეზამ 14-ჯერ მიაკითხა სოციალურ სამსახურს და ცდილობდა მათგან დახმარება მიეღო. მან ვიქტორია შვიდჯერ წაიყვანა გასაუბრებაზე. გოგონას გარეგნობა ხანდახან აშინებდა სოციალურ მუშაკებს - დახეული ტანსაცმელი ეცვა და ძალიან მოუვლელი იყო, მაგრამ არცერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია.
იმავე წლის ივნისში, სოციალურ სერვისებში ანონიმური ზარი შევიდა მარი-ტერეზას შორეული ნათესავისგან. ის ამბობდა, რომ მარია ტერეზა ვიქტორიას სცემდა. ქალმა თავად შენიშნა გოგონას სხეულზე ცემის კვალი.
მაშინ მარია ტერეზამ იარები იმით ახსნა, თითქოს ვიქტორია ესკალატორზე დაეცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამავე ქალბატონმა ნათესავებთან სტუმრობისას შენიშნა, რომ ვიქტორია სასტიკად გამხდარი იყო, მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი წონა ჰქონდა დაკარგული. ქალმა კვლავ დაურეკა სოციალურ სამსახურს, სადაც ის დაამშვიდეს, მაგრამ ისევ არაფერი გაუკეთებიათ.
ივლისის დასაწყისში მარია ტერეზა და ვიქტორია მისი ახალი მეგობრის, კარლ მენინგის ბინაში გადავიდნენ. მამაკაცი მასზე მრავალი წლით უმცროსი იყო და ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობდა. ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და იმისთვის, რომ მის ხარჯზე არ ეცხოვრათ, მარია ტერეზამ მუშაობა დაიწყო.
ვიქტორიას მეზობელი უვლიდა, რომელსაც საკუთარი შვილებიც ჰყავდა. მისი ერთ-ერთი უფროსი ქალიშვილი, ავრილი, ამჩნევდა, რომ ვიქტორიას ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი სისხლჩაქცევა და დაზიანება ჰქონდა და ერთ დღესაც გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა.
ორსაათიანი გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ავრილს უთხრა, რომ ვიქტორიას თეძოებზე დამწვრობა სიგარეტის კვალი იყო, რომელიც მის სხეულზე ჩააქრეს. თუმცა, მეორე ექიმმა, რომელმაც მეორე დილით ცვლა ჩაიბარა, ვიქტორიას მუნის დიაგნოზი დაუსვა (პარაზიტული ტკიპებით გამოწვეული ინფექცია) და ის სახლში გაწერა.
იმავე თვეში ვიქტორია კვლავ კლინიკაში მოხვდა. ამჯერად თავისა და სახის დამწვრობით. მარია ტერეზა ამას იმით ხსნის, რომ ვიქტორია მუნის ნაწიბურების მოშორებას დამოუკიდებლად ცდილობდა და თავი ცხელ წყალს შეუშვირა. გოგონას სახესა და თავზე სერიოზული დამწვრობა ჰქონდა, მაგრამ ბავშვი ისევ იღიმოდა.
ექთნები ამჩნევენ, როგორ იცვლებდა ბავშვის ქცევა მარი-ტერეზას გამოჩენისთანავე. შემდგომში მათ სასამართლოშიც აღნიშნეს, რომ ქალისა და გოგონას ურთიერთობა უფრო „ბატონის და მსახურის" ურთიერთობას ჰყავდა, ვიდრე დედა-შვილისას. ერთ დღეს ვიქტორია მარია ტერეზას მოულოდნელმა გამოჩენამ ისე შეაშინა, რომ თავი ჩაისველა.
ორი კვირის განმავლობაში ბავშვი საავადმყოფოში მრავლობითი დამწვრობით და სხეულზე ქამრის ბალთის კვალით იმყოფებოდა, სოციალურ მუშაკებს კი არასოდეს დაუსვამთ ვიქტორიასთვის შეკითხვა, რა მოხდა. გოგონა გაწერეს და მარია ტერეზამ ის სახლში წაიყვანა.
კლინიკის სამედიცინო პერსონალმა პოლიციას თავისი ეჭვები გაუზიარა - დარწმუნებულები იყვნენ, რომ მარია ტერეზას აუცილებლად შემოწმდებდნენ. თუმცა, პოლიციის თანამშრომელი კარენ ჯონსი ქალის სახლში არც კი მივიდა მუნით დაინფიცირების შიშით. არც თავად ექიმები მისულან ვიქტორიას შესამოწმებლად, თუ როგორ მიდიოდა გამოჯანმრთელების პროცესი.
გოგონას ახალი სოციალური მუშაკი, ლიზა არტურვორი დაუნიშნეს. მას პრაქტიკულად არ ჰქონია სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია ახალი მიღებული ჰქონდა. 1999 წლის აგვისტოში კარლ მენინგის ბინაში ის პირველად მივიდა და კმაყოფილი დარჩა - ბინა გარემონტებული და სუფთა იყო. თუმცა, რატომღაც ლიზა თავად ვიქტორიას არ გამოლაპარაკებია.
სოცმუშაკი მენინგის სახლში ოქტომბერში დაბრუნდა. იმ დროისთვის კარლი ვიქტორიას ყოველ ღამე აბაზანაში აძინებდა, რადგან მუდმივი ცემის და წამების გამო ბავშვს შარდის შეუკავებლობა დაეწყო.
ვიქტორიას ყოველგვარი ქვეშაგების გარეშე, ნაგვის ტომარაში ეძინა. შემდეგ ყველაფერი უარეს კოშმარში გადაიზარდა - კარლი ბავშვს ზურგს უკან უკრავდა ხელებს და ის მთელი ღამე საკუთარ ექსკრემენტებში გაყინულ ბნელ ოთახში იწვა. ბოლოს საერთოდ აღარ უხსნიდნენ ხელებს და გოგონა იძულებული იყო პლასტმასის თეფშებიდან მხოლოდ ენით ეჭამა, როგორც ცხოველს.
მოულოდნელად, იმავე წლის ნოემბერში, მარი-ტერეზა თავად დაუკავშირდა სოციალურ სამსახურს და კარლი ვიქტორიაზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ეს სულაც არ იყო გასაკვირი - სამი დღით ადრე სოცმუშაკმა უთხრა, რომ მუნიციპალიტეტი მათ კარგ საცხოვრებელს გადასცემდათ, თუ ვიქტორიას საფრთხე დაემუქრებოდა.
მარია ტერეზა სოციალურ სამსახურში ვიქტორიასთან და კარლთან ერთად მივიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ბინის მიღებამდე ვიქტორიას სამედიცინო გამოკვლევა და კარლის დაკავება მოხდებოდა, ბრალდება უკან გაიტანა. სოციალური სამსახურის უფროსმა კიდევ ერთი შეხვედრა დანიშნა, მანამდე კი ლიზას, სოციალურ მუშაკს, მენინგის ბინაში რამდენიმე ვიზიტი დაავალა.
გოგონა კეთილსინდისიერად ცდილობდა თავისი მოვალეობების შესრულებას, მაგრამ მარია ტერეზასთან კონტაქტზე ვეღარ გადიოდა. ურეკავდა, წერდა, შეტყობინებებს უტოვებდა და სამსახურის შემდეგაც აკითხავდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეხვდა. მან არ იცოდა, რომ მარია ტერეზა და ვიქტორია იმ სახლიდან წავიდნენ.
ვიქტორიამ სიცოცხლის მომდევნო თვეები ჯოჯოხეთში გაატარა. გოგონას აშიმშილებდნენ და მუდმივად აწამებდნენ, სცემდნენ, მასზე სიგარეტის ნამწვებს აქრობდნენ და კვლავ აბაზანაში, შავი ნაგვის პარკში ეძინა.
რაღაც მომენტში მარია ტერეზამ გადაწყვეტა, რომ ვიქტორიას მდგომარეობა ეშმაკისეულია და 2000 წლის 24 თებერვალს გოგონა ეკლესიაში წაიყვანა. თუმცა, ეშმაკის განდევნის ნაცვლად, მორწმუნეებმა ბავშვის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაყვანა აიძულეს.
25 თებერვალს სოციალური სამსახურის უფროსმა, რომელმაც ვერ შეძლო მარია-ტერეზასა და ვიქტორიასთან დაკავშირება, მათი საქმე დახურა. იმავე დღეს, 15:30 საათზე, ლონდონის საავადმყოფოში ექიმებმა რვა წლის გოგონას გარდაცვალება დაადასტურეს.
მეორე დღეს, 26 თებერვალს, პოლიციამ მარია ტერეზა კვაო და კარლ მენინგი დააკავა. ცხრა თვის შემდეგ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ და 2001 წლის 12 იანვარს დამნაშავედ ცნეს ვიქტორია კლიმბის მკვლელობაში. ორივეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
თუმცა საქმე არ დახურულა – შემდგომმა აუდიტმა ცხადყო, რომ სოციალურ სამსახურებს თერთმეტჯერ ჰქონდათ შანსი, ვიქტორიას სიცოცხლე გადაერჩინათ, მაგრამ არც ერთი არ გამოიყენეს. ბიუროკრატიამ, გულგრილობამ და დაუდევრობამ გამოიწვია ის, რომ რვა წლის გოგონა წელიწადნახევრის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი ჰიპოთერმიისგან, შიმშილისა და დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
ვიქტორია კლიმბის შემთხვევა იყო იმპულსი, რომელმაც მთლიანად შეცვალა გაჭირვებული ბავშვების დახმარების ბრიტანული სისტემა. გამკაცრდა სოციალური სამსახურების მუშაობის პროტოკოლები და ახლა მათ მუშაობას სერიოზულად აკონტროლებენ.
ვიქტორიას დედა, ბერტა, ქალიშვილს ტკივილით იხსენებს. ბევრმა ქალს დაადანაშაულა ის გოგონას გაშვების გამო, თუმცა აფრიკულ ოჯახებში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან მშობლებს სურთ, რომ მათ შვილებს კარგი განათლება და უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.