დინა აზიზოვას ისტორია ჩელიაბინსკის ქალაქ უსტ-კატავადან 2019 წელს გახმაურდა. სწორედ მაშინ გაიქცნენ სახლიდან მისი შვილები - 20 წლის დინარა, 15 წლის დავითი და 11 წლის დიანა. როგორც ცნობილია, ისინი დედას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარესამყაროსთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევდა. მოგვიანებით ბავშვებმა ჟურნალისტებს თავიანთი 11-წლიანი ტყვეობის შესახებ უამბეს.
მეზობლებმა ან არ იცოდნენ, რა ხდებოდა 4-მეტრიანი მაღალი ღობის მიღმა, ან თვალს ხუჭავდნენ. მეურვეობის ორგანოებიც არაპროფესიონალურად მოიქცნენ და არაფერი გააკეთეს, როცა შვილების დედა ბევრ საეჭვო ქცევაში იყო შემჩნეული. თანასოფლელების ჩვენებიდან გაირკვა, რომ სოფლის ზოგიერთ მცხოვრებს ღობის მხრიდან ყვირილიც ესმოდა, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია. საბოლოოდ, შვილები უფროსი დის დახმარებით დედისგან გაიქცნენ და ახლახან 24 წლის დინარამ წამებაში გატარებული წლებისა და გაქცევის შესახებ ჟურნალისტებს უამბო.
უსტ-კატავში გადასვლამდე ოჯახი პატარა სოფელში ცხოვრობდა. მეზობლებმა იქედანვე შეამჩნიეს დინა აზიზოვას უცნაური ქცევები. დინარა 6 წლის იყო, როცა დედამ თმა გაუქერავა. ზოგიერთმა ნაცნობმა შეარცხვინა ბავშვების დედა და შენიშვნა მისცა. დინარა ვარაუდობს, რომ სწორედ მეზობლების მხრიდან ათვალწუნება იყო მათი ქალაქში გადასვლის მიზეზი. მართლაც, უსტ-კატავში არავინ აქცევდა ყურადღებას დინა აზიზოვას უცნაურობებს.
თავდაპირველად ოჯახი კორპუსში ცხოვრობდა, შემდეგ კი კერძო სახლში გადავიდნენ, რომელსაც მშობლებმა მაღალი ღობე ამოუშენეს. უცნაური ამბები კორპუსშივე დაიწყო, როდესაც დინარა 8 წლის იყო. გოგონას მეორე კლასის დასრულების შემდეგ სკოლაშიც აღარ უვლია.
ბავშვებს სასეირნოდ გასვლის უფლება არ ჰქონდათ, შეეძლოთ მხოლოდ სასურსათო მაღაზიაში წასულიყვნენ და იქედან აუცილებლად მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. 2012 წელს, როცა კერძო სახლში გადავიდნენ, ბავშვებს ეზოში გასვლაც კი აეკრძალათ.
დინა აზიზოვა თავისი ქმედება იმით ხსნიდა, რომ სახლის გარეთ ბავშვებს აუცილებლად რაღაც დაემართებოდათ, ამიტომ არსად უშვებდა. ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში, არც კლინიკაში და არც თანატოლებთან ურთიერთობდნენ. დედა თვალყურს ადევნებდა სატელეფონო ზარებს და მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ აძლევდა პლანშეტის გამოყენების უფლებას. მათ არც ტელევიზორი ჰქონდათ, ბავშვები მულტფილმებს DVD-ზე უყურებდნენ. ქალის ქმედებებში არანაირი ლოგიკა არ იყო და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. დინამ შთააგონა ბავშვებს, რომ მათი ღობის მიღმა საშიში სამყარო იყო, მაგრამ სინამდვილეში ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე სწორედ სახლში ემუქრებოდა.
დინა ბავშვებს კვირების განმავლობაში არ აძლევდა დაბანის საშუალებას, აშიმშილებლდა და შეეძლო ღამის 4 საათამდე აეკრძალა დაძინება. ნებისმიერი დანაშაულისთვის დედა ბავშვებს სჯიდა და სცემდა. ყველაზე მეტად დინარას ხვდებოდა, რადგან მოზარდი იყო და ასეთი მოპყრობას აპროტესტებდა.
ერთ პერიოდში დინარამ შეამჩნია, რომ ძმას კუზი ეზრდებოდა (ბიჭი ზოგადად ცუდად იყო) და დედას უთხრა, რომ ექიმთან კონსულტაცია სჭირდებოდა. ამაზე ქალმა უპასუხა: თუნდაც დაინვალიდდეს, სახლიდან ვერ გავა.
ბავშვები ძირითადად პურსა და ჩაის მიირთმევდნენ. ხანდახან პური თავდებოდა და სანამ ახალს გამოაცხობდნენ ან იყიდიდნენ, დინარას ახსოვს, როგორ კრეფდნენ ის და მისი და-ძმა ნამცეცებს.
ზაფხულში საკვები უფრო მრავალფეროვანი იყო იმ ხილის წყალობით, რომელიც ბაღში მოჰყავდათ. კვირაში ერთხელ ბავშვებს დღესასწაული ჰქონდათ - მაკარონი პომიდვრით. თვეში ერთხელ - ქათამი. რამდენჯერმე დინარამ სახლიდან გასვლა და მაღაზიაში წასვლა სცადა, თუმცა ამის გამო სასტიკად დაისაჯა. დედამ ადგილზე რამდენიმე კამერა დაამონტაჟა, რომლებმაც უფროსი ქალიშვილის გაქცევა დააფიქსირეს.
„მახსოვს, ბოლოს რომ ქამრის ბალთით მცემა, თავი გამიტეხა. შემდეგ კი ვერანდაზე დამსვა, მანქანის ზეთი დამასხა და სახლის ზღურბლზე დაძინება მაიძულა. დილისთვის სისხლი და მანქანის ზეთი ერთად შემახმა და მხოლოდ საღამოს მომცა დაბანის საშუალება “, - იხსენებს დინარა.
ქალს შვილებზე მეტად თავისი ძაღლი, გრეი უყვარდა. ყოველდღიურად ქათმის გულ-ღვიძლს აჭმევდა. ბავშვებმა სცადეს, ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები ჩუმად ეჭამათ, მაგრამ ამას სასჯელი მოჰყვა. პარალელურად მაცივარსა და საკუჭნაოში საჭმელი იდო, ოღონდ ჩაკეტილი ჰქონდა.
დინას უფროსი ქალიშვილიშვილის თქმით, მამა ვერ ამჩნევდა იმ სიგიჟეს, რაც ოჯახში ხდებოდა. გოგონას თქმით, დედა ძალიან ოსტატურად იქცეოდა. მამა ბევრს მუშაობდა და დინამ ბავშვებისთვის ყველა წამებას მაშინ იგონებდა, როცა ქმარი შინ არ იყო. მოგვიანებით კაცმა ცვლებში დაიწყო მუშაობა, რადგან ცოლი გამუდმებით უფულობაზე ჩიოდა. როგორც დინარა იხსენებს, დედამისი სპეციალურად უთანხმდებოდა ქმრის უფროსებს, რათა მისი მორიგეობა ერთმანეთზე გადაბმულიყო. რაღაც მომენტში აზიზოვამ უბრალოდ გააგდო ქმარი სახლიდან, მაგრამ მისგან ბავშვების შესანახად ფულს მაინც სთხოვდა.
ირკვევა, რომ დინას შვილებს კიდევ ჰყავდა უფროსი და, დილარა, რომელიც ამ ამბებიდან დიდი ხნით ადრე ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა დღეში იყვნენ მისი და-ძმანი, თუმცა ერთ დღეს დილარას რაღაც ეჭვები გაუჩნდა და მეურვეობის ორგანოებს დაუკავშირდა. შესამოწმებლად მოვიდნენ, მაგრამ დედამ მოატყუა, რომ ბავშვები ინვალიდები, ყრუ-მუნჯები იყვნენ და ყალბი მოწმობებიც კი აჩვენა. შემწმებაზე რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ ყოველ ჯერზე დინა ყველას მოტყუებას ახერხებდა. შედეგად, მეურვეობის ორგანოებმა ოჯახს თავი დაანებეს.
დარინამ გაქცევაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როცა შეამჩნია, რომ დედამისი სახლში ცულით და დანით დადიოდა. გოგონამ აღიარა, რომ შეეშინდა, დედას ყველანი არ დაეხოცა.
„ერთხელ მითხრა, რომ თუ გავიქცეოდი, ჩემს და-ძმას დახოცავდა და თავს მოიკლავდა“, - ამბობს დარინა.
ბოლოს ბავშვებმა ვერ გაუძლეს ასეთ საპყრობილეს და გაიქცნენ. დინა აზიზოვამ დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება პოლიციაში. ბავშვები იპოვეს, მაგრამ მათ სახლში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ დინამ სახლს ცეცხლი წაუკიდა და დაპირებისამებრ, თავი მოიკლა.
ახლა დინარა გათხოვილია და შვილს ელოდება - 6 თვის ორსულია. გოგონა ძმასა და დაზე ზრუნავს. იგი აღიარებს, რომ ხანგრძლივი იზოლაციისა და განათლების არარსებობის გამო ძალიან წვალობს. უჭირს ელემენტარულ დოკუმენტებთან, საბანკო ბარათებთან გამკლავება. ბევრი რამ კი მისთვის სრულიად უცხოა.