სიყვარულის დღეს, სხვადასხვა დღესასწაულის დროს წყვილები, როგორც წესი, ერთმანეთს საჩუქრებს უკეთებენ. ზოგიერთისათვის ეს საჩუქარი დასამახსოვრებელი და ორიგინალურია, ზოგი კი ტრადიციულ გზას ირჩევს და მეუღლეს ისეთ საჩუქარს უკეთებს, რომელიც უკვე ბევრჯერ აჩუქა. მამაკაცები ყველაზე სასურველი და ამავდროულად, ყველაზე ცუდი საჩუქრების შესახებ საუბრობენ, რაც ქალებისაგან მიუღიათ.
მამაკაცები ხშირად ხუმრობენ, რომ მათი მეუღლეები ტრუსებსა და წინდებს ჩუქნიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საჩუქრით აღფრთოვანებულები არასოდეს არიან. ამას თავისი ლოგიკა აქვს. ჯერ ერთი, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ მამაკაცები უპირატესობას პრაქტიკულ ნივთებს ანიჭებენ და მეორეც, საჩუქარი ბიუჯეტზეა დამოკიდებული - მინიმალური თანხით ბევრი ვარიანტი არ არის. ამასთან, ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ ბრენდი და მაღალი ხარისხი არც ისე მნიშვნელოვანია – მამაკაცებს ასეთი საჩუქრები არ მოსწონთ.
კიდევ ერთი პოპულარული საჩუქარია მაისური, პერანგი ან სვიტერი. ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ნეიტრალური საჩუქარია. ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს განსაკუთრებით არ მოეწონოს, ან აღფრთოვანდეს. სასაჩუქრედ გამოდგება... სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ხშირად თავიანთ სახალისო ისტორიებს იხსენებენ და დიდ გამოხმაურებასაც იწვევენ. დღეს რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ:
სანდრო, 28 წლის:
"მე და ჩემი შეყვარებული მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და მან სპორტული მაისური მაჩუქა, რადგან ვვარჯიშობ და სპორტდარბაზში რეგულარულად დავდივარ. მაისური მომეწონა".
საჩუქრის ყიდვისას გოგონები ხშირად ხელმძღვანელობენ იმით, რისი ნახვაც თავად სურთ საყვარელ ადამიანებზე, და არა იმით, რასაც მამაკაცი ჩვეულებრივ ატარებს. თუმცა, ფერადი პერანგები ყველას არ მოსწონს...
გიორგი, 35 წლის:
"გოგონამ 14 თებერვალს შინდისფერი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი სვიტერი მაჩუქა. მისი ჩაცმა არ მინდოდა, არ იყო ჩემი სტილი. თავისუფალი ტანსაცმელი მომწონს, ეს კიდევ მჭიდროდ მქონდა. კარადაში ჩავდე და აღარ ამომიღია."
მაღალი ხარისხის, დახვეწილი ფეხსაცმელი მამაკაცის გარდერობში ზედმეტი არასოდესაა:
ნიკოლოზი, 45 წლის:
"დაბადების დღეზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მაჩუქეს - რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა! საერთო ჯამში, ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი ან კლასიკური ფეხსაცმელი ყოველთვის კარგი საჩუქარია."
ხშირად ამბობენ, რომ საყვარელი ადამიანისთვის საათის ჩუქება განშორების ნიშანია. თუმცა, საათი ერთ-ერთი პოპულარული საჩუქარია. ქალები სწორედ მას ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ძნელია იმის გამოცნობა, რა მოეწონება ადამიანს. ხარისხიც და ფასიც შედარებითია.
სერგი, 27 წლის:
"ჩემი ყველაზე ცუდი საჩუქარი საათი იყო, ახლა არ მახსოვს, ჰუგო ბოსი იყო თუ არმანი. რეპლიკა იყო. არმანის ტარება ჩემთვის ცუდი მანერაა. გარდა ამისა, მე მაინც უფრო მაღალი ფასის კატეგორიის საათებს ვანიჭებ უპირატესობას."
ბევრი ქალი სტერეოტიპულად ფიქრობს, რომ მამაკაცებს მხოლოდ საათი მოსწონთ, თუმცა ორიგინალური, ხელნაკეთი აქსესუარები მათ ყურადღებას ხშირად იპყრობს:
საბა, 26 წლის:
"ჩემთვის კარგი საჩუქარი იქნება ისეთი რამ, რასაც თავად არ ვიყიდდი, ან ფული დამენანებოდა. მაგალითად, არ ვაპირებ საათისათვის მოდური სამაჯური შევიძინო. ან ვერცხლის სამკაულები ვიყიდო. მაგრამ, თუკი ვინმე მაჩუქებს, სიამოვნებით ვცდიდი და მოვირგებდი."
გია, 32 წლის
"ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა 14 თებერვალს სამაჯური მომიქსოვა... არ აღვფრთოვანდი. ჩვენ ხომ 15 წლისები არ ვიყავით."
მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ისეთი საჩუქრები, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს, რომლებიც მათ ჰობის, ინტერესებს უკავშირდება, იქნება ეს თევზაობა, რაიმეზე დაკვრა, ფეხბურთი თუ სხვა, უფრო მეტად გააბედნიერებთ, რადგანაც ჩათვლიან, რომ ქალებმა მათზე იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ გაეხარებინათ:
დავითი, 38 წლის:
"ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი ტელესკოპი და გიტარა იყო."
ლევანი, 55 წლის
"50 წლის იუბილეზე ჩემმა მეუღლემ ლამაზი დანა მაჩუქა, რომელსაც გრავირებით ჩემი სახელი ჰქონდა გაკეთებული. დანების კოლექცია მაქვს და ეს ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი იყო."
როგორც წესი, მამაკაცებს ტექნიკა ძალიან უყვართ. თუმცა, მაგალითად, ყურსასმენების შეძენისას, ჯობს მოდელი, ბრენდი და სასურველი ვიზუალი წინასწარ შევამოწმოთ.
თემო, 39 წლის
"ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ შავი, უკაბელო ყურსასმენი მოეტანა. კონკრეტული ბრენდიც ვუთხარი, თუმცა საპირისპირო მომიტანა. არ მომეწონა და სულ რამდენჯერმე გამოვიყენე. მალევე თავად გაფუჭდა."
მამაკაცებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჩუქარი, ალბათ, თავგადასავლების მოწყობაა. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ სერფინგის სწავლა, პარაშუტიდან გადმოხტომა, ექსტრემალური სპორტის რომელიმე სახეობა მათთვის ძალიან საინტერესოა.
"ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი თავგადასავლებია. ჩემმა მეგობარმა გოგონამ პარაშუტით გადმოხტომა შემომთავაზა. ყველაფერი დაგეგმა, ბილეთებიც იყიდა. ყველაზე კარგი მოგონება იყო."
ლადო, 34 წლის
"ერთხელ ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა სპა ცენტრის აბონემენტი მაჩუქა. ყველაზე ცუდი საჩუქარი იყო, რადგანაც მე მსგავსი დასვენება არ მომწონს. სამაგიეროდ, თავად ძალიან კარგად გაერთო..."
ზოგიერთი გოგონა განსხვავებულ საჩუქარს იმიტომ ირჩევს, რომ საყვარელი ადამიანი გაამხიარულოს, ან მასზე ზრუნვა გამოხატოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ მათი მონდომება მამაკაცების მხრიდან არც ისე დაფასებულია...
"მანქანისთვის ფულს ვაგროვებდი. ჩემმა შეყვარებულმა ყულაბა მაჩუქა, რომელშიც ფულს შევინახავდი. ყულაბა ლამაზი იყო, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენე..."
ამიტომაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ჯობს, ადამიანების საჭიროებებზე, სურვილებსა და ინტერესებზე კარგად დავფიქრდეთ. ის საჩუქარი, რომელიც ჩვენს ჰობისა და ინტერესებს უკავშირდება, ყოველთვის გვაბედნიერებს, თუნდაც ეს ძალიან სიმბოლური და იაფფასიანი იყოს.