როდესაც მაზოხიზმის შესახებ გვესმის, მაშინვე წარმოვიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ტკივილისა და დამცირებისგან სიამოვნებას იღებენ. თუმცა, მაზოხიზმის კონცეფცია ბევრად უფრო ფართოა. მაზოხისტებს შორის ის ადამიანებიც მოაზრებიან, რომლებიც თმენა და წვალებას ცხოვრების წესად მიიჩნევენ.
წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ადამიანი, მაგალითად შუახნის ქალი. ყოველდღე მიდის სამსახურში, სადაც შეიძლება 2-3 ადამიანის საქმეს ითავსებდეს, შემდეგ სახლში მიდის, ამზადებს, ალაგებს, ასუფთავებს, რადგან მის გარდა ამას სხვა არავინ გააკეთებს. საკუთარი თავისთვის დრო არ აქვს - მუდმივად დაკავებულია, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს და ბევრი ადამიანის კომფორტია მასზე დამოკიდებული.
მაზოხისტი არის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ არც მის სურვილებს აქვს მნიშვნელობა და არც მოთხოვნილებებს. ერთადერთი, რაც მან იცის, არის წვალება სხვა ადამიანებისთვის და სიამაყე, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერი უკეთებია და სხვებისთვის ცხოვრობდა.
ჩვენი მრავალი პრობლემის მსგავსად, მაზოხიზმიც ბავშვობიდან იღებს ფესვებს. მშობლები, რომლებიც არ არიან მზად შვილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აგრძნობიბენ მას, რომ რაღაცის ნდომა და სურვილების ასრულება მიუღებელია. ფიზიკურად კი ბავშვის ტვინი იღებს სიგნალს „არ მოითხოვო“, „დაკმაყოფილდი იმით, რაც გაქვს“, „აკეთე ის, რასაც გეუბნებიან“.
მცირეწლოვან ბავშვებს მშობლების მხარდაჭერა და სიყვარული, ფაქტობრივად, გადარჩენისთვის სჭირდებათ. ამიტომ, ბავშვი, რომელიც ზემოხსენებულ „მესიჯებს“ იღებს, იწყებს ფიქრს, რომ თუ ის მოითმენს, გაჩუმდება, ისე მოიქცევა, როგორც სხვებს სურთ, აუცილებლად შეიყვარებენ. მაგრამ ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება. ბავშვი იზრდება და მთელ ცხოვრებას სხვა ადამიანებს არგებს.
ის თავს ოჯახს და ახლობლებს უძღვნის იმ იმედით, რომ სანაცვლოდ აღიარებას მიიღებს. თუმცა, სხვები სულაც არ ითხოვენ მისგან მსხვერპლს და შეიძლება გაკვირვებულნიც კი დარჩენენ, თუ როდესმე სამაგიერო მოითხოვა მათგან. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მაზოხისტის ტანჯვას და ამასაც ნორმად ჩათვლის.