"მშობელმა 15-16 წლის შვილს რჩევა-დარიგება ყოველთვის უნდა მისცეს, მაგრამ როგორც ნინა იქცევა, ეს მიუღებელია..." - "ტასოს" ცხოვრება სერიალში და მის გარეთ - მშობლები

"მშობელმა 15-16 წლის შვილს რჩევა-დარიგება ყოველთვის უნდა მისცეს, მაგრამ როგორც ნინა იქცევა, ეს მიუღებელია..." - "ტასოს" ცხოვრება სერიალში და მის გარეთ

2024-02-22 14:54:24+04:00

"მას არ უყვარს საკუთარი განცდების გამომზეურება. მოუსვენარი და აქტიურია. ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს, ზოგჯერ ცინიკოსია. თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. უჭირს შეცდომების აღიარება. უყვარს საიდუმლოებების შენახვა. ზოგჯერ უსაფუძვლო შიშები აწუხებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი ქეთა ორბელაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის მიმართ ინტერესი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ სფეროში ღრმად ჩახედული ვარ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ნიშნის დახასიათება ჩემს ხასიათს ემთხვევა და პროგნოზიც მართლდება.

- დღის რა მონაკვეთში ხარ დაბადებული? ასტროლოგები თვლიან, რომ დღის საათებში დაბადებულ ადამიანებს, ღამე დაბადებულებთან შედარებით, მშვიდი ცხოვრება აქვთ.

- გამთენიისას ვარ დაბადებული. შეიძლება ითქვას, რომ ასეა, პიროვნულადაც ძალიან მშვიდი ვარ.

- "საზოგადოების ნდობას მარტივად იმსახურებს".

- არაერთხელ უთქვამთ, რომ მენდობიან, იმედს არავის ვუცრუებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული ვარ.

- "მოუსვენარი და აქტიურია".

- ბავშვობაში უფრო მეტად მოუსვენარი ვიყავი, ვიდრე - დღეს. რაც შეეხება აქტიურობას, ამ ნაწილში ასტროლოგებს ბოლომდე ვეთანხმები.

- ქეთა, პერიოდულად მაინც თუ გაქვს განცდა, რომ ადამიანებს შენი ნაკლებად ესმით?

- არც ოჯახში და არც სამეგობრო წრეში, არ მაქვს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი ემოციების გამოხატვა ვერ შევძლო და სწორად ვერგაგების ალბათობა არსებობდეს. თანაგრძნობა, რომელიც ადამიანებისგან მაქვს, შეიძლება ზედმეტიც (კარგი გაგებით) კი იყოს.

- შრომისმოყვარე ხარ?

- ვარ, მაგრამ არა გადაჭარბებულად. მიზანს თუ დავისახავ, ყველანაირად ვეცდები, იმ მიზნამდე მივიდე. როცა ვინმე რამეს დამავალებს და ის რაღაც ჩემს ინტერესებში არ შედის, შეიძლება ამ დროს საქმეს თავი არ შევაკლა, არ დავისტრესო.

- "მას ზოგჯერ უსაფუძვლო შიშები აწუხებს".

- ახლა აბიტურიენტი ვარ, გამოცდებისთვის ვემზადები და სულ ვფიქრობ, როგორ წარმოვაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს, როგორ ჩაივლის გამოცდები. მგონი, ამ ეტაპზე ეს ღელვა ნორმალურია. სხვა შემთხვევაში, უსაფუძვლო ნერვიულობა და შიშები არ მახასიათებს.

- პროფესიულ არჩევანზე რას იტყვი?

- წლებია საერთაშორისო სამართალი მაინტერესებს. ადრეულ ბავშვობაში ვიზაჟისტობა მინდოდა, გადაღებების დროს, მაკიაჟის გაკეთებას რომ ვუყურებდი, ვგიჟდებოდი, ეს საქმე ისე მომწონდა. რომ წამოვიზარდე, ინტერესი შემეცვალა, კანონებით, საერთაშორისო სამართლით დავინტერესდი.

- მსახიობობის სურვილი არასდროს გქონია?

- მსახიობობა ყოველთვის იქნება ჩემში, როგორც პირველი პროფესიული გამოცდილება, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს საქმე პროფესიად ამერჩია. საქართველოში სათანადოდ დაფასებულიც არ არის, რაც ძალიან ცუდია.

- სერიალთან დაკავშირებით გკითხავ. შენი პერსონაჟის ცხოვრებაში ახალი ეტაპია, შეყვარებული გოგოს თამაში საინტერესოა?

- ყველაფერი ახალი პერსონაჟისთვის საინტერესოა. ტასოს ცოტათი დაჩაგრული ცხოვრება ჰქონდა, არც მეგობრებში უმართლებდა, არც - ბიჭებში. ახლა თავისიანი იპოვა, მასთან ჰარმონიაშია და ბედნიერია.

- გივიკო ხახიძე როგორი პარტნიორია?

- ძალიან, ძალიან კარგი. გივიკოსთვის ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ვაგრძნობინებ, რომ მასთან მუშაობა მსიამოვნებს. ჩვენ შორის არანაირი დაძაბულობა არ არის, ძალიან კარგი მეგობარია, კარგი მსახიობია. გივიკოს ადგილზე ცოტათი სხვაგვარი ბიჭი რომ ყოფილიყო, ასე გულიდან გადმოსული გრძნობის გამოხატვას ვერ შევძლებდი.

- მშობლები შენს არჩევანში ერევიან. ეს რა განცდაა?

- მშობელმა 15-16 წლის შვილს რჩევა-დარიგება ყოველთვის უნდა მისცეს, მაგრამ როგორც ნინა იქცევა და რასაც აკეთებს, ეს მიუღებელია. რადგან მისი შვილი, ბიჭის მშობლებს არ მოსწონთ, ამის გამო ურთიერთობის დაშლა არასწორი მგონია. არასწორია, რომ ნინა ამ ურთიერთობის დასაშლელად ათას მიზეზს იგონებს, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. ძალიან კარგად იცის, რომ დაჩი კარგი ბიჭია. ტასოს და ნინას დედაშვილობა ასე დაძაბულ მდგომარეობაში შეიძლებოდა არ გადასულიყო.

- მსგავსი ფაქტი შენს რეალურ ცხოვრებაში რომ ხდებოდეს, როგორ მოიქცეოდი?

- დედაჩემისგან ნინასნაირ ქცევას ვერ ვუშვებ. ტასოს დღეში არასდროს აღმოვჩნდები.

- ამ პერსონაჟთან ერთად გაიზარდე, ტასო შენთვის ვინ არის?

- ტასო არის გოგო, რომელიც ყველგან დამყვება. მისგან სრულიად განსხვავებული ვარ, მაგრამ ზოგჯერ ჩემს ცხოვრებაში ტასოს ქცევები "გამოხტება" ხოლმე. მას ვერავინ უგებს. ყველა ამბავში, რომელიც თავს გადახდა, მართალი იყო. უნდოდა თავი დაეცვა და ყოფილიყო ბედნიერი. ძალიან თბილია, მოსიყვარულე და სასწაულად მიზანდასახული. მისი ერთადერთი უარყოფითი ის არის, რომ ადამიანების ნდობა მარტივად შეუძლია. თავად რომ ცუდად არ იყოს, ადამიანების სწორად არჩევა უნდა შეეძლოს. ტასო ძალიან მიყარს, მაგრამ ხანდახან მისი არც მე მესმის. მაგალითად, არ მიყვარს, როდესაც შვილი მშობელს მაღალი ტონით ესაუბრება, ცუდად ეპყრობა. ნინამ ახლა დაიმსახურა კი არა, ისეთი დედა გახდა, დამსახურებაზე მეტი გააკეთა, მაგრამ წინა სეზონებზე იყო ასეთი რამდენიმე მომენტი, როცა ტასომ ხმას აუწია და მაშინ ვამბობდი, მე ტასოსნაირი არ ვარ. იხილეთ სრულად

ვინ არის დაჩი ჩცდ-დან - ცნობილი მსახიობის შვილის გზა თეატრიდან კინომდე