დააპატიმრეს მრავალშვილიანი ბლოგერი, რომელიც სხვებს შვილების აღზრდას ასწავლიდა, სინამდვილეში ბავშვებზე ძალადობდა და სასტიკი მეთოდებით სჯიდა - მშობლები

დააპატიმრეს მრავალშვილიანი ბლოგერი, რომელიც სხვებს შვილების აღზრდას ასწავლიდა, სინამდვილეში ბავშვებზე ძალადობდა და სასტიკი მეთოდებით სჯიდა

2024-02-26 16:13:45+04:00

ცოტა ხნის წინ სასამართლომ რუბი ფრანკეს ბავშვებზე ძალადობისთვის 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამ ისტორიამ კი უამრავი ადამიანი ააღელვა.

2023 წლის 30 აგვისტოს პოლიციაში, იუტას შტატში ზარი შევიდა. ქალი ამბობდა, რომ რუბი ფრანკეს მეზობელი იყო. აღნიშნავდა, რომ მის გვერდით რუბის ერთ-ერთი შვილი იყო. ბიჭი ტიროდა, მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა და ფიზიკურად ცუდად გამოიყურებოდა. ადგილზე მისულმა ექიმებმა ნეკნების მოტეხილობისა და თოკით დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს...

1-1708950128.jpg
რუბი ფრანკე შვილთან ერთად

ბლოგერის შვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიცია კი რუბი ფრანკეს სახლში მივიდა. იუთუბერის 10 წლის ქალიშვილი მშიერი, მოუწესრიგებელი და უენერგიო იყო და ფეხზე ძლივს იდგა. იმავე მდგომარეობაში იყო კიდევ 2 ბავშვი.

სახლის ჩხრეკისას თოკები, სხვადასხვა ლენტები აღმოაჩინეს, რომლებითაც რუბი ფრანკე საკუთარ შვილებს კოჭავდა და მათზე ძალადობდა. მეტიც, სარდაფში "სადამსჯელო ოთახი" ჰქონდა მოწყობილი და ბავშვებს სასტიკად უსწორდებოდა. სარდაფში მხოლოდ იატაკზე დაგდებული საწოლი და ცარიელი კარადა იყო და თუ რომელიმე ბავშვი ცუდად მოიქცეოდა, დედა იქ გამოკეტავდა და აიძულებდა, გაუნძრევლად ყოფილიყვნენ და წიგნები წაეკითხათ...

4-1708950155.jpg
რუბი ფრანკეს ვაჟი

ფრანკე და მისი მეგობარი ჰილდებრანდტი დააკავეს და 2024 წლის თებერვალში სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. რუბი 4 მუხლით გაასამართლეს და ჯამში 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათგან ერთ-ერთი მუხლი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. როდესაც მოსამართლემ სიტყვა მისცა, ბლოგერმა განაცხადა, რომ ბავშვებს მხოლოდ საუკეთესოს უსურვებს...

skynews-ruby-franke-youtube-6463093-1708971982.jpg

ცნობილი ბლოგერი

რუბი ფრანკე ბლოგერი სრულიად შემთხვევით გახდა. 2015 წელს იყო ასეთი ტენდენცია - რიგითი ამერიკელები საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ ვიდეოებს იღებდნენ და იუთუბზე ტვირთავდნენ. ვიდეოები შეეხებოდა ყველაფერს - მაგალითად, როგორ მიდიოდნენ საყიდლებზე, რას აკეთებდნენ სახლში, როგორ ემზადებოდნენ მნიშვნელოვანი დღეებისთვის და ასე შემდეგ.

3-1708950181.jpg
რუბი ფრანკეს შვილები

რუბი ფრანკემ საკუთარ ბლოგს "რვა მგზავრი" დაარქვა, რადგანაც ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობდა - მშობლები და 6 შვილი... თავდაპირველად, მის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაგრამ შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი მრავალშვილიან დედობაზე, ყოველდღიურობაზე, ბავშვების საჭიროებებზე. იღებდა ვიდეოებს, მაგალითად, როგორ მიდიოდა მთელი ოჯახი პიკნიკზე, როგორ ემზადებოდნენ ჰელოუინისთვის, ახალი წლისთვის... სახალისო კადრებს, სადაც, ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახი იყო ასახული ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

ბლოგი ვითარდებოდა, რუბი საკუთარ თავს უფლებას აძლევდა, სხვა მშობლებისათვის რჩევები გაეზიარებინა. მაგალითად, ეუბნებოდა, რა წიგნები უნდა წაეკითხათ მათ შვილებს სხვადასხვა ასაკში, როგორი საკვები უნდა აერჩიათ, რა ტიპის ტანსაცმელი და ასე შემდეგ.

6-1708950207.jpg
რუბი ფრანკეს შვილები

ვიდეოებში ქალი ყოველთვის მოღიმარი, "მოსიყვარულე" დედა იყო და მაყურებელიც დიდ პატივს სცემდა.

"ყველა ოცნებობს, ჩვენნაირი იყოს", - თავდაჯერებულად განაცხადა YouTube არხის "რვა მგზავრის" მფლობელმა.

პარალელურად, მკითხველებს სხვადასხვა შეკითხვა უჩნდებოდათ. მაგალითად, ერთ დღეს ქალმა განაცხადა, რომ შვილს სკოლაში ლანჩი არ გაატანა და ეს მისი არჩევანი იყო. ზოგი მის ქცევას აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ბავშვის მთელი დღით მშიერი დატოვება დანაშაული იყო. ზოგი მის მიდგომას იზიარებდა და აღნიშნავდა, რომ ბავშვი ამ გზით საკვებს უფრო დააფასებს და გაკვეთილს მიიღებს.

გამომწერთა რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდებოდა და მონეტიზაციის პოლიტიკით, რუბი ფულსაც შოულობდა.

10-1708950237.jpg
რუბი ფრანკეს ვაჟები

სადამსჯელო მეთოდები

2020 წელს რუბი კიდევ ერთხელ მოექცა სკანდალის ეპიცენტრში. მან თქვა, რომ 7 წლის შვილი, იმის გამო, რომ მან ძმას მოატყუა, დასაჯა და იატაკზე დააძინა... როგორ ფიქრობთ, რამდენი ხნით დასჯიდა შვილს და საკუთარ საწოლზე უარს ათქმევინებდა? არც მეტი და არც ნაკლები, 7 თვით...

ამავე ვიდეოში კიდევ ერთი სიმართლე გამოიკვეთა: დაუმორჩილებლობისთვის რუბიმ და მისმა ქმარმა კევინმა შვილებს წაართვეს გაჯეტები. მაგალითად, ერთ-ერთ შვილს, ჩადის, ტელეფონი ერთი წლით წაართვეს.

14-1708950269.jpg
რუბი ფრანკე ქმართან, კევინთან ერთად

ჩადი ტიროდა და ამბობდა, რომ ტელეფონი თანაკლასელებთან კომუნიკაციაში განსაკუთრებით ეხმარებოდა და ამის გამო მეგობრები დაკარგა.

"თუკი სახლში ბავშვებს რაიმეს ჩამოვართმევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გზით გვსურს, მათ ვაჩვენოთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობები აქვთ და შესაბამისად უნდა მოიქცნენ." - განმარტავდა ბლოგერი.

კიდევ ერთ ვიდეოში რუბი ქალიშვილს ემუქრებოდა, რომ თუ სახლში ნივთების გაფუჭებას არ შეწყვეტდა, მის საყვარელ თოჯინებს თავს მოაჭრიდა...

ერთი შემთხვევის დროს, როდესაც რუბიმ შვილს დასჯის მიზნით ჭამა აუკრძალა, სხვა მშობლები აღშფოთდნენ და მის მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვეს. ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც 17 800-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. ქალმა მოგვიანებით ეს ვიდეო საერთოდ წაშალა...

12-1708950301.jpg

მალე კონტენტი შეცვალა, ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭოს თანამშრომელი ჯოდი ჰილდებრანდტი მიიწვია და საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოები ჩაწერა. ასევე, მასთან ერთად იუთუბ-შოუ სახელწოდებით ConneXions დაიწყო. თუმცა სწორედ ამ დროს, უფროსმა ქალიშვილმა, 19 წლის გოგონამ, შერიმ, დედასთან ურთიერთობა საერთოდ შეწყვიტა, ConneXions-ის საქმიანობას კი სექტანტური უწოდა.

გოგონა ახლა ამბობს, რომ წლების განმავლობაში პოლიციისა და სოციალური სამსახურის ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ, მაგრამ არავინ დაეხმარა.

mtavari-poto-1708950113.jpg

ქალის მეზობლებმაც იცოდნენ, რომ ის ბავშვებს აშიმშილებდა და სასტიკი მეთოდებით სჯიდა, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა. ბოლო შემთხვევა კი საბედისწერო აღმოჩნდა და პოლიციას შეატყობინეს...

ბლოგერმა სახლიდან საკუთარი ქმარიც გააგდო და ამიტომ, კაცს ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია სრულად არ ჰქონია. ახლა სასამართლომ 3 არასრულწლოვან შვილზე მეურვეობა მას გადასცა, სრულწლოვნებმა კი მამასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს. დედის წყალობით, 2 ბავშვი იუთუბერია. თითოეულს 2,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. მამა კი აპირებს, რომ მათ დაეხმაროს და კიდევ უფრო ცნობილი გახადოს.